გიორგი კაკაურიძე: სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერება ეროვნულ ბანკს უკავშირდება, მაგრამ არა 19 სექტემბრის ბრძანებას
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი კაკაურიძის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: სავალუტო ფონდის სამწლიანი პროგრამა, რომელიც 290 მლნ დოლარის კრედიტის გამოყოფას ითვალისწინებდა, 2022 წელს ამოქმედდა. პირველი ნაწილის წარმატებით დასრულების შემდეგ საქართველოს 40 მლნ დოლარის კრედიტზე გაუჩნდა წვდომა, თუმცა დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მოტივით, ამ შესაძლებლობით არ უსარგებლია.
2023 წლის ივნისში პროგრამა შეჩერდა. ფონდში მიზეზები არ განუმარტავთ, თუმცა ის თავიდანვე იმ საკანონმდებლო ცვლილებებს დაუკავშირდა, რომლის ძალითაც ეროვნულ ბანკში ახალი პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა გაჩნდა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ფუნქცია ყოფილ ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას დაეკისრა.
სავალუტო ფონდი ცვლილებებს თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა და პროგრამის შეჩერებაც სწორედ ეროვნული ბანკის გარშემო შექმნილ სიტუაციას უკავშირდება, მაგრამ არა ბოლო დროინდელ გადაწყვეტილებას (საქართველოს მოქალაქეებისთვის სანქციების აღსრულების ვალდებულების სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის დადგომამდე შეჩერება). პროგრამა 19 სექტემბრის ბრძანებამდე, 3 თვით ადრე შეჩერდა.
ანალიზი: პარლამენტში „რეფორმების ჯგუფთან“ შეხვედრაზე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ სავალუტო ფონდის მისიის შეჩერება დაადასტურა: „პროგრამის შეჩერება არის დაკავშირებული ეროვნული ბანკის საკითხებთან, თუმცა არა კონკრეტულად ბრძანებასთან [19 სექტემბერს გამოცემულ ბრძანებასთან, რომლის თანახმადაც საერთაშორისო სანქციები საქართველოს მოქალაქეზე სავალდებულო წესით მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის შემდეგ შედის ძალაში] და მე ვერ გაგცემთ სავალუტო ფონდის მაგივრად პასუხს, ზუსტად რის გამოა შეჩერებული. კონკრეტული პასუხი უნდა გამოვართვათ სავალუტო ფონდს. შეიძლება ბევრი რამე ვიცი, მაგრამ მის ნაცვლად ვერ გიპასუხებთ. ბორდზე უნდა გასულიყო დაახლოებით ივნისში და მას შემდეგ არის შეჩერებული, მას მერე არაფერი შეცვლილა და ველოდებით, რომ წლის ბოლომდე პროგრამის განახლება იქნება შესაძლებელი“.
საქართველო მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის წევრი 1992 წლის მაისიდან გახდა. სავალუტო ფონდის მთავარ მიზანს ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. სპეციფიკიდან გამომდინარე, მას ინტენსიური ურთიერთობა წევრი ქვეყნების მთავრობების გარდა, ამ ქვეყნების ცენტრალურ ბანკებთანაც უხდება.
2023 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს მთავრობის საგარეო ვალი 8.154 მლრდ დოლარს შეადგენდა, საიდანაც 2.4% ანუ 196 მლნ დოლარი სავალუტო ფონდის მიმართ არსებულ ვალდებულებას შეადგენდა, ეროვნული ბანკისთვის კი სავალუტო ფონდი ერთადერთ კრედიტორს წარმოადგენდა და კრედიტის მოცულობა 415 მლნ დოლარს შეადგენდა.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მონეტარულ პოლიტიკას ეროვნული ბანკი წარმართავს. ისაა პასუხისმგებელი ფასების სტაბილურობაზეც (მუხლი 68). უმაღლესი კანონით მინიჭებული დამოუკიდებლობის მიუხედავად, ეროვნულ ბანკს საკანონმდებლო ცვლილებების გატარება არ შეუძლია. სწორედ პარლამენტის მიერ ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანისა და პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევის შემდეგ სავალუტო ფონდის პროგრამაც შეჩერდა.
სამწლიანი პროგრამა, რომელზედაც გიორგი კაკაურიძე საუბრობდა, 2022 წელს ამოქმედდა. პროგრამა სულ 290 მლნ დოლარის კრედიტის მიღების შესაძლებლობას ითვალისწინებდა. ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, პირველი მიმოხილვის დასრულების შემდეგ ორმხრივი შეთანხმებით, ქართულმა მხარემ 40 მლნ დოლარიან კრედიტზე უარი განაცხადა, ივნისში კი თავად ფონდმა შეაჩერა პროგრამა.
2022 წელს საქართველოში 10.1%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. მოსალოდნელზე თითქმის 2-ჯერ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში (2022 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის თავდაპირველი ვარიანტი მშპ-ის 6%-იან ზრდას ითვალისწინებდა), 40 მლნ-იან სესხზე უარის თქმა პრობლემას არ წარმოადგენდა,
უკვე ერთნიშნა, მაგრამ ასევე დაგეგმილზე მაღალი (7%-იანი ზრდა იანვარ-აგვისტოში) ზრდა 2023 წელსაც გაგრძელდა. რეცესიას ვერც დარჩენილი 250 მლნ დოლარის ვერ მიღება გამოიწვევს, თუმცა ამ შემთხვევაში თანხის ოდენობა გადამწყვეტი ფაქტორი არაა. სავალუტო ფონდის შეფასებები გავლენას საინვესტიციო გარემოზე ახდენს. უარყოფითმა დასკვნამ შესაძლოა ქვეყანას ორჯერ ან ოთხჯერ 250 მლნ-იანი ინვესტიცია დააკარგვინოს, გარდა ამისა საკრედიტო რესურსიც ძვირდება.
პროგრამა შეჩერებულია, გაუქმების შემთხვევაში შესაძლო უარყოფითი შედეგების დადგომის ალბათობას გიორგი კაკაურიძეც ადასტურებს. „თუ საბოლოო ჯამში, სავალუტო ფონდმა არა თუ შეაჩერა, არამედ შეწყვიტა პროგრამა და განაცხადა, რომ საქართველოს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას აქვს საფრთხე, ამ შემთხვევაში ამან შეიძლება შეუქმნას გარკვეული საფრთხე სხვა საფინანსო ინსტიტუტებიდან კრედიტის მოზიდვას. თუ ჩვენ არ გვექნება პროგრამა, ჩვენ მოგვიწევს მტკიცება სათითაოდ ყველა საფინანსო ინსტიტუტთან ჩვენი მაკროეკონომიკური სტაბილურობის თაობაზე, სავალუტო ფონდი არის ამისი დამადასტურებელი, რომ როდესაც მასთან გვაქვს პროგრამა და ის აკეთებს ანგარიშს, რომ ამ ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა არის კარგი“,- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ „რეფორმერებთან“ შეხვედრაზე.
ეროვნული ბანკის გარშემო სიტუაცია ბოლო ერთ წელიწადში ორჯერ დაიძაბა. პირველად ეს საკანონმდებლო ცვლილებებს მოჰყვა, როდესაც მარეგულირებელში ახალი პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა გაჩნდა. კანონი პარლამენტმა თებერვალში მიიღო და მას პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, თუმცა ივნისში უმრავლესობის წევრებმა ვეტო დაძლიეს.
ცვლილებებს სავალუტო ფონდი თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა. ოპოზიციაში აცხადებდნენ, რომ ერთ კონკრეტულ ადამიანთან - ნათია თურნავასთან იყო დაკავშირებული. ცვლილებებამდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ ახალი პრეზიდენტის არჩევამდე, მოვალეობის შემსრულებელი ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი ხდებოდა. როდესაც 2 მარტს კობა გვენეტაძეს უფლებამოსილება შეუწყდა, მისი ადგილი არჩილ მესტვირიშვილმა დაიკავა. ნათია თურნავას იმ დროისთვის საბჭოს რიგითი წევრის თანამდებობა ეკავა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას ტექნიკურად ვერ დაიკავებდა.
ვეტოს დაძლევის შემდეგ პირველ ვიცე-პრეზიდენტად და შესაბამისად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა აირჩიეს. ვეტოს დაძლევას სავალუტო ფონდმა „გამაოგნებელი“ უწოდა. მალევე საზოგადოებრივ მაუწყებელს სავალუტო ფონდში დაუდასტურეს, რომ მეორე მიმოხილვა შეჩერდა, თუმცა მიზეზებზე არ უსაუბრიათ. სარეიტინგო კომპანია FITCH-მა ის ნაწილობრივ ვეტოს დაძლევის შედეგად მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს დაუკავშირა.
ეროვნული ბანკი უფრო დიდ სკანდალში სექტემბერში გაეხვა, როდესაც 4 აგვისტოს ბრძანებაში ცვლილებები შეიტანა და „უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის“ მოტივით, კომერციულ ბანკებს საქართველოს სანქცირებულ მოქალაქეებისთვის, სანქციების აღსრულების ვალდებულება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლამდე გააუქმა. ნათია თურნავას გადაწყვეტილების შემდეგ ეროვნული ბანკის სამივე ვიცე-პრეზიდენტმა: არჩილ მესტვირიშვილმა, ნიკოლოზ გაგუამ და პაპუნა ლეჟავამ, თანამდებობები დატოვეს. გადადგა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მრჩეველი გიორგი ბაქრაძეც. ლარის გაუფასურების შესაჩერებლად ეროვნულ ბანკს 65 მლნ დოლარის რეზერვების გაყიდვაც მოუწია.
სავალუტო ფონდმა პროგრამა სების ბოლო გადაწყვეტილებამდე 3 თვით ადრე შეაჩერა. შესაბამისად, მასთან ბმა არასწორია, თუმცა ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა, პროგრამის გაგრძელების პერსპექტივაზე იქონიოს გავლენა.
მიუხედავად იმისა, რომ მაკროეკონომიკური ფაქტორები უმეტეს შემთხვევაში დადებითია - მშპ-ის ზრდის ტემპი დაგეგმილზე მაღალია, გაზრდილია ინვესტიციები, მთავრობის ვალი მშპ-სთან მიმართებით შემცირებულია და ა.შ., სავალუტო ფონდის პროგრამის შესაძლო შეწყვეტა იმიჯურად მაინც დამაზიანებელი იქნება.