2024 წლის 11 ივნისს, დემურ გიორხელიძემ Facebook-ის პროფილზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებს, რომ ამერიკის საბაჟოს მონაცემების მიხედვით „რუსეთსა და აშშ-ს შორის ვაჭრობა გაიზარდა 20%-ით და მიაღწია 332 მლნ აშშ დოლარს“.
„მხოლოდ მ/წლის აპრილში, რუსეთის ექსპორტი აშშ-ში გაიზარდა 37%-ით და მიაღწია 298 მლნ აშშ დოლარს. ამასთან, ამერიკული ექსპორტი რუსეთში შემცირდა 48%-ით და მიაღწია 34 მლნ აშშ დოლარს. მთავარი პროდუქცია, რომელსაც რუსეთი აწვდის აშშ-ს: (ა) სასუქები (ზრდა 1,6-ჯერ. 164 მლნ დოლარამდე) (ბ) პლატინა (ზრდა 32-ჯერ, 94,2 მლნ დოლარამდე) და გ) ტურბორეაქტიული ძრავის ნაწილები (ზრდა 3-ჯერ 10,1 მლნ დოლარამდე)“, - ვკითხულობთ პოსტში.
აღნიშნული მტკიცების პირველწყარო კრემლის პროპაგანდისტული მედია „რია-ნოვოსტი“ არის, რომელიც სტატისტიკას „ამერიკის საბაჟოზე“ დაყრდნობით ავრცელებს, თუმცა მსგავსი მონაცემები არა თუ აშშ-ის საბაჟოს და სასაზღვრო დაცვის სამსახურის ვებგვერდზე, არამედ არცერთ ინგლისურენოვან წყაროში, მათ შორის, აშშ-ის ოფიციალური სტრუქტურების ვებგვერდებზე იძებნება.
მონაცემები, რომელიც პოსტის ავტორმა გაავრცელა, მხოლოდ რუსული პროპაგანდისტული მედიების გვერდებზე გვხვდება, როგორიც არის „რია-ნოვოსტი“, „სპუტნიკი“, Lenta.ru, vesti.ru, smotrim.ru და სხვა მრავალი, თუმცა არცერთ მათგანში არის მოყვანილი წყარო, რომელიც სტატისტიკის ვალიდურობას დაადასტურებდა. ამავდროულად, როგორც აღინიშნა, მსგავსი სტატისტიკა აშშ-ის ოფიციალური სტრუქტურების ვებგვერდებზე და სხვა ღია წყაროებში არ იძებნება.
აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო სამსახურის ვებგვერდზე 2022 წლის ვაჭრობის სტატისტიკა არის ასახული, თუმცა სახელმწიფოების მიხედვით არ არის ჩაშლილი, შესაბამისად, არც რუსეთთან ვაჭრობის 20%-იანი და რუსეთიდან პროდუქტის იმპორტის 37%-იანი ზრდა არ არის მოცემული. რუსეთთან ვაჭრობის მონაცემები აშშ-ის ვაჭრობის წარმომადგენლის ოფისის ვებგვერდზე არის განთავსებული, სადაც ვკითხულობთ, რომ 2021 წელთან შედარებით აშშ-დან რუსეთში ექსპორტი 4.7 მილიარდიდან 1.7 მილიარდ აშშ დოლარამდე ჩამოვიდა, ხოლო იმპორტი 29.6 მილიარდიდან 14.4 მილიარდ აშშ დოლარამდე. აშშ-ის სტატისტიკური აღწერის ბიუროს თანახმად, 2023 წელს რუსეთსა და აშშ-ის შორის ვაჭრობა ბოლო ოცი წლის განმავლობაში მინიმუმზე დაეცა, რადგან უკრაინაში სრულმასშტაბიანი აგრესიის გამო მოსკოვი დასავლეთისგან უპრეცედენტო იზოლაციის წინაშე დადგა.
წყარო: Statista
Forbes-ის მიხედვით, რომელიც ასევე აშშ-ის სტატისტიკური აღწერის ბიუროს 2023 წლის მონაცემებს ეყრდნობა, 2021 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 2023 წლის პირველ თერთმეტ თვეში აშშ-ის ექსპორტი რუსეთში 91%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 85%-ით, მთლიანი ვაჭრობა კი 86%-ით. რაც შეეხება 2024 წელს, საერთაშორისო ვაჭრობის მონაცემთა ვიზუალიზაციის ვებგვერდ OEC World-ის მიხედვით, 2024 წლის მარტში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, აშშ-ის ექსპორტი რუსეთში 34.2%-ით, 66.4 მილიონი დოლარიდან 43.7 მილიონ დოლარამდე, ხოლო იმპორტი - 24%-ით, 562 მილიონი დოლარიდან 427 მილიონ დოლარამდე შემცირდა. ჯამში, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი და გაუმართლებელი შეჭრის შემდეგ, აშშ-სა და რუსეთს შორის ვაჭრობაში მკვეთრი კლების ტენდენცია შეინიშნება. აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ წინა წლის იგივე პერიოდის მონაცემებთან შედარებით აღნიშნულ სახელმწიფოთა შორის ვაჭრობა 20%-ით გაიზრდებოდა, რაც არ დასტურდება, ომამდელი პერიოდის ვაჭრობის მაჩვენებლისგან მაინც მკვეთრი სხვაობა დაფიქსირდებოდა.
აქედან გამომდინარე, მტკიცება, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის ვაჭრობა 20%-ით გაიზარდა, მცდარია. აღნიშნული მტკიცება მხოლოდ კრემლის პროპაგანდისტულ მედიების მიერ, სანდო წყაროს მითითების გარეშე გავრცელდა, ხოლო აშშ-ის ოფიციალური სტრუქტურების მონაცემებში და სხვა ღია წყაროებში მსგავს სტატისტიკას არ ვხვდებით. მეტიც, აშშ-სა და რუსეთს შორის ვაჭრობა შემცირების ტენდენციას განაგრძობს.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.