2 მაისს პარლამენტში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები დააინიციირეს. ინიციირებული კანონპროექტით რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იცვლება. კანონმდებლობიდან ქრება მუხლი, რომელიც ცესკო-ს წინასაარჩევნოდ საკონსულტაციო ჯგუფის შექმნას ავალდებულებს. ამასთან, საარჩევნო კომისიის იმ გადაწყვეტილების მისაღებად, რომელზეც აქამდე არანაკლებ ორი მესამედის თანხმობა იყო საჭირო, შემოთავაზებული ცვლილებებით უბრალო უმრავლესობაც საკმარისი იქნება.
შემოთავაზებული ცვლილებებით, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-8 მუხლს დაემატება შემდეგი შინაარსის 4 (1) პუნქტი: თუ ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ იქნა მიღებული ცესკოს ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის (12 წევრი) მხარდაჭერა, ცესკოს ამ გადაწყვეტილებას იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება. ამ შემთხვევაში ცესკოს აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს ცესკოს სრული შემადგენლობის უბრალო უმრავლესობა (9 წევრი).
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განმარტებით, „წარმოდგენილი ცვლილებით ირღვევა 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების შედეგად მიღწეული პარტიული და პროფესიული ნიშნით შერჩეულ წევრებს შორის არსებული ბალანსის ლოგიკა. შედეგად, გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი იქნება მხოლოდ 8 პროფესიული წევრისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლის ხმა. ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად უარესდება გადაწყვეტილების მიღების პროცესში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის მონაწილეობის ხარისხი“.
საიას განმარტებით, აღნიშნული ცვლილებები ცესკოს დადგენილებებს შეეხება, რომლის მისაღებად მოქმედი რედაქციით, ხმათა 2/3-ის თანხმობა იყო საჭირო. „ცესკოს დადგენილება არის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში გამოიცემა და არაერთ მნიშვნელოვან საკითხს არეგულირებს. მათ შორის, ცესკოს დადგენილებით განისაზღვრება 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესები და პირობები; კენჭისყრის პროცედურები; არჩევნების გამართვისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი. ამასთანავე, ცესკო, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს არჩევნების მეორე ტურის ჩატარებისათვის აუცილებელი დამატებითი ღონისძიებები და ვადები. დადგენილებით მტკიცდება საარჩევნო კომისიის რეგლამენტიც და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები“.
საიას შეფასებით „ამ საკანონმდებლო გაუარესებების ფონზე, აუცილებლობის დასაბუთების გარეშე, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციის უგულებელყოფით - არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე, „ქართული ოცნების“ წევრების მიერ ინიციირებული ცვლილებები მორიგ ნაბიჯს წარმოადგენს არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების გაუარესებისკენ. წარმოდგენილი ცვლილება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში de facto გამორიცხავს ოპოზიციის ჩართულობას და მეტად ამძაფრებს ეჭვს, საარჩევნო ადმინისტრაციაში მმართველი პარტიის არაკეთილსინდისიერ გავლენებთან დაკავშირებით. ცვლილება კიდევ უფრო ამცირებს საზოგადოებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნდობას საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ“.
საია მოუწოდებს მმართველ პარტიას, უარი თქვას აღნიშნულ ცვლილებებზე, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებების ლეგიტიმაციის ხარისხის შემცირებას გამოიწვევს.
ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი, რომლის გაუქმებასაც ინიციირებული კანონპროექტი ითვალისწინებს, საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, იქმნება საარჩევნო პერიოდში, არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში. ჯგუფი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისა და დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო ან/და ადგილობრივი ექსპერტებისგან შედგება. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის გაუქმების მიზანშეწონილობას არსებული პრაქტიკულ გამოცდილებით ასაბუთებენ. კერძოდ, კანონპროექტის ავტორების მტკიცებით, „ეს ჯგუფი რეალურად არ ფუნქციონირებს, რაც ძირითადად დამკვირვებელი ორგანიზაციების მხრიდან ამ ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობის სურვილის უქონლობით არის გამოწვეული“.
რეალურად, 2021 წლის არჩევნებში საკონსულტაციო ჯგუფი დაიშალა, რისი მიზეზიც კანონმდებლობაში და შერჩევის პროცესში არსებული ხარვეზები იყო. არსებული ხარვეზების გამოსწორების ნაცვლად, „ქართული ოცნება“ საკონსულტაციო ჯგუფის გაუქმების ინიციატივით გამოვიდა, რაც საარჩევნო პროცესების სანდოობას აზიანებს.
ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის შექმნის შესახებ საარჩევნო კოდექსში ჩანაწერი 2021 წელს გაჩნდა. საკონსულტაციო ჯგუფი ცესკო-ს წარუდგენდა რეკომენდაციებს საარჩევნო დავებზე. ჯგუფი შესაძლოა, ჩართულიყო კენჭისყრის შედეგების გადათვლის პროცესშიც. თუმცა საკონსულტაციო ჯგუფის შერჩევის პროცესი ხარვეზიანი აღმოაჩნდა, სწორედ ამიტომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შექმნილი საკონსულტაციო ჯგუფი დაიშალა.
2021 წელს საერთაშორისო გამჭვირვალობამ (TI) და სამართლიანმა არჩევნებმა (ISFED) დატოვეს საკონსულტაციო ჯგუფის წევრების შერჩევის პროცესი. მათი განაცხადებით, ცესკო არ უზრუნველყოფდა საბჭოს კვალიფიციური და სანდო ადამიანების კონსენსუსის საფუძველზე შერჩევას.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „ცესკომ საკონსულტაციო ჯგუფის წევრების შესარჩევად მიიწვია ყველა ის ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელიც ბოლო სამი საერთო არჩევნებისას ცესკოში იყო რეგისტრირებული. პირველი შეკრების დროს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 15-მა ასეთმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ გამოთქვა ამ პროცესში მონაწილეობის სურვილი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობის სანდოობის, რეპუტაციის, საქმიანობისა და ფინანსური გამჭვირვალობის კუთხით საზოგადოებაში სერიოზული კითხვები არსებობს. ბევრი მათგანი უარყოფითი კუთხით არაერთხელ მოხვედრილა ავტორიტეტული საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში“.
გარდა ამისა, ცესკოს დადგენილებაში თავდაპირველად ეწერა, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს საკონსულტაციო ჯგუფის წევრები კონსენსუსით უნდა შეერჩიათ. თუმცა, 6 აგვისტოს ცესკომ დადგენილებაში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც, თუ საკონსულტაციო ჯგუფის წევრები კონსენსუსით ვერ შეირჩა, კანდიდატურებს ხელახლა ეყრებათ კენჭი და ხელახალი კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს სადამკვირვებლო ორგანიზაციების სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. არასამთავრობოების განმარტებით, „ამ ცვლილებამ შესაძლებელი გახადა, რომ ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი სრულად დააკომპლექტონ საეჭვო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა“.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მაღალი სანდოობის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკონსულტაციო ჯგუფის წევრების შერჩევის პროცესი დატოვეს.
ამჟამად კი, მმართველმა პარტიამ საკონსულტაციო ჯგუფის შერჩევის პროცესში ხარვეზების აღმოფხვრის ნაცვლად, ამ ჯგუფის საერთოდ გაუქმება გადაწყვიტა, რაც საარჩევნო პროცესებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობას კიდევ უფრო შეასუსტებს.