1.65 ლარი ღირს ბენზინი, როცა მოდის საზღვრამდე, ქვეყნის შიგნით თითქმის ორმაგდება ფასი

გიორგი ვაშაძე: 1.65 ლარი ღირს ბენზინი, როცა მოდის საზღვრამდე, ქვეყნის შიგნით თითქმის ორმაგდება ფასი

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი ვაშაძის განცხადება არის სიმართლე.

გიორგი ვაშაძის მიერ დასახელებული რიცხვები რეალობას შეესაბამება. საქართველოს საზღვარზე რეგულარისა და პრემიუმის მარკის ბენზინების ფასი თებერვლის მდგომარეობით, შესაბამისად - 1.49 და 1.68 ლარს შეადგენს, სარეალიზაციო ფასი კი თითქმის 2-ჯერ მაღალი, შესაბამისად - 2.95-3.0 ლარისა და 3.05-3.15 ლარის მიდამოებშია.[1] თებერვლის მდგომარეობით, სხვაობა საიმპორტო ფასსა და სარეალიზაციო ფასს შორის დაახლოებით 1.5 ლარის ფარგლებშია, რაც დასახელებულ სიდიდეს ასევე შეესაბამება.

რაც შეეხება განცხადების პათოსს, დეპუტატის პირველი მტკიცება, საწვავზე გაზრდილი გადასახადების ნაწილში, ასევე სიმართლეა. კერძოდ, 2017 წლის პირველი იანვრიდან ბენზინზე აქციზის გადასახადი გაორმაგდა და ტონაზე 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზარდა, რაც საწვავს დამატებით 20-25 თეთრით აძვირებს.

მეორე მტკიცების ნაწილში, „ფაქტ-მეტრს“ არ აქვს შესაძლებლობა, ბაზარზე არსებული კონკურენციის ხარისხი და ფასწარმოქმნაზე მოქმედი სხვა არასაბაზრო ძალების არსებობა, დამოუკიდებლად შეაფასოს, რაზეც დეპუტატი უთითებს. თუმცა აღვნიშნავთ, რომ საწვავის ბაზარზე შესაძლო შეთანხმებული ფასების არსებობაზე შესაბამისი დასკვნა კონკურენციის სააგენტომ ნამდვილად მოამზადა (როგორც ამას დეპუტატიც უთითებს) და ბაზარზე მოქმედი კომპანიები ჯამში 55 მლნ ლარით დააჯარიმა. მოგვიანებით, აღნიშნული გადაწყვეტილებები ნავთობკომპანიებმა სასამართლოში გაასაჩივრეს, ერთ-ერთ კომპანიასთან წაგებული სასამართლო დავის შემდგომ, კონკურენციის სააგენტო სხვა პროცესების დასრულებას არ დაელოდა და საწვავის ბაზრის ხელახალი შესწავლა დაიწყო. ახალი დასკვნის შესაბამისად, ჯარიმის ჯამური ოდენობა რადიკალურად - 3 მლნ ლარამდე შემცირდა, შეთანხმებული ფასების არსებობაზე მითითება მაინც დარჩა, თუმცა შედარებით ხანმოკლე პერიოდით.

„ფაქტ-მეტრი“ კორუფციული გარიგებების შესაძლო არსებობაზე მსჯელობაში არ შედის. შესაბამისად, განცხადების აღნიშნულ ნაწილს არ აფასებს და მას ვერდიქტზე გავლენის მქონე ფაქტორად არ განიხილავს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ გიორგი ვაშაძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით სიმართლე.

ანალიზი: „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საქართველოში საწვავის ფასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა: „კითხვა მინდა დავუსვა ირაკლი კობახიძეს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს. სად მიდის თითოეული ლიტრი ბენზინიდან 1.5 ლარი?! 1.65 ლარი ღირს საწვავი, ბენზინზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში, [თუმცა] დიზელზეც იგივე სიტუაციაა, როცა მოდის საზღვრამდე ეს საწვავი, მერე ქვეყნის შიგნით თითქმის ორმაგდება ფასი“. განცხადების პათოსი საწვავის ქვეყნის შიგნით „ზედმეტად“ გაძვირებაზე მიუთითებს, რასაც თავად დეპუტატის განმარტებით, ერთი მხრივ - გაზრდილი გადასახადი, მეორე მხრივ - საწვავის ბაზრის არაკონკურენტულობა განაპირობებს.

საქართველოს ბაზარზე რეგულარისა და პრემიუმის მარკის ბენზინები და სხვადასხვა მარკის დიზელის საწვავი ფართოდ მოიხმარება. აქვე აღსანიშნავია, რომ ცალკეული მარკის საწვავი სხვადასხვა საწვავის დანამატითა და განსხვავებული დასახელებით (G-Force, Eko, Nano, Efix, Ecto) იყიდება და მათი ფასიც ოდნავ მაღალია. ,

გრაფიკი 1. საწვავის მიმდინარე საცალო ფასები ტაბლოზე განსხვავებული მახასიათებლების მქონე იდენტური მარკის საწვავისათვის

წყარო:https://www.sgp.ge/ge/price; https://my.wissol.ge/public/fuelprices; https://gulf.ge/ge/fuel_prices

განსხვავებით საცალო ბაზარზე არსებული მრავალფეროვანი დასახელებებისა, სახელმწიფო საზღვარზე შემოტანისას, იდენტური მარკის საწვავი ერთი სასაქონლო კოდის ქვეშ აღირიცხება და დიფერენციაცია მხოლოდ საწვავის ტიპის (დიზელი, ბენზინი) და ოქტანობის (95-ზე ნაკლები (რეგულარი); 95-ზე მეტი, მაგრამ 98-ზე ნაკლები (პრემიუმი); 98-ზე მეტი (სუპერი)) მიხედვით ხდება. მაგალითად, რეგულარის მარკის ყველა დასახელების საწვავი ხვდება 2710 12 410 00 სასაქონლო კოდში (ბენზინები ძრავებისათვის, ოქტანური რიცხვით 95-ზე ნაკლები). იმპორტირებული საწვავის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე არის ხელმისაწვდომი და ამ დროისთვის, 2024 წლის თებერვლის მონაცემებია გამოქვეყნებული.

გრაფიკი 2. სხვადასხვა მარკის ბენზინის შეწონილი ფასი საზღვარზე (გადასახადების გარეშე) 2024 წლის თებერვალი[2].

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

საწვავის მიწოდების სრული პროცესის წარმოსადგენად მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ საიმპორტო ფასი ანუ ფასი საზღვარზე საქართველოს საზღვრამდე საწვავის შესყიდვისა და ტრანსპორტირების ყველა ხარჯს მოიცავს. დასახელებული ფასები 1.49 ლარი რეგულარზე და 1.68 ლარი პრემიუმზე ასახევს ფასს საზღვარზე. „ფაქტ-მეტრი“ ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით ხელმძღვანელობს და მას არ გააჩნია ინფორმაცია იმის შესახებ, პირველადი შესყიდვიდან საქართველოს საზღვრამდე ფასი რა მოცულობით იზრდება, რამდენი შუამავალი მონაწილეობს ამ პროცესში და აღნიშნული სიდიდე (ფასი საზღვარზე) შესაძლო ხელოვნური გაძვირების გავლენისაგან რამდენად თავისუფალია.

საიმპორტო ფასს (ფასი საზღვარზე) ემატება, როგორც სახელმწიფოს მიერ დაწესებული გადასახადები აქციზი და დღგ, ასევე კომპანიის საოპერაციო ხარჯები (ტრანსპორტირება ქვეყნის შიგნით; თანამშრომელთა ხელფასები; საშემოსავლო, მოგების და ქონების გადასახადები, რეკლამის ხარჯები და სხვა) და კომპანიის მოგება.

ბენზინის ტიპის საწვავზე აქციზის გადასახადი ტონაზე (1000 კგ) 500 ლარს შეადგენს, რაც საშუალოდ 1 ლიტრზე 37 თეთრი გამოდის, რადგან 1 კგ ბენზინი დაახლოებით 1.35 ლიტრ ბენზინს უტოლდება. დღგ-ს განაკვეთი 18%-ია და ის იანგარიშება საზღვარზე ფასისა და აქციზის გადასახადის ჯამური სიდიდიდან. მაგალითად, საიმპორტო ფასი თუ შეადგენს 1.68 ლარს, აქციზი კი 0.37 ლარს, დღგ გამოვა 36.9 თეთრი [(1.68+0.37)*0.18=2.05*0.18=0.369]. ტაბლოზე დაფიქსირებული ბენზინის გასაყიდი ფასის მდგენელები გრაფიკი 3-ზე არის მოცემული.

გრაფიკი 3. ბენზინის საცალო ფასის კომპონენტები

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; ავტორის გამოთვლები; https://my.wissol.ge/public/fuelprices

როგორც გრაფიკიდან ჩანს, დეპუტატის მიერ დასახელებული მაჩვენებლები რეალობას შეესაბამება[3] და თებერვლის მდგომარეობით, ბენზინის საცალო სარეალიზაციო ფასი მართლაც თითქმის ორჯერ აღემატება ფასს საზღვარზე, ორ სიდიდეს შორის სხვაობა კი დაახლოებით 1.5 ლარის მიდამოებშია. აქვე აღსანიშნავია, რომ გაანგარიშებისათვის გამოყენებულია ბაზრის წამყვანი ბრენდების სტანდარტული ფასები (ტაბლოს ფასი სტანდარტულ აგს-ზე ფასდაკლების გარეშე), რადგან აღნიშნული კომპანიები ბაზრის ლიდერებს წარმოადგენენ და რეალიზებული საწვავის უმთავრესი წილი სწორედ მათზე მოდის. თუმცა ბაზარზე გარდა ბაზრის ლიდერი ბრენდული კომპანიებისა, შედარებით მცირე ქსელები და არაბრენდირებული აგს-ები არის წარმოდგენილი, რომელთა შემთხვევაში ტაბლოს ფასი უფრო დაბალია და შესაბამისად, სხვაობა საბაჟო ფასსა (საზღვარზე ფასი) და სარეალიზაციო ფასს შორის ნაკლებია. ამავდროულად, თავად მსხვილი ქსელებიც, ხშირ შემთხვევაში, რეალიზაციას სტანდარტულ ტაბლოს ფასზე ნაკლებ ფასად ახორციელებენ, იყენებენ რა რეალიზაციის სხვადასხვა არხს, როგორიცაა: კორპორაციული გაყიდვები, ფასდაკლების/ლოიალობის პროგრამები, არაბრენდირებულ სეგმენტზე გაყიდვები, თვითმომსახურების სადგურები. ყველა ამ შემთხვევისათვის სარეალიზაციო ფასი გაცილებით დაბალია. შესაბამისად, სხვაობა იმპორტისა და სარეალიზაციო ფასს შორის ნაკლებია.

რაც შეეხება დეპუტატის შეკითხვის ნაწილს, თუ სად მიდის აღნიშნული 1.5 ლარი, საწვავის ტიპიდან გამომდინარე, ყოველი ლიტრი ბენზინიდან 70-75 თეთრს კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტში დღგ-სა და აქციზის გადასახადის სახით იხდის, მეორე ნახევრიდან კი საკუთარ ხარჯებს ფარავს და მოგებას იღებს. უშუალოდ რა ნაწილი მიემართება ხარჯების დასაფარად და რამდენი რჩება კომპანიის მოგების/ფასნამატის სახით, მოცემული სტატიის ფარგლებში შეუძლებელია შეფასდეს.

თავად განცხადების პათოსი და დეპუტატის პირველი მტკიცება საწვავზე გაზრდილი გადასახადების ნაწილში, სიმართლეს შეესაბამება. კერძოდ, 2017 წლის პირველი იანვრიდან ბენზინზე აქციზის გადასახადი გაორმაგდა და ტონაზე 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზარდა, რაც საწვავს დამატებით 20-25 თეთრით აძვირებს.

მეორე მტკიცების ნაწილში, „ფაქტ-მეტრს“ არ აქვს შესაძლებლობა, ბაზარზე არსებული კონკურენციის ხარისხი და ფასწარმოქმნაზე მოქმედი სხვა არასაბაზრო ძალების არსებობა, რაზეც დეპუტატი უთითებს, დამოუკიდებლად შეაფასოს. თუმცა აღვნიშნავთ, რომ საწვავის ბაზარზე შესაძლო შეთანხმებული ფასების არსებობაზე შესაბამისი დასკვნა კონკურენციის სააგენტომ ნამდვილად მოამზადა (როგორც ამას დეპუტატიც უთითებს) და ბაზარზე მოქმედი კომპანიები ჯამში, 55 მლნ ლარით დააჯარიმა. მოგვიანებით, აღნიშნული გადაწყვეტილებები ნავთობკომპანიებმა სასამართლოში გაასაჩივრეს, ერთ-ერთ კომპანიასთან წაგებული სასამართლო დავის შემდგომ, კონკურენციის სააგენტო არ დაელოდა სხვა პროცესების დასრულებას და საწვავის ბაზრის ხელახალი შესწავლა დაიწყო. ახალი დასკვნის შესაბამისად, ჯარიმის ჯამური ოდენობა რადიკალურად - 3 მლნ ლარამდე შემცირდა, თუმცა შეთანხმებული ფასების არსებობაზე მითითება მაინც დარჩა, ოღონდ ხანმოკლე პერიოდით. შესაბამისად, დეპუტატის ხაზგასმა, რომ საწვავის საცალო ბაზრის კონკურენტულობასთან დაკავშირებით სახელმწიფო სააგენტოსაც აქვს, სულ მცირე, კითხვის ნიშნები - რეალობას შეესაბამება.



[1] ვინაიდან საწვავის ფასი ხშირად იცვლება მოცემული რიცხვები დასაშვებია გარკვეულწილად განსხვავდებოდეს დროის მოკლე პერიოდშიც კი.

[2] გაანგარიშებაში არ არის გათვალისწინებული რუსეთიდან 8,720.3 ათასი ლიტრი პრემიუმის მარკის საწვავის იმპორტის ერთ-ერთი შემთხვევა, ვინაიდან ამ ტრანზაქციისათვის ერთეულზე ფასი (1.15 ლარი ლიტრზე) არსებითად ჩამოუვარდება არათუ პრემიუმის მარკის საწვავის იმპორტის ფასს, არამედ არსებითად ნაკლებია, ამავე პერიოდში რუსეთიდანვე იმპორტირებული რეგულარის მარკის საწვავის ფასზეც და სრულ სურათს ამახინჯებს. დასაშვებია, აღნიშნული განსხვავება განპირობებული იყოს ჩვენთვის უცნობი სპეციფიური ფაქტორებით ან/და ინფორმაციის დამუშავებისას დაშვებული ტექნიკური ხარვეზით.

[3] საწვავის ფასი მუდმივად ცვალებადია შესაბამისად, ზუსტი დამთხვევა არ არის შესაძლებელი