სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი მაია თვალთვაძე, რომლის მიერ გადამოწმებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია (1, 2, 3), უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას ინტერვიუს ნაწყვეტს აქვეყნებს. ვიდეოში ინტერვიუერის კითხვას, „რა დაკარგეს უკრაინელმა ოჯახებმა [ომში]?“ ზელენსკა ღიმილით პასუხობს. სინამდვილეში, ვიდეო იმგვარადაა მოჭრილი, შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს მხოლოდ ეს ჟესტი იყო ზელენსკას რეაქცია ამ კითხვაზე (არქივირებული ბმული).
საგულისხმოა, რომ ვიდეოს რუსულენოვანი ანგარიშებიც აქტიურად ავრცელებენ (1; 2; 3; 4).
ვიდეო ოლენა ზელენსკას ინტერვიუს ნაწყვეტია, ამერიკული ტელეკომპანია CBS-ის გადაცემიდან „60 Minutes” („60 წუთი“). ინტერვიუერი სკოტ პელი ზემოთ ნახსენებ კითხვას მას ნამდვილად უსვამს. ზელენსკას ნამდვილად ჰქონდა მსგავსი რეაქცია, თუმცა, დეზინფორმატორების მიერ გავრცელებული ვიდეოს შინაარსით, კითხვაზე პასუხი მხოლოდ ეს „მხიარული ჟესტი“ იყო. რეალურად, ამის შემდეგ ზელენსკამ საკმაოდ ვრცელი კომენტარი გააკეთა: „ვფიქრობ, ამ კითხვაზე შეუძლებელია მოკლედ გიპასუხოთ, პასუხი გრძელია, თუმცა ყოველივე იმ დანაკარგის ჩამოთვლა, ნამდვილად ძალიან რთულია, რადგან ბევრი რამ დავკარგეთ. [ჩვენი] ოჯახების ნახევარი ერთმანეთის დაშორებულია, [რადგან] ზოგიერთი ფრონტზეა, ზოგიერთი საზღვარგარეთ - შვილების გადასარჩენად, ზოგი კი [რუსეთის] ოკუპაციის ქვეშ. სამწუხაროდ, ურთულეს მდგომარეობაში არიან ისინი, ვინც ვერ უკავშირდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ ნათესავებს. ძალიან საშიშია, როცა დედას ურეკავ, კავშირი არ არის, ვერ იგებ, სად არის. დაბომბვის გამო ხალხს სახლების დატოვების ეშინია, ევაკუაციის მცდელობისაც კი ეშინია. ადამიანურ მსხვერპლზე, ვფიქრობ, შეგვიძლია არც ვისაუბროთ. ათასობით დაღუპული გვყავს, ასობით ბავშვი. დანგრეულია სკოლები, საავადმყოფოები. ხალხმა სიმშვიდე დაკარგა, ძალიან რთულია მუდმივი შიშისა და საფრთხის გრძნობით ცხოვრება. უკრაინის არც ერთ ნაწილში, არავინ მშვიდად არ გრძნობს თავს, რადგან ყოველდღე შეიძლება გაისროლონ რაკეტა და შენს საწოლში ვერ გაიღვიძო. ჩვენ ჩვენი ნორმალური ცხოვრების დროს ვკარგავთ. ჩვენ არ გვინდა შვილების ასეთ პირობებში გაზრდა, გვსურს ნორმალურ მდგომარეობაში დავბრუნდეთ. ბევრი ჩვენგანი ამბობს ხოლმე, რომ ჩვენ მუდმივ 24 თებერვალში ვცხოვრობთ. ამ სიტუაციიდან ყურადღება ვერ გადაგვაქვს, ვცდილობთ, გადავერთოთ სამუშაოზე, დავეხმაროთ ერთმანეთს... მაგრამ ეს ომია და ჩვენ არ ვიცით, როდის დამთავრდება ის“, - ამბობს ოლენა ზელენსკა.
ამგვარად, ვიდეო იმგვარადაა მოჭრილი, რომ ოლენა ზელენსკას პასუხი არ ჩანს, რამაც შესაძლოა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.
----------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.