სოციალურ ქსელში შეცდომაში შემყვანი პოსტი ვრცელდება. პოსტის ავტორის მტკიცებით, „ისრაელის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა გასცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც პალესტინელი დაჭრილი ტერორისტების მკურნალობა იკრძალება“. სინამდვილეში, ისრაელის მედიაში ჯანდაცვის სამინისტროს წერილი ტერორისტების მკურნალობასთან დაკავშირებით მართლაც გავრცელდა, თუმცა, ის მათ მკურნალობაზე მთლიანად უარის თქმას არ გულისხმობს.
როგორც გამოცემა „Time of Israel“ იუწყება, 11 ოქტომბერს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თელ-ავივის მახლობლად, შებას სამედიცინო ცენტრში ჯგუფური თავდასხმის შედეგად დაჭრილი ჰამასის ტერორისტებს მკურნალობდნენ. აღნიშნულს ულტრანაციონალისტი ჯგუფების მხრიდან კლინიკასთან შეკრება და პოლიციასა და სამედიცინო დაწესებულის დაცვის სამსახურთან შელაპარაკება მოჰყვა. თუმცა, იქვე გაირკვა, რომ საავადმყოფოში ტერორისტები არ იმყოფებოდნენ. შებას სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლის ინფორმაციით, ტერორისტი სამკურნალოდ იქ მიიყვანეს, მაგრამ საავადმყოფოს უფროსმა თანამშრომლებმა მის მიღებაზე უარი განაცხადეს. პრესსპიკერის თქმით, მან არ იცის, საბოლოოდ, სად გადაიყვანეს დაჭრილი.
იმავე მედიის ცნობით, ხუთშაბათს [12 ოქტომბერი] დილის მონაცემებით, ისრაელის საავადმყოფოებში ტერორისტები არ მკურნალობდნენ. ამის მაგივრად, ისინი გადაყვანილ იქნენ ციხის სამედიცინო დაწესებულებებში.
მედია ასევე იუწყება, რომ ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა მოშე არბელმა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გაუგზავნა წერილი, რომელშიც აცნობა, რომ მან ყველა საჯარო საავადმყოფოსა და ჯანდაცვის სამსახურს დაავალა, აღარ მიიღონ დაჭრილი ტერორისტები და პრემიერს სთხოვა, აღნიშნული საკითხი თავდაცვის ძალებსა და უსაფრთხოების სააგენტოს გადაეცეთ.
მინისტრმა განაცხადა, რომ „ბრძოლის დაწყებიდან, ჰამასის ტერორისტების საჯარო საავადმყოფოებში მოპყრობის საკითხმა ჯანდაცვის სისტემას უზარმაზარი სირთულე შეუქმნა“. გარდა ამისა, მისი თქმით, ამ სიტუაციაში ჯანდაცვის სისტემამ მთელი ყურადღება უნდა გაამახვილოს „კრიმინალური ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთა მკურნალობაზე, ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებსა და მომდევნო მზადყოფნაზე“. მედიაში გავრცელებული ცნობით, მინისტრის წერილში ასევე აღნიშნულია: „საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემაში ტერორისტების დაცვისა და მკურნალობის ამოცანა მნიშვნელოვნად აზიანებს ამ ძალისხმევას და ამიტომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა მათ არ უმკურნალებს.... საკითხის განხილვა უნდა დაევალოს IDF-სა (ისრაელის თავდაცვის ძალები) ან Shin Bet-ს (ისრაელის უსაფრთხოების სააგენტო), ხოლო ჯანდაცვის სამინისტრო მზადაა საჭიროებისამებრ დაეხმაროს ამ ორგანოებს“.
„ფაქტ-მეტრი“ ისრაელის ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაცია „The Whistle”-ს დაუკავშირდა, მათ დაგვიდასტურეს, რომ ადგილობრივი მედიის მიხედვით, სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემა ტერორისტების მკურნალობას აღარ უზრუნველყოფს და მათი გადამისამართება თავდაცვისა და უსაფრთხოების სამსახურებს დაევალათ. დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, სტატია განახლდება.
ამგვარად, მტკიცება, რომ ისრაელის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანებით პალესტინელი ტერორისტების მკურნალობა იკრძალება, არ დასტურდება.
--------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.