სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „Domenic Mango“ გიორგი გახარიას განცხადებას აქვეყნებს. პოსტის აღწერაში ანგარიში წერს: „სულ ვამბობ ბოლო 2 წელია, რომ ეს კაცი ივანიშვილის სათადარიგო ჯიბის ოპოზიციაა. თუ შეამჩნევს, რომ ოპოზიციისკენ უფრო იხრება ხალხი, მაშინ გააძლიერებს და ამის სახით მაინც ჩრდილოვან მართველად დარჩება“. Facebook-პოსტში მოცემულია ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ვებგვერდის ფოტოანაბეჭდი, რომელზეც დაფარულია სტატიის გამოქვეყნების დრო. შესაბამისად, პოსტი მომხმარებლებს უჩენს წარმოდგენას, რომ განცხადება, რომელიც გახარიამ 2022 წლის მაისში გააკეთა, ახლანდელია და „რუსულ კანონის“ კონტექსტში შესაძლო სანქცირებას უკავშირდება.

სინამდვილეში ყოფილმა პრემიერმა და პარტიის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ, მოცემული განცხადება 2022 წლის 27 მაისს გააკეთა.

,

2022 წლის აპრილში, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ბიძინა ივანიშვილსა და სანქცირებულ რუს ბიზნესმენებს შორის საერთო ბიზნესთან დაკავშირებით საგამოძიებო სიუჟეტი გავიდა. სიუჟეტის მიხედვით, ივანიშვილი თავადაც ფლობდა მოსკოვში ბიზნესებს. ორი დღის შემდეგ, YouTube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და რუსი მილიარდერი და ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი საუბრობენ (აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის). მოგვიანებით, თემას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ გამოეხმაურა. 2022 წლის 27 აპრილს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ივანიშვილი 2012-2019 წლებში საკუთარი ოფშორული კომპანიების მეშვეობით, მინიმუმ 10 რუსულ კომპანიას მაინც ფლობდა: „დღეის მდგომარეობით [2022 წელი] კი, ბიძინა ივანიშვილს იგივე სქემით სულ მცირე 1 კომპანია აქვს რუსეთში – შპს „აკვა-სფეისი“ (ООО Аква-Спейс)“,- წერია კვლევაში.

მალევე, ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებულთა სიაში შეყვანა მოითხოვეს. თემას გამოეხმაურნენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებიც, რომლებმაც დასავლეთს ოლიგარქის დასანქცირებისკენ მოუწოდეს.

თემას პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ივანიშვილის დასანქცირება ხელისუფლების სანქცირებაა, რაც უმძიმეს შედეგებს მოუტანს ქვეყანას: "ყველას ძალიან კარგად ესმის, ვინ არის საქართველოში ძალაუფლების კონცენტრაციის პირამიდის თავში" და "ეს არ არის ერთი ცალკე აღებული ფიზიკური პირის სანქცირება". გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ "კატეგორიულად მიუღებელია ენმ-ის მცდელობა, სანქცია შიდა პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენოს".

ცნობისთვის, გიორგი გახარია აშშ-ის მიერ რუსულ კანონზე პასუხისმგებელი პირებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას X პლატფორმაზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის ასეთ ზღვართან მისვლა, უაღრესად სამწუხაროა: „ივანიშვილის რეჟიმი ღია კონფრონტაციაში შევიდა საკუთარ ხალხთან და დაჟინებით ანგრევს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დიდი ძალისხმევით მიღწეულ შედეგებს. ყველა, ვინც მონაწილეობს საქართველოს ევროპული მომავლის და დემოკრატიის განადგურების მცდელობაში, პირადად აგებს პასუხს. დარწმუნებული ვართ, საქართველოს მეგობრები ქართველი ხალხის მხარდამხარ დარჩებიან ავტორიტარიზმის, იზოლაციის და შეზღუდული სუვერენიტეტის წინააღმდეგ ბრძოლაში“.

ამდენად, გიორგი გახარიას გავრცელებული განცხადება რეალურად, 2022 წლისაა და მიმდინარე მოვლენებს არ უკავშირდება.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5574 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია