სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი „მსოფლიო ამბები“ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვიდეოს ავრცელებს. ვიდეოს აღწერაში დართულია ტექსტის თარგმანი, სადაც ბაიდენი ამბობს: „მე მქვია ჯო ბაიდენი. ვმუშაობ Kamala Harris-ში. მე ვთხოვე, რომ ჩემი ვიცე პრეზიდენტი გამხდარიყო, რადგან ვიცოდი, რომ ჩემზე ჭკვიანი ვინმე მჭირდებოდა“. სინამდვილეში, თარგმანში, კერძოდ, პირველ წინადადებაში, უზუსტობაა.

თუ ვიდეოს კარგად მოვუსმენთ, გავიგონებთ შემდეგ ფრაზას: „I work for Kamala Harris - რაც ნიშნავს „მე ვმუშაობ კამალა ჰარისისთვის“ და არა „ვმუშაობ Kamala Harris-ში“, როგორც ეს პოსტის აღწერაშია.

აღნიშნული ფრაზა ჯო ბაიდენმა 2024 წლის 13 მაისს წარმოთქვა, აზიელი ამერიკელების, მკვიდრი ჰავაიელებისა და წყნარი ოკეანის ხალხის (AANHPI) მემკვიდრეობის თვის აღსანიშნავ შეხვედრაზე. ჯო ბაიდენის ეს წინადადება ხუმრობა იყო, რასაც აუდიტორიის სიცილი მოწმობს.

ამგვარად, ვიდეოს აღწერაში მოცემული თარგმანი არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა.

--------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.