2025 წელს ავტოექსპორტის წილმა მთლიან ექსპორტში 38.6%-ს მიაღწია. თანხობრივად ავტოექსპორტმა 2.8 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც 2012 წლის მთლიან ექსპორტზე 440 მლნ აშშ დოლარით მეტია.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ავტოექსპორტის ისედაც მაღალი წილი მთლიან ექსპორტში კიდევ უფრო გაიზარდა. ზრდა 2023 წლიდან დაჩქარდა. 2025 წელს ექსპორტიდან მიღებული ყოველი 5 დოლარიდან თითქმის 2 დოლარი მსუბუქ ავტომობილებზე მოდიოდა.
გრაფიკი 1: ავტოექსპორტი
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ომამდე ავტოექსპორტში ძირითად ბაზარს აზერბაიჯანი წარმოადგენდა, სომხეთი კი ხშირ შემთხვევაში, თუმცა არა ყოველთვის, მეორე ადგილს იკავებდა. თანხობრივი და წილობრივი ზრდის გარდა, შეიცვალა საექსპორტო პარტნიორი ქვეყნების სტრუქტურაც და მთავარ მოთამაშეებად შუა აზიის ქვეყნები იქცნენ. 2023 წლიდან რეგიონი ავტოექსპორტში დომინანტი ხდება. 2021 წელს ყირგიზეთისა და ყაზახეთის წილი ავტოექსპორტში 9%-ს შეადგენდა, 2024 წელს კი უკვე 80%-ს.
ომამდე ყირგიზეთი საექსპორტო პარტნიორებში ათეულშიც კი ვერ ხვდებოდა. 2024-2025 წლებში კი პირველი ადგილი დაიკავა. როგორც 2024 ასევე 2025 წელს, მთლიანი ექსპორტის მესამედი ყირგიზეთსა და ყაზახეთზე გადანაწილდა. 2025 წელს ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და თურქმენეთის ბაზრებიც გააქტიურდა, ამ სამ სახელმწიფოში ავტოექსპორტი ჯამურად 6.8-ჯერ - 40-დან 270 მლნ დოლარამდე გაიზარდა.
გრაფიკი 2: ავტოექსპორტი (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ტაჯიკეთშიც, უზბეკეთშიც და თურქმენეთშიც, მსუბუქ ავტომობილებს ექსპორტში პირველი ადგილი უკავია. მისი წილი განსაკუთრებით მაღალი ტაჯიკეთშია და 90%-ს შეადგენს.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ავტოექსპორტის ასეთი დიდი მოცულობით ზრდა მთლიანად შუა აზიის ქვეყნებს უკავშირდება. 2021 წელთან შედარებით, 2025 წელს ყაზახეთში ავტოექსპორტი 9-ჯერ, უზბეკეთში 20-ჯერ, ტაჯიკეთში 23-ჯერ და ყირგიზეთში 79-ჯერაა გაზრდილი.
გრაფიკი 3: ავტოექსპორტი (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ავტოექსპორტის ხსენებისას, სანქციების საკითხი ხდება ხოლმე აქტუალური. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ალბათობით, შუა აზიის ქვეყნებში გაყიდული ავტომობილების ნაწილის საბოლოო დანიშნულების ადგილი რუსეთია, საქართველო მაინც ვერ იქნება სანქციების დამრღვევი სახელმწიფო, რადგან ექსპორტი რუსეთშია აკრძალული და არა ყირგიზეთში. („ფაქტ-მეტრი“ არ ამტკიცებს, რომ ყირგიზეთიდან ან შუა აზიის რომელიმე სხვა ქვეყნიდან საქართველოდან ნაყიდი ავტომობილები აუცილებლად რუსეთში გადადის. მოყვანილი მაგალითი საილუსტრაციოა). რაც შეეხება უშუალოდ რუსეთს, 2024 წლიდან პირდაპირი ექსპორტი პრაქტიკულად განულდა. ორ წელიწადში რუსეთში პირდაპირი ექსპორტის გზით სულ 300 ათასი დოლარის ღირებულების 17 ავტომობილი გაიყიდა, რაც როგორც თანხობრივად, ასევე რაოდენობრივად 0.01%-ზე ნაკლებია.
2025 წელს საქართველომ 2.8 მლრდ-ის ღირებულების 111 ათასი ავტომობილი გაყიდა, თუმცა ამავე დროს 3.9 მლრდ-ის ღირებულების 234 ათასი ავტომობილი შეიძინა (მთლიანი ავტოექსპორტი რეექსპორტს წარმოადგენს). 2.3 მლრდ-ით იმპორტში პირველ ადგილს შეერთებული შტატები იკავებს, 661 მლნ-ით მეორე ადგილზე გერმანიაა, 330 მლნ-ით სამეულს იაპონია ასრულებს, 59 მლნ-ით ჩინეთმა მეექვსე ადგილი დაიკავა და კორეას გადაუსწრო.
ბოლო სამი წელია, რაც რეექსპორტის მაჩვენებელი ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელს აჭარბებს და 2025 წელსაც მან 53.8% შეადგინა. 2025 წელს ადგილობრივი ექსპორტიც 12.5%-ით - 3.4 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, თუმცა ამ ზრდის მიუხედავად, ის 2022 წლის რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით მაინც 360 მლნ-ით ნაკლებია. ჩამორჩენის მიზეზი ძირითადად სპილენძის მადნებია, სპილენძის მადნების ექსპორტმა 2022 წელს 1 მლრდ, ხოლო 2025 წელს 92 მლნ დოლარი შეადგინა.