ის კომპანიები, რომლებიც იქ [წერეთლის გამზირზე] მუშაობდნენ, „ქართული ოცნების“ შემომწირველები იყვნენ

ლაშა ფარულავა: ის კომპანიები, რომლებიც იქ [წერეთლის გამზირზე] მუშაობდნენ, „ქართული ოცნების“ შემომწირველები იყვნენ

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლაშა ფარულავას განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას, რომელიც სამ სხვადასხვა მონაკვეთად იყო დაყოფილი, ორი კომპანია ახორციელებდა - „ერ ტე დე“ და „მილენიუმ ბილდერს გრუპი“. ეს უკანასკნელი გამზირის ორი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე მუშაობდა.

პარტიების შემოწირულებების ვებ-გვერდის მიხედვით, პარტია „ქართული ოცნების“ შემწირველი მხოლოდ ერთი კომპანიის -„ერ ტე დეს“ დირექტორი და მფლობელი ლუხუმ ქართლოსიშვილი აღმოჩნდა, რომელმაც 2016 წლის 23 სექტემბერს, წინასაარჩევნოდ, პარტია „ქართულ ოცნებას“ 25 000 ლარი შესწირა.

რაც შეეხება მეორე კომპანიის - „მილენიუმ ბილდერს გრუპს“, მის მფლობელს და დირექტორ გიორგი ბუტიკაშვილს პარტია „ქართული ოცნებისთვის“ პარტიების შემოწირულებების მონაცემების მიხედვით, თანხა არ შეუწირავს.

შესაბამისად, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, წერეთლის გამზირზე რეაბილიტაციის განმახორციელებელი კომპანიებიდან „ქართული ოცნების“ შემწირველი მხოლოდ ერთი კომპანიაა. სხვა საპირისპირო მტკიცებულების დამადასტურებელი ფაქტი ღია წყაროების საშუალებით არ მოიპოვება. თუ განცხადების ავტორი ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებას მოგვაწვდის, „ფაქტ-მეტრი“ ვერდიქტს შეცვლის.

ამ ეტაპზე, ჩვენს ხელთ არსებულ მასალაზე დაყრდნობით, „ფაქტ-მეტრი“ ლაშა ფარულავას განცხადებას აფასებს ვერდიქტით ნახევრად სიმართლე.

ანალიზი

თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის შეფერხების საპროტესტოდ აქცია-პერფორმანსი გამართეს. „ნაციონალური პარტიის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიებზე ისაუბრა და აღნიშნა: „ის კომპანიები, რომლებიც აქ მუშაობდნენ „ქართული ოცნების“ შემომწირველები იყვნენ, ესენი არიან ფავორიტები ხელისუფლების, რომლებიც წინასაარჩევნოდ „ქართულ ოცნებას“ ფულს სწირავენ“.

წერეთლის გამზირი სარეაბილიტაციოდ სამ სხვადასხვა მონაკვეთად დაიყო და თითოეულ მათგანზე თბილისის მერიამ ცალკე ტენდერი გამოაცხადა. პირველი ცაბაძის ქუჩიდან გვეტაძის ქუჩამდე მონაკვეთს მოიცავს, მეორე მონაკვეთი - გვეტაძის ქუჩიდან სამტრედიის ქუჩამდე, მესამე მონაკვეთი კი - სამტრედიის ქუჩიდან დიდუბის ხიდამდე (დეტალურად იხ. სტატია1, სტატია 2).

თბილისის მერიამ პირველ მონაკვეთზე ტენდერი 2023 წლის 16 იანვარს გამოაცხადა. ტენდერის (NAT230001040) სავარაუდო ღირებულება 8 889 150 ლარი იყო. ტენდერს ოთხი პრეტენდენტი ჰყავდა. საბოლოოდ, გამარჯვებულად კომპანია „ერ ტე დე“ გამოცხადდა (ყველაზე დაბალი ფასის შეთავაზების გამო) და ტენდერის ღირებულება 8 198 293 ლარით განისაზღვრა.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის მიხედვით, კომპანია 2013 წელს დაფუძნდა. კომპანიის ამჟამინდელი მესაკუთრე და დირექტორი ლუხუმ ქართლოსიშვილია. კომპანიას ჯამში 101 ტენდერი აქვს მოგებული. ლუხუმ ქართლოსიშვილს 2016 წელს „ქართული ოცნებისთვის“ 25 000 ლარი აქვს შეწირული.

რაც შეეხება წერეთლის გამზირის მეორე და მესამე მონაკვეთებს, მათ რეაბილიტაციას ერთი კომპანია „მილენიუმ ბილდერს გრუპი“ ახორციელებდა.

წერეთლის გამზირის მეორე მონაკვეთზე ტენდერი (NAT230001041) 2023 წლის 18 იანვარს გამოცხადდა. კომპანიასთან 11 844 540 ლარიანი ხელშეკრულება 2023 წლის 27 თებერვალს გაფორმდა.

მესამე მონაკვეთზე ტენდერი (NAT230001042) იმავე დროს, 2023 წლის 18 ინვარს გამოცხადდა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ შემთხვევაშიც შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპმა“ გაიმარჯვა, რომელთანაც 8 365 450 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის მიხედვით, კომპანია „მილენიუმ ბილდერს გრუპი“ 2014 წელს დარეგისტრირდა, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი გიორგი ბუტიკაშვილი, დირექტორი კი ირაკლი კვაშილავა იყო. 2016 წლიდან მფლობელიც და დირექტორიც გიორგი ბუტიკაშვილია. პარტიების შემოწირულებების ვებგვერდის მიხედვით, გიორგი ბუტიკაშვილს არც ერთი პარტიის სასარგებლოდ გაღებული შეწირულება არ უფიქსირდება.

განხილული მასალის მიხედვით, წერეთლის გამზირის განმახორციელებელი ორი კომპანიიდან, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ შეწირულება ერთი კომპანიის -„ერ ტე დეს“, მესაკუთრეს და დირექტორ ლუხუმ ქართლოსიშვილს აქვს. შეწირულება 2016 წლის 23 სექტემბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე (საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართა) რამდენიმე დღით ადრე არის განხორციელებული და 25 000 ლარს შეადგენს.

შესაბამისად, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, წერეთლის გამზირზე რეაბილიტაციის განმახორციელებელი კომპანიებიდან „ქართული ოცნების“ შემწირველი მხოლოდ ერთი კომპანიაა. სხვა საპირისპირო მტკიცებულების დამადასტურებელი ფაქტი ღია წყაროების საშუალებით არ მოიპოვება. თუ განცხადების ავტორი ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებას მოგვაწვდის, „ფაქტ-მეტრი“ ვერდიქტს შეცვლის.

ამ ეტაპზე, ჩვენს ხელთ არსებულ მასალაზე დაყრდნობით, „ფაქტ-მეტრი“ ლაშა ფარულავას განცხადებას აფასებს ვერდიქტით ნახევრად სიმართლე.