სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები (ბმული 1; ბმული 2) ინფორმაციას ავრცელებენ, რომლის მიხედვითაც, „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციებს საქართველოს ყველა უნივერსიტეტი ემიჯნება. რეალურად, საქართველოს უნივერსიტეტების რექტორების საერთო განცხადებას თავდაპირველად 38 უნივერსიტეტი აწერდა ხელს, 11 უმაღლესი სასწავლებელი კი მას არ შეერთებია. მოგვიანებით, 38-დან სამი უმაღლესი დაწესებულების მმართველი საბჭო განცხადებას გაემიჯნა.

14 მაისს საქართველოს 38-მა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა. განცხადებაში აღნიშნულია: „მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე. ამით ხელი ეშლება სასწავლო პროცესის წარმართვას. ეს არღვევს სტუდენტის კონსტიტუციურ უფლებას. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად განვითარებული მოვლენებისა, უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი გრძელდება. ამასთან, აკადემიური პერსონალის ლექციებზე გამოუცხადებლობა წარმოადგენს არა მხოლოდ მათთვის კანონმდებლობითა და უნივერსიტეტებთან დადებული შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევას, არამედ უშუალოდ აზარალებს იმ სტუდენტთა ინტერესებს, რომლებიც დღეს ესწრებიან სალექციო კურსებს. ლექტორთა მიერ სასწავლო პროცესის შეფერხება, ხელს უშლის უმაღლესი განათლების მიზნების რეალიზებას და საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას. ეს ყველაფერი კი უარყოფითად აისახება ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული და ევროპული სტანდარტების შესრულებაზე“.

ხელმომწერ უნივერსიტეტებს შორის არის: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და სხვ.

მანამდე, 13 მაისს საქართველოს 31 უნივერსიტეტის სტუდენტებმა „რუსული კანონის“ გაპროტესტების მიზნით, სასწავლო პროცესის გაგრძელებაზე უარი თქვეს. აღსანიშნავია, რომ სტუდენტებთან ერთად პროტესტს რამდენიმე ლექტორიც უერთდება. მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ისინი სტუდენტებს აქციებზე უერთდებიან და სწორედ სტუდენტები გადაწყვეტენ, შეაჩერონ, თუ - არა სასწავლო პროცესი, ამჟამად ხელს 309 პროფესორ-მასწავლებელი აწერს.

საქართველოს 11-მა უნივერსიტეტმა (თავისუფალი უნივერსიტეტი; საქართველოს უნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი; GIPA; Webster University Georgia; აგრარული უნივერსიტეტი; ალტე უნივერსიტეტი; უნივერსიტეტი ალტერბრიჯი; ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი; თბილისის სამედიცინო აკადემია) თავიდანვე არ მოაწერა ხელი 14 მაისს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებას.

განცხადების გავრცელებიდან მალევე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც სასწავლო პროცესი 20 მაისამდე შეჩერებულია. უნივერსიტეტის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ: „აკადემიური საბჭო დაუშვებლად მიიჩნევს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გამოხატვის თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვას. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება აკადემიური თავისუფლების განუყოფელი ნაწილია. ვემიჯნებით ნებისმიერ მოწოდებას ან ქმედებას, რომელიც ამ სულისკვეთებას ეწინააღმდეგება“.

აღსანიშნავია, რომ 15 მაისს განცხადებიდან ხელმოწერა გაიწვია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმაც. უნივერსიტეტის Facebook-გვერდზე ვკითხულობთ:„ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მმართველმა საბჭომ საგანგებო სხდომაზე, ხმათა უმრავლესობით, სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, რექტორთა კონფერენციის განცხადებაზე უნივერსიტეტის ხელმოწერა გამოიწვია. კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოვხატავთ ჩვენი ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებას და ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის ყველაფერი რუსული მიუღებელია“.

ამავდროულად, ხელმომწერ უნივერსიტეტებს შორის იყო კავკასიის უნივერსიტეტიც, თუმცა განცხადების გავრცელების შემდეგ მალევე, მას კავკასიის უნივერსიტეტის მმართველთა საბჭოც გამოეხმაურა. საბჭომ განაცხადა, რომ არ იზიარებს რექტორების განცხადების სულისკვეთებასა და ხედვას. საბჭოს წევრმა, ჟურნალისტმა ნინო ჟიჟილაშვილმა პირად გვერდზე დაწერა, რომ უნივერსიტეტის ხელმოწერა განცხადებიდან უკან გამოიწვიეს.

ამდენად, მტკიცება, რომ სტუდენტების პროტესტს საქართველოს ყველა უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ემიჯნება, მცდარია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5574 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია