გრიგოლ გეგელია: 9%-იანი ეკონომიკური ზრდით, 4 წელიწადში მშპ გაორმაგდება

ვერდიქტი [განახლებული]: „ფაქტ-მეტრი" გრიგოლ გეგელიას განცხადებასვერდიქტის გარეშე ტოვებს.

სანდრო რაქვიაშვილი: 9%-იანი ეკონომიკური ზრდით, 4 წელიწადში მშპ-ის გაორმაგება მათემატიკურად შეუძლებელია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, სანდრო რაქვიაშვილის განცხადება არის სიმართლე.

9%-იანი ეკონომიკური ზრდის შემთხვევაში, საბაზისო პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ 4 წლის შემდეგ 41%-ით იქნება გაზრდილი. ამ ტემპით, ეკონომიკის გასაორმაგებლად, ორჯერ მეტი დრო ანუ 8 წელია საჭირო. მეორე მხრივ, ოთხ წელიწადში მშპ-ის გასაორმაგებლად, ეკონომიკა წლიურად 19%-ით უნდა იზრდებოდეს, რაც პრაქტიკულად ძალიან რთული წარმოსადგენია, თუმცა თეორიულად შესაძლებელი.

9%-იანი ზრდით, 4 წელიწადში ინფლაციის დამატებით, მხოლოდ ნომინალური ეკონომიკის გაორმაგებაა შესაძლებელი (ჰიპერინფლაციის შემთხვევაში, უფრო დიდი ზრდაც დასაშვებია), თუმცა ნომინალური ზრდა ქვეყნისა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე დადებითად ვერ აისახება.

„ფაქტ-მეტრი“ იმის განხილვაში ვერ შევა, 2025-2028 წლებში ცალკეული პოლიტიკური პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, მშპ-ის ზრდის ტემპი რამდენი იქნება, მაგრამ განცხადება, რომ 4 წელიწადში 9%-იანი ზრდით მშპ-ის გაორმაგება მიიღწევა, ტყუილია, ვინაიდან აღნიშნული მათემატიკურად შეუძლებელია.

ანალიზი:

17 იანვარს ტვ პირველის ეთერში, გადაცემაში „საჯარო პოლიტიკა“, დებატებში ერთმანეთს „გირჩისა“ და „ლელოს“ წევრები დაუპირისპირდნენ. კამათისას გრიგოლ გეგელიამ განაცხადა: „პირველი 4 წლის თავზე ჩვენ შევძლებთ, რომ ეკონომიკა იყოს გაორმაგებული“. ... „ამისთვის საჭირო არის სულ მინიმუმ 9%-იანი ეკონომიკური ზრდა“. „ხომ გეუბნებით მათემატიკის პრობლემა აქვს მეთქი, რა ვქნა აბა?“, - განაცხადა პასუხად სანდრო რაქვიაშვილმა.

პოლიტიკოსებს შორის კამათი „ლელოს“ დაპირებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც ასაკობრივი პენსია 1000 ლარამდე უნდა გაიზარდოს. კითხვაზე, თუ რა საშუალებით ხედავდა პარტია ამ მიზნის მიღწევას (2024 წელს 315 და 415-ლარიან პენსიის გასაცემად სახელმწიფო ბიუჯეტში 3.9 მლრდ ლარია გათვალისწინებული, 1000-ლარიანი პენსიისთვის კი მინიმუმ 10 მლრდ ლარი იქნება საჭირო), გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომ ეკონომიკას გააორმაგებდნენ.

ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის განსასაზღვრად, არსებულთაგან საუკეთესო მეთოდად მშპ მიიჩნევა. ეკონომიკური განვითარების ტემპი კი შესაბამისად, მშპ-ის ზრდის ტემპით დგინდება. როგორც წესი, განვითარებად ქვეყანას, ისეთს როგორიც საქართველოა, მშპ-ის ზრდის უფრო დიდი პოტენციალი გააჩნია. 90-იანი წლების პირველი ნახევრის კატასტროფული ვარდნის შემდეგ, საქართველოს მშპ-ის ზრდის ტემპი თითქმის ყოველთვის ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ზრდის ტემპს უსწრებდა, თუმცა საბაზისო პერიოდის გათვალისწინებით, საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე, დღესაც ევროკავშირის ყველაზე ღარიბი ქვეყნის, ბულგარეთის მაჩვენებელზე გაცილებით ნაკლებია.

ყველაზე მაღალი - 12.6%-იანი ეკონომიკური ზრდა, საქართველოს 2007 წელს ჰქონდა. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა (10.5% და 10.4%) დაფიქსირდა 2021-2022 წლებშიც. თუ შესადარებლად „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდებს ავიღებთ, 2004-2012 წლებში საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდის ტემპი 6.1%-ს შეადგენდა, 2013-2023 წლებში - 4.4%-ს. პანდემიამდე, 2019 წელს ზრდა 5% იყო, ამდენივე აქვს გათვლილი „ქართულ ოცნებას“ საშუალოვადიან პერსპექტივაშიც (2024 წელს - 5.2%-იანი ზრდა, 2025-2027 წლებში - 5%-იანი ზრდა). „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდს თუ გავაერთიანებთ, ბოლო 20 წელიწადში ეკონომიკის ზრდის 5.2%-იან საშუალო წლიურ ტემპს მივიღებთ. ამ ტემპით, ეკონომიკა ჯამურად 175%-ით გაიზარდა. საშუალო ზრდის ტემპი 9% რომ ყოფილიყო, ჯამური ზრდა ბევრად მეტი - 460%, იქნებოდა და საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი ევროკავშირის დღევანდელ საშუალო მაჩვენებელს გაუტოლდებოდა. თეორიულად, იმ შემთხვევაში, თუ ზრდა 18.9% იქნებოდა, იმდენი, რამდენიც საჭიროა 4 წელიწადში ეკონომიკის გასაორმაგებლად, მაშინ საქართველო პლანეტის უმდიდრესი სახელმწიფო გახდებოდა, გაუსწრებდა შვეიცარიას და ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლით პირველ ადგილს დაიკავებდა. რეალობაში კი ეკონომიკის გაორმაგებას 14 წელი დასჭირდა.

არსებობს გამონაკლისები, როდესაც რომელიმე ქვეყნის ეკონომიკა წლიურად 19%-ზე მეტითაც იზრდება, მაგრამ მას თავის კონკრეტული ახსნა აქვს. გაიანაში 2022 წელს ეკონომიკა 63%-ით გაიზარდა, რაც ნავთობის ახალი საბადოების აღმოჩენას უკავშირდება. 20%-იანი ზრდა იყო ფიჯიზეც, თუმცა იქამდე ამ ქვეყანაში 2021 წელს ეკონომიკა - 4.9%-ით, 2020 წელს კი 17%-ით შემცირდა. 17%-იანი ზრდა კაბო ვერდესაც ჰქონდა, რომლის ეკონომიკაც 2020 წელს 21%-ით შემცირდა, მსგავსი ვითარებაა ბაჰამიზეც. კიდევ უფრო მაღალი - 87%-იანი ზრდა დაფიქსირდა 2012 წელს ლიბიაში, თუმცა 2011 წელს სამოქალაქო ომის დროს ლიბიის ეკონომიკა განახევრდა და ქვეყანა 2010 წლის დონეს 87%-იანი ზრდითაც კი ვერ დაწია.

გრაფიკი 1: საქართველოს ეკონომიკის ზრდა დინამიკაში 2003=100

წყარო: მსოფლიო ბანკი

მშპ-ის ზრდის გამოთვლისას, საწყის პერიოდს რთული პროცენტი უნდა დავარიცხოთ. თუ საბაზისო პერიოდად 2024 წელს ავიღებთ და ჩავთვლით 100-ად, 2025 წელს ის 109-მდე გაიზრდება, 2026 წელს - 118.8-მდე, 2027 წელს - 125.5-მდე, ხოლო 2028 წელს - 141.2-მდე.

მათემატიკა ზუსტი მეცნიერებაა. მნიშვნელობა არ აქვს, საბაზისო რიცხვად 100-ს ავიღებთ, მილიონს, მილიარდს თუ ხუთ ტრილიონს, 9%-იანი ზრდის შემთხვევაში, 4 წლის შემდეგ მიღებული შედეგი საწყის მაჩვენებელზე მაინც 41%-ით მეტი იქნება და არა 100%-ით.

უნდა ითქვას, რომ ასეთი ზრდა პრაქტიკულად გამორიცხულია, თუმცა თეორიულად დასაშვები, 9%-იანი ზრდით 4 წელიწადში გაორმაგება კი თეორიულადაც შეუძლებელი. 9%-იანი ეკონომიკური ზრდით ეკონომიკის გასაორმაგებლად 8 წელია საჭირო, ანუ ხელისუფლებაში ყოფნის ორი ვადა და არა ერთი.

გრაფიკი 2: ეკონომიკური ზრდის თეორიული სცენარები

თუ მშპ-ის თანხობრივად მხოლოდ ნომინალში დავითვლით, მაშინ ინფლაციის დამატებით უფრო დიდი ზრდაც შესაძლებელია, მაგრამ გაძვირებულ პროდუქტში უფრო მეტი თანხის გადახდა მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაზე არ მეტყველებს.

„ფაქტ-მეტრი“ ცხადია, ვერ შევა იმის განხილვაში, 2025-2028 წლებში ცალკეული პოლიტიკური პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, მშპ-ის ზრდის ტემპი რამდენი იქნება. თუმცა ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, მათემატიკის წესები უცვლელი დარჩება და წლიური 9%-იანი ზრდით 4 წელიწადში ეკონომიკა ვერ გაორმაგდება. ამ ტემპით მიღებული შედეგი - 41%-იანი ჯამური ზრდა მნიშვნელოვნად - 2.5-ჯერ, ჩამორჩება დასახელებულ 100%-იან ზრდას. იმის გათვალისწინებით, რომ 9%-იანი ზრდით 4 წელიწადში ეკონომიკის გაორმაგება არათუ პრაქტიკულად, თეორიულადაც კი შეუძლებელია, „ფაქტ-მეტრმა“ გრიგოლ გეგელიას განცხადება თავდაპირველად შეაფასა როგორც ტყუილი (იხილეთ რედაქტორის შენიშვნა), ხოლო მისი ოპონენტის, სანდრო რაქვიაშვილის განცხადება, რომელიც მსგავს დაშვებას უარყოფდა, შეაფასა როგორც სიმართლე. გრიგოლ გეგელიას მხრიდან საკუთარი ციტატის დაზუსტების შემდეგ, "ფაქტ-მეტრმა" სტატია განაახლა.

რედაქტორის შენიშვნა:

მოცემულ სტატიაში გრიგოლ გეგელიას განცხადება თავდაპირველად შეფასებული იყო ვერდიქტით ტყუილი. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ფაქტ-მეტრს დაუკავშირდა გრიგოლ გეგელია და განმარტა, რომ მისი მხრიდან ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება იყო წამოცდენა და, სინამდვილეში, საუბრობდა მაღალი ეკონომიკური ზრდის (9% და მეტი) შემთხვევაში ბიუჯეტის გაორმაგების შესაძლებლობაზე, რაც ბუნებრივია, თეორიულად შეუძლებელი არაა. ვინაიდან პოლიტიკოსს ეთერში აღნიშნული არ დაუზუსტებია და განცხადება შეცდომაში შემყვანი იყო, ფაქტ-მეტრმა ის გადაამოწმა.

ფაქტ-მეტრის მეთოდოლოგიის შესაბამისად, წამოცდენა ვერდიქტით შეფასებას არ ექვემდებარება. გრიგოლ გეგელიას მიერ ფაქტ-მეტრთან დაზუსტებული განცხადება გადამოწმებადი აღარაა, რადგან ფაქტ-მეტრი, როგორც წესი, არ ამოწმებს პროგნოზებს. იმისათვის, რომ ჩვენი სტატია შეცდომაში შემყვანი არ აღმოჩნდეს მკითხველისთვის, მასში ცვლილება შეგვაქვს. განახლებულ სტატიაში ნაცვლად ვერდქიტისა ტყუილი, გრიგოლ გეგელიას განცხადებას ვერდიქტის გარეშე ვტოვებთ.


პერსონები