ანრი ოხანაშვილი: ვენეციის კომისიას დააწერინეს, რომ გამჭვირვალობა ცუდია
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანრი ოხანაშვილის განცხადება არის ტყუილი.
ანალიზი: 2024 წლის 21 აპრილს ვენეციის კომისიამ საქართველოში დაინიციირებულ და საქართველოს პრეზიდენტის მიერ ვეტო დადებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე დასკვნა გამოაქვეყნა. 2024 წლის 22 აპრილს კომისიის დასკვნაზე საქართველოს პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“, ანრი ოხანაშვილმა კომენტარი გააკეთა.
„ვენეციის კომისიამ მძიმე რეპუტაციულ მდგომარეობაში ჩაიყენა თავი, როდესაც დაწერა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილების საპირისპირო პოზიცია. ვენეციის კომისიას დააწერინეს, რომ გამჭვირვალობა ცუდია. მაშინ, როდესაც ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო ამბობს, რომ არსებობს საზოგადოების აღმატებული ინტერესი, რომ იცოდეს კონკრეტული ორგანიზაციები რა ფინანსებით მუშაობენ და რაში ხარჯავენ. ევროკავშირის სისტემა ეფუძნება გამჭვირვალობის პრინციპს. ევროკავშირის ფუნქციონირების ძირითადი დოკუმენტები ეფუძნება გამჭვირვალობას და ევროკავშირის ინსტიტუტების გამჭვირვალედ მუშაობას. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ 2020 წლის გადაწყვეტილებაში ზუსტად ეს თქვა უნგრეთის მაგალითზე, რომ ხალხს აქვს უფლება და აღმატებული ინტერესი, რომ იცოდნენ კონკრეტული ორგანიზაციის გამჭვირვალობის შესახებ თუ როგორ ფინანსდებიან და რაში ხარჯავენ თანხას. იგივე მიდგომა გვაქვს ჩვენ, მაგრამ ვენეციის კომისიას მოუწია იმის დაწერა, რომ არ ეთანხმება ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს და გამჭვირვალობა კარგი არ არის”, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
„ფაქტ-მეტრმა“ ანრი ოხანაშვილის განცხადება გადაამოწმა.
აღნიშნულ განცხადებაში ანრი ოხანაშვილი ვენეციის კომისიას აბრალებს, თითქოს კომისიამ დაწერა, რომ გამჭვირვალობა ცუდია და ვენეციის კომისიის დასკვნა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას უნგრეთის საქმეზე ეწინააღმდეგება. რეალურად. კომისიამ აღნიშნა, რომ ქართული კანონპროექტი ერთადერთ მიზნად გამჭვირვალობას ასახელებს, რაც დემოკრატიულ პრინციპებთან არ არის შესაბამისი.
ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, ორგანიზაციების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ადამიანის უფლებებში ჩარევის ლეგიტიმური მიზანი არ შეიძლება იყოს. კერძოდ, კომისიის დასკვნის თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტითა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ კონვენციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით (შესაბამისად - შეკრებისა და გაერთიანებისა და ასოციაციის უფლებები) განსაზღვრულ უფლებებში ჩარევისთვის მხოლოდ გამჭვირვალობა ლეგიტიმური საფუძველი ვერ იქნება. შეზღუდვის გასამართლებლად დასახელებული ლეგიტიმური მიზნები შემდეგია: ეროვნული უსაფრთხოება, საჯარო უსაფრთხოება, საჯარო წესრიგის დარღვევის ან დანაშაულის პრევენცია[1] (ან საჯარო წესრიგი)[2], ჯანმრთელობისა თუ მორალის ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილ ლეგიტიმურ მიზნებთან ერთობლიობაში შეიძლება, რომ გამჭვირვალობა ჩაითვალოს გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვისთვის დასაშვებად.[3]
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ეკოდეფენსი რუსეთის წინააღმდეგ[4] განაცხადა, რომ სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების გამჭვირვალობის გაზრდა საჯარო წესრიგის დაცვის ლეგიტიმურ მიზანს უნდა პასუხობდეს. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი უცხოური დაფინანსებისას, შესაძლოა არსებობდეს უცხოური გავლენა ისეთ სენსიტიურ სფეროებში, როგორიცაა არჩევნები ან პოლიტიკური მოძრაობის დაფინანსება, ასევე ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები. სასამართლომ ისიც აღნიშნა, რომ ამ ლეგიტიმური მიზნების საზღვრები ვიწროდ უნდა იყოს განმარტებული.[5]
ანრი ოხანაშვილი გამჭვირვალობას ლეგიტიმურ მიზნად ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ასახელებს. 2020 წლის უნგრეთის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებაში ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო მართლაც ამბობს, რომ ფიზიკური და იურიდიული პირების ფინანსური მხარდაჭერის გამჭვირვალობა, მათ შორის დეკლარაციების შევსებისა და გამოქვეყნების ვალდებულება, ღიაობისა და გამჭვირვალობის პრინციპის შესაბამისად, შესაძლოა იყოს საჯარო ინტერესის დაცვისთვის უმნიშვნელოვანესი საფუძველი. მეტიც, ეს გააუმჯობესებს ინფორმაციის საჯაროობის დონეს, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ საჯარო დებატში. ზოგიერთ სამოქალაქო ორგანიზაციას შესაძლოა ჰქონდეს მნიშვნელოვანი გავლენა საჯარო ცხოვრებასა თუ საჯარო დებატზე, ამიტომ ამგვარი ორგანიზაციების ფინანსური დახმარების გამჭვირვალობის მიზანი შესაძლოა იყოს მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის საგანი.[6]
მიუხედავად ამგვარი მსჯელობისა, სასამართლო საკითხს უფრო დეტალურად განიხილავს. კერძოდ, გადაწყვეტილების 78-79 პარაგრაფების მომდევნო პარაგრაფებში სასამართლო ხსნის, მოცემულ კანონთან დაკავშირებით გამჭვირვალობის მიზნის ლეგიტიმურობა რატომ არ არის რელევანტური.
სასამართლოს პოზიციით, ორგანიზაციების ფინანსური დახმარების გამჭვირვალობის მიზანი, მიუხედავად იმისა, რომ ლეგიტიმურია, არ შეიძლება ამართლებდეს ისეთი კანონმდებლობის მიღებას, რომელიც ეფუძნება დაშვებას, თითქოს ნებისმიერი ფინანსური დახმარება, რომელსაც ორგანიზაციები ან ფიზიკური პირები უცხოეთიდან ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგან იღებენ, ამ სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებისთვის საფრთხეს წარმოადგენდეს.
ანრი ოხანაშვილის განცხადება იმგვარად არის ფორმულირებული, თითქოს გამჭვირვალობა ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება იყოს თვითმიზანი და თითქოს სწორედ ამას ამბობს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო, ხოლო ვენეციის კომისია გამჭვირვალობას უარყოფით მოვლენად აფასებს. რეალურად, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს თანახმად, გამჭვირვალობა თვითმიზანი არაა და იგი კონკრეტული, რეალურად არსებული საფრთხეების განეიტრალებისკენ უნდა იყოს მიმართული და უცხოეთიდან შემოსულ ნებისმიერ დაფინანსებას საფრთხის შემცველს არ უნდა არქმევდეს, თუ ეს საფრთხე დადასტურებული არ არის.
უნგრული კანონის მიხედვით, რეგისტრაციის, დეკლარაციის და გასაჯაროების ვალდებულება და სანქციები ყველა იმ ორგანიზაციას ეხებოდა, რომელიც დაწესებულ ზღვარზე მეტ დაფინანსებას მესამე სახელმწიფოსგან იღებდა. ამასთან, უნგრეთის სურვილი, გაეზარდა ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობა, უკავშირდებოდა მის პოზიციას, რომ სხვა სახელმწიფოებისგან მიღებული დაფინანსება უნგრეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოიყენებოდა. კანონი არ განსაზღვრავდა, რატომ არის ეს ვალდებულებები გამართლებული. ასევე, რატომ უნდა შეხებოდა ყველა ორგანიზაციას, ნაცვლად იმ ორგანიზაციებისა, რომლებსაც საჯარო ცხოვრებასა და დისკუსიაზე ნამდვილად აქვთ გავლენა. კანონი არ ასაბუთებდა, ინტერესების გატარების დამტკიცება როგორ ხდება.
დასახელებულ გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლომ უნგრეთის საქმეზე დაადგინა, რომ გამჭვირვალობის გაზრდის ამოცანა, ამ შემთხვევაში, როდესაც მიზანი უცხოური ძალის მხრიდან ინტერესების გატარების გამჭვირვალობაზეა საუბარი, ლეგიტიმურია, მაგრამ ვერ ამართლებს უნგრეთში გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას, რადგან ყველა ფინანსური დახმარება მესამე სახელმწიფოში დაფუძნებული პირის მხრიდან და ყველა სამოქალაქო ორგანიზაცია რომელიც ამ დაფინანსებას იღებს, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებსა და ინსტიტუტების ჩარევისგან თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობას ძირს არ უთხრის. შესაბამისად, გამჭვირვალობის გაზრდის ამოცანა მოცემულ საქმეში ვერ ამართლებს გამჭვირვალობის კანონს მასში მოცემული შინაარსისა და დანიშნულების გათვალისწინებით.[7] რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, ისიც არ ამბობს, რომ გამჭვირვალობა ცუდია, ის გამჭვირვალობას მხოლოდ გარკვეული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში თვლის ლეგიტიმურად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რადგან არც ვენეციის კომისია და არც ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო უნგრეთის საქმეზე არ მოდიან ერთმანეთთან წინააღმდეგობაში, „ფაქტ-მეტრი“ ანრი ოხანაშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ტყუილი.
[1] ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი
[2] სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ კონვენციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი
[3] ვენეციის კომისიის დასკვნა საქართველოში მესამე მოსმენით მიღებულ კანონზე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. პარ 59 ხელმისაწვდომია: https://www.venice.coe.int/webforms/documents/default.aspx?pdffile=CDL-PI(2024)013-e&fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTAAAR2iBrqyxZyJZAPMHCV8YVH512q6TxzpOf20Wqn3zH-KH0ZJhQLb2valDaA_aem_AUryk8076j7AKvhy4uH0e3h55znSPaVYLWc6hauma2ypDzksarT5rWPhXeraObwKeFtbUlvM7ooHy7TXYZ_gAds9
[4] Ecodefence and Others v. Russia
[5] ვენეციის კომისიის დასკვნა საქართველოში მესამე მოსმენით მიღებულ კანონზე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. პარ 60
[6] ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება უნგრეთის წინააღმდეგ. 78-79. ხელმისაწვდომია: https://curia.europa.eu/juris/document/document.jsf;jsessionid=58232053DFFD7487E4EC01BAA31A27CE?text=&docid=227569&pageIndex=0&doclang=en&mode=lst&dir=&occ=first&part=1&cid=1699790&fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTAAAR1y5TUwLkSXYlUqMk1vZhcwAcRVvXvS8Nu65AolNNuhP4QGeooKduT6__k_aem_AebjbjD55jqUkJlDIcmyW1KfH24cMoxYezUoBGGSbCu_l2D1VUjmcizEto5JVVXc0S-Xtj0VrlXzZr2D1qFkegJQ
[7] ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება უნგრეთის წინააღმდეგ. პარ. 81-87