ბათუმის მერიის მიერ სპორტის მიმართულებით დაგეგმილ პროგრამებს/ქვეპროგრამებს ა(ა)იპ ბათუმის სპორტული ცენტრი ახორციელებს. აქ შტატში 40 ადამიანი მუშაობს. მათი შრომის ანაზღაურებისთვის 753 210 ლარია დაგეგმილი. ამას ემატება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული 22 ადამიანი, რომელთა შრომის ანაზღაურების საპროგნოზო მაჩვენებელი 345 453 ლარს შეადგენს, აქედან 82 790 ლარი საკუთარი სახსრებით დაფინანსდება, ხოლო 262 663 ლარს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დაფარავს. ჯამში, ორგანიზაციაში დასაქმებული 62 პირის ხელფასებზე ბიუჯეტიდან 1 015 873 ლარის დახარჯვა იგეგმება.

სპორტულ ცენტრში დასაქმებულების გარდა, ეზოს ფეხბურთის, საპლაჟო და ფუსტალის სექციაში, ასევე ქვიშის ჭიდაობის, მინდვრის ჰოკეისა და სპეციალური საჭიროების ბავშვთა სპორტულ სექციებში დასაქმებულია 36 ადამიანი (მათი ნაწილი - შრომითი ხელშეკრულებებით), რომელთა ანაზღაურებისთვისაც ბიუჯეტში გათვალისწინებულია 331 032 ლარი.

ამასთანავე, ბიუჯეტიდან არაერთი სპორტული კლუბი ფინანსდება. ამის შესახებ დეტალური მონაცემები ასახულია მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დანართ 1-ში (რომლის გახსნაც შესაძლებელია ბმულზე გადასვლის შემდეგ).

ცხრილი 1. სპორტული კლუბები, რომლებიც ბათუმის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან ფინანსდება, დასაქმებულების რიცხოვნობა, შრომის ანაზღაურება

წყარო: ბათუმის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი, ავტორის გამოთვლები

ცხრილი 1-დან ჩანს, რომ სპორტული კლუბებში, ძირითადი შემადგენლობის, მწვრთნელებისა და ექიმების გათვალისწინებით, დასაქმებული სულ 256 პირი, რომელთა შრომის ანაზღაურება ბიუჯეტს 4 939 354 ლარი დაუჯდება.

ბათუმის ბიუჯეტიდან ფინანსდება ასევე ჰოკეის, ფიგურული ციგურაობის, სანიჩბოსნო სპორტის, ამპუტანტ ფეხბურთელთა, ქართული ჭიდაობის, წყალბურთისა და ქალ ფეხბურთელთა სექციებში მომუშავე 60-ზე მეტი ადამიანი (როგორც შტატით, ისე - შრომითი ხელშეკრულებით). მათი ხელფასებისთვის გათვალისწინებული თანხის მოცულობა 726 000 ლარს აღემატება.

მთლიანობაში, ა(ა)იპ ბათუმის სპორტულ ცენტრში, სპორტულ კლუბებსა და სექციებში, როგორც შტატში, ისე შრომითი ხელშეკრულებებით, 400-ზე მეტი ადამიანი მუშაობს. მათი შრომის ანაზღაურების საპროგნოზო მაჩვენებელი 7 მლნ ლარს აღემატება.

სიტუაციის უფრო ცხადად წარმოსადგენად, 2024 წლის მონაცემები 2023 წლის ბიუჯეტის ანალოგიურ მონაცემებთან შევადარეთ. ქალაქ ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტის დანართის შესწავლით ირკვევა, რომ გასულ წელს ა(ა)იპ ბათუმის სპორტულ ცენტრში ანაზღაურება გათვალისწინებული იყო 61 პირისთვის (აქედან 22 პირი - შრომითი ხელშეკრულებით) და შეადგენდა 934 100 ლარს, საიდანაც საკუთარი სახსრებით მხოლოდ 64 700 ლარი ფინანსდებოდა. თუ წლევანდელ საპროგნოზო მაჩვენებელს შევადარებთ, ვნახავთ, რომ გაზრდილია როგორც მომუშავეთა რიცხოვნობა, ისე - შრომის ანაზღაურებისთვის გასაცემი თანხის მოცულობა. თუმცა ეს ზრდა უმნიშვნელოა და თუ შარშან ერთ დასაქმებულზე თვეში, საშუალოდ, 1 276 ლარი იყო გათვალისწინებული, წელს 1 365 ლარია.

ეზოს ფეხბურთის, საპლაჟო და ფუსტალის სექციაში, ასევე ქვიშის ჭიდაობის, მინდვრის ჰოკეისა და სპეციალური საჭიროების ბავშვთა სპორტულ სექციებში კი შარშან შრომითი ხელშეკრულებებით მუშაობდა 35 პირი, რომლებზეც ხელფასის სახით გამოყოფილი იყო 270 400 ლარი, რაც, ასევე, ნაკლებია წელს დაგეგმილ ანალოგიურ ხარჯზე.

ანალოგიური სიტუაციაა სპორტულ კლუბებთან მიმართებითაც. კერძოდ, შარშანდელი შრომის ანაზღაურების გეგმა 2024 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს თითქმის 649 ათასი ლარით ჩამორჩება.

ცხრილი 2. სპორტულ კლუბებში მომუშავეთა შრომის ანაზღაურებისთვის ბათუმის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული ხარჯი

წყარო: ბათუმის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი, ავტორის გამოთვლები

როგორც ცხრილი 2 აჩვენებს, შარშანდელ ბიუჯეტში შრომის ანაზღაურება დაგეგმილი იყო 4 290 530 ლარით მხოლოდ სპორტულ კლუბებში მომუშავე 257 ადამიანისთვის.

რაც შეეხება ჰოკეის, ფიგურული ციგურაობის, სანიჩბოსნო სპორტის, ამპუტანტ ფეხბურთელთა, ქართული ჭიდაობის, წყალბურთისა და ქალ ფეხბურთელთა სექციებს, 2023 წლის ბიუჯეტის გეგმის თანახმად, დასაქმებულთა რაოდენობა 60-ს აღემატებოდა (როგორც შტატით, ისე - შრომითი ხელშეკრულებით) და მათი ხელფასებისთვის გათვალისწინებული თანხის მოცულობა 603 550 ლარს შეადგენდა.

როგორც ვხედავთ, სპორტის მიმართულებით სახელფასო ანაზღაურებისთვის 2023 წლის ბიუჯეტით დაგეგმილი ხარჯი, ჯამურად, 6 მლნ 100 ათასს აღწევს, რაც წლევანდელ საპროგნოზო მაჩვენებელზე, თითქმის, 1 მლნ ლარით ნაკლებია. აქვე შეგახსენებთ, რომ პარამეტრებზე აისახა ხელფასის 10%-იანი ზრდაც.

შენიშვნა: ყველა მაჩვენებელი დაანგარიშებულია ბათუმის 2023 და 2024 წლების ბიუჯეტების დანართების მიხედვით, რომლებიც საჯაროდ ხელმისაწვდომია matsne.gov.ge-ზე.

„ფაქტ-მეტრი“ ბათუმის ბიუჯეტის პარამეტრებზე დაკვირვებას მომავალშიც გააგრძელებს.