„ორი ყველაზე უვარგისი სახელმწიფო ორგანო საქართველოში: ბიზნესომბუდსმენის სამსახური (დღესვე უნდა გაუქმდეს) და კონკურენციის სააგენტო (მინიმუმამდე უნდა დავიდეს თანამშრომელთა რაოდენობა). ერთადერთი საქმე, რაც ამ უწყებამ „ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში გააკეთა, იყო ის, რომ ორი წლის წინ 50 მილიონი ლარით დააჯარიმა ნავთობკომპანიები... ყველა საქმე წააგო სასამართლოში“.
ფაქტ-მეტრმა განცხადების ის ნაწილი გადაამოწმა, სადაც საუბარია ნავთობკომპანიების დაჯარიმებაზე და ამ საქმესთან დაკავშირებული სასამართლო პროცესების წაგებაზე.
2015 წლის 14 ივლისს N81 ბრძანებისთანახმად, კონკურენციის სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზრის კვლევის შედეგად დაადგინა, რომ საქართველოში მოქმედი ყველა ძირითადი ნავთობკომპანია კონკურენციის შესახებ კანონს არღვევდა და ფასების დადგენისას შეთანხმებულად მოქმედებდა. კონკურენციის სააგენტომ ნავთობკომპანიებს ჯამში 55 მილიონამდე ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ის შემდეგნაირად გადანაწილდა:
„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ - 14 381 385 ლარი;
„სან პეტროლიუმ ჯორჯია (გალფი)“ - 11 267 384 ლარი;
„რომპეტროლ საქართველო“- 10 845 806 ლარი;
„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ - 10 426 393 ლარი;
„ლუკოილ-ჯორჯია“ – 4 470 260 ლარი;
„L ოილი“ – 1 209 890 ლარი;
„ი თი აი“ – 1 172 766 ლარი;
„ბინული 1“ – 654 445 ლარი.
ამასთან, "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევისთვის 200 ლარიანი ჯარიმები დაეკისრათ შპს „ლუკოილ ჯორჯიასა“ და შპს „რომპეტროლ საქართველოსთან“ ფრენშაიზინგის/ქველიცენზიის ხელშეკრულებების შესაბამისად მომუშავე 23 ეკონომიკურ აგენტს.
დაჯარიმებულმა ყველა ნავთობკომპანიამ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. კონკურენციის სააგენტოს 2016 წლის საქმიანობის ანგარიშისთანახმად, ნავთობკომპანიების საქმესთან დაკავშირებით 9 სასამართლო დავა მიმდინარეობდა.
2016 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ კონკურენციის სააგენტოს წინააღმდეგ „სოკარ ჯორჯიას“ და „ლუკოილ-ჯორჯიას“ სარჩელები არ დააკმაყოფილა და კონკურენციის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.ეს გადაწყვეტილებები ორივე ნავთობკომპანიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
2017 წლის 27 აპრილის თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. სასამართლომ საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმისთვის“ დაკისრებული ჯარიმა სასამართლომ ბათილად ცნო. საქმე ხელახალი გამოკვლევისთვის კონკურენციის სააგენტოს დაუბრუნდა. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება კონკურენციის სააგენტომ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. უზენაესმა სასამართლომ კონკურენციის სააგენტოს სარჩელი დაუშვებლად სცნო და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ხაზგასმულია, რომ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები (კონკურენციის სააგენტოს მიერ) არ არის გამოკვლეული, რაც არის ადმინისტრაციული ორგანოს (ამჯერად კონკურენციის სააგენტოს) ფუნქცია.
ნავთობკომპანიების საქმეზე კონკურენციის სააგენტოს წინააღმდეგ კიდევ 8 სასამართლო დავა მიმდინარეობს. ჩვენ დავუკავშირდით კონკურენციის სააგენტოს, იურიდიულ დეპარტამენტს, მათ აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურეს. ჩვენ კითხვაზე მოხდებოდა თუ არა საავტომობილო საწვავის ბაზრის ხელახალი შესწავლა და შესაბამისად 2015 წელს მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა, სააგენტოში გვიპასუხეს: „დაველოდებით სასამართლო დავების დასრულებას და სასამართლო გადაწყვეტილებების შესაბამისად ვიმოქმედებთ. კონკურენციის სააგენტო ამ ეტაპზე მხოლოდ „სოკარ ჯორჯიას“ საქმეს გადახედავს“.
აღსანიშნავია, რომ კონკურენციის სააგენტომ საწვავის ბაზრის ერთიანი მოკვლევა ჩაატარა და თუ „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ შემთხვევაში მნიშვნელოვანი გარემოებები გამოკვლეული არ იყო და საკმარისი მტკიცებულებებიც არ არსებობდა, ლოგიკურად, სასამართლომ დანარჩენი ნავთობკომპანიების შემთხვევაშიც ანალოგიური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. დასკვნა 2015წლის ივლისში კონკურენციის სააგენტომ კვლევის შედეგად დაადგინა, რომ საქართველოში მოქმედი მსხვილი ნავთობკომპანიები („სოკარი“, „გალფი“, „რომპეტროლი“, „ვისოლი“, „ლუკოილი“, „L ოილი“, „ი თი აი“, „ბინული 1“) კონკურენციის შესახებ კანონს არღვევდნენ და შეთანხმებული ფასებით მოქმედებდნენ. კონკურენციის სააგენტომ ნავთობკომპანიებს ჯამში 55 მილიონამდე ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
დაჯარიმებულმა ნავთობკომპანიებმა კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს. სააპელაციო სასამართლომ „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმისთვის“ დაკისრებული ჯარიმა, საკმარისი მტკიცებულებების არ არსებობის გამო, ბათილად სცნო და კონკურენციის სააგენტოს საქმის ხელახალი გამოკვლევა დაავალა. აღნიშნული გადაწყვეტილება კონკურენციის სააგენტომ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ სარჩელი დაუშვებლად სცნო. ნავთობკომპანიების საქმესთან დაკავშირებით სულ 9 სასამართლო დავა მიმდინარეობდა, აქედან ერთი მათგანი დასრულდა, დანარჩენი 8 სასამართლო დავა ჯერ არ დასრულებულა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სხვა ნავთობკომპანიებიც კონკურენციის სააგენტოს ანალოგიურ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, დიდი ალბათობით, სასამართლო დანარჩენ დავებზეც ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
ფაქტ-მეტრი რომან გოცირიძის განცხადებას ამ ეტაპზე უვერდიქტოდ ტოვებს. ჩვენ თვალს მივადევნებთ აღნიშნულ სასამართლო დავებს და ამ თემას მომავალში კვლავ დავუბრუნდებით.