სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები ფოტოანაბეჭდს ავრცელებენ (1; 2; 3), რომელზეც პარტია „დროა“-ს თავმჯდომარის ელენე ხოშტარიას შემდეგი ყალბი ციტატაა წარმოდგენილი: „რიკოთზე 65 რუსული ხიდი და 38 რუსული გვირაბი გახსნა "რუსულმა ოცნებამ" - ელენე ხოშტარია“. სინამდვილეში, ციტატა ყალბია, ხოშტარიას მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.
საინტერესოა, რომ ფოტოანაბეჭდზე არანაირი ინფორმაცია არაა მოცემული იმის შესახებ, ელენე ხოშტარიამ მსგავსი განცხადება სად ან როდის გააკეთა. ამასთან, ფოტოანაბეჭდის ვიზუალი არცერთ ქართულ მედიასაშუალების დიზაინს არ ჰგავს და მასზე არც რომელიმე მედიასაშუალების ლოგოა დატანილი.
ვინაიდან საუბარია რიკოთზე გვირაბებისა და ხიდების გახსნაზე, დროის პერიოდი სავარაუდოდ 28 ოქტომბრის შემდეგ უნდა იყოს, როდესაც რიკოთზე გზის 27 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა. თუმცა ინფორმაციის გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ აღნიშნული ციტატა არც ერთი სანდო მედიასაშუალების ვებგვერდზე არ იძებნება.პირად Facebook გვერდზე განცხადება არც ელენე ხოშტარიას გამოუქვეყნებია.
ამდენად, ზემოაღნიშნული ციტატა, რომელსაც ელენე ხოშტარიას მიაწერენ, გაყალბებულია.
--------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.