2024 წლის 29 მაისს ფონდმა „ფეა თრიიზმა“ განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს პარლამენტის მიერ 28 მაისს ე.წ „რუსული კანონის“ საბოლოოდ მიღების გამო, ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნის პროექტს აჩერებს.

„მოსალოდნელია, რომ დაგვაკისრონ ჯარიმები და შეგვიქმნან ფინანსური სირთულეები. ამ ვითარებიდან გამომდინარე, სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის სივრცე აღარ გვრჩება. გარდა ამისა, არ შეგვიძლია დამატებითი ფინანსური ვალდებულებების აღება და ახალ სოციალურ პროექტებში ინვესტირება, მაშინ, როცა ჩვენი მიმდინარე პროექტებიც საფრთხის ქვეშ არის ახლად შემოღებული კანონის გამო“, - აღნიშნულია ფონდის მიერ ონის მუნიციპალიტეტის მერიაში გადაგზავნილ წერილში.

განცხადების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში, ტელეკომპანია „იმედმა“ და POSTV-მ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ „ფეა თრიიზ“ ფონდის ბორდის წევრი და თავმჯდომარე პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძეა, მტკიცებულებად კი ფონდის ვებგვერდიდან აღებული ფოტოანაბეჭდი წარადგინეს. რეალურად, ბადრი ჯაფარიძე ფონდის ვებგვერდზე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ნამდვილად ფიქსირდებოდა, თუმცა პოზიცია 2021 წლის 5 აგვისტოს დატოვა.

იმას, რომ ბადრი ჯაფარიძე წარსულში მართლაც იყო ფონდ „ფეა თრიიზის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ჯაფარიძე თავადაც ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ფონდი პოლიტიკაში წასვლის შემდეგ დატოვა - „შევიტყვე სამწუხარო ამბავი, რომ მშობლიურ რაჭაში, სადაც ჩემი დანიელი მეგობრების ფონდი ბევრ საინტერესო პროექტს ახორციელებდა - რუსული კანონის მიღების გამო, ერთი პროექტი შეჩერდა. აღნიშნულ ფონდს წლების წინ ვხელმძღვანელობდი და მახსოვს ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც რეგიონის ხელშეწყობისთვის განხორციელდა. სამწუხაროდ, პოლიტიკაში წასვლამ იძულებული გამხადა დამესრულებინა ფონდთან საქმიანი ურთიერთობა“, - აღნიშნავს ჯაფარიძე.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, ბადრი ჯაფარიძემ საჯარო რეესტრის ერთიან ეროვნულ სააგენტოს „ფეა თრიიზ ფაუნდეიშენის“ სამეთვალყურეო საბჭოდან მისი გადადგომის შესახებ შესაბამის დოკუმენტაციაში მონაცემების შეცვლის თხოვნით 2021 წლის 5 აგვისტოს მიმართა. ბადრი ჯაფარიძის მიერ აღნიშნული პოზიციიდან გადადგომას ადასტურებს „ფეა თრიიზ ფაუნდეიშენის“ 2020 და 2021 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერები. 2020 წლის 27 თებერვალს შედგენილ ამონაწერში ბადრი ჯაფარიძე ფონდის მმართველი ორგანოს თავმჯდომარე/წევრად ჯერ კიდევ ასახულია, თუმცა 2021 წლის 22 სექტემბერს შედგენილ ამონაწერში აღარ ფიგურირებს. ჯაფარიძე არ ფიგურირებს „ფეა თრიიზ ფაუნდეიშენის“ 2024 წლის 25 იანვარს რეგისტრირებულ ამონაწერშიც.

რაც შეეხება ტელეკომპანია „იმედის“ და POSTV-ის მიერ გავრცელებულ ფონდის ვებგვერდის ფოტოანაბეჭდს, ფონდის ვებგვერდზე სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, მათ შორის, ბადრი ჯაფარიძის შესახებ ინფორმაცია ნამდვილად იყო წარმოდგენილი. სავარაუდოდ, ტელეკომპანია „იმედის“ და „POSTV-ის“ მიერ პოსტების გამოქვეყნების შემდეგ, ფონდმა ვებგვერდზე მოცემული ინფორმაცია განაახლა და ბადრი ჯაფარიძე სამეთვალყურეო საბჭოს წევრებიდან წაშალა. აღნიშნულს გამოეხმაურა ტელეკომპანია „იმედი“.

„ფაქტ-მეტრისთვის“ მიცემულ კომენტარში ფონდი „ფეა თრიიზ“ განმარტავს, რომ „ფონდის ვებგვერდის ამ ნაწილის აქტუალიზება არ მომხდარა მას შემდეგ, რაც ბატონმა ბადრიმ დატოვა ფონდი. მხოლოდ ეს ტექნიკური საბაბი იყო გამოყენებული ფალსიფიცირებული ახალი ამბის შესაქმნელად. ამჟამად ვებგვერდის ნაწილი აქტუალიზებულია და სამეთვალყურეო საბჭოს ამჟამინდელი წევრების სია ხელმისაწვდომია“.

ამდენად, მტკიცება, თითქოს ბადრი ჯაფარიძე ფონდი „ფეა თრიიზის“ ბორდის წევრი და თავმჯდომარეა, მცდარია.

ცნობისთვის, ფონდი „ფეა თრიიზ“ რაჭის რეგიონში ქართველი გირჩის შემგროვებლებისთვის საცხოვრებელი და სამუშაო პირობების განვითარებაზე ზრუნავს, რომლებიც ნაძვის ხიდან იმ სათესლე მასალას აგროვებენ, რომელიც შემდგომ საახალწლო ნაძვის ხეების წარმოებისთვის გამოიყენება. ფონდი რაჭაში ასევე აფინანსებს საგანმანათლებლო და ჯანდაცვითი დაწესებულებების და სერვისების განვითარებას, ბავშვებისთვის უზრუნველყოფს უფასო სამედიცინო შემოწმებას და ადგილობრივ სტუდენტებს უმაღლეს განათლებას უფინანსებს.

--------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5574 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია