ირაკლი ღარიბაშვილი: 2020 წლის შემდეგ, მთავრობის ვალი მშპ-სთან მიმართებით 60%-დან 38%-მდე შემცირდა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე
რეზიუმე: მთავრობის ვალი ორი პარამეტრით იზომება - რიცხვებში გამოხატული აბსოლუტური მაჩვენებლით და მშპ-სთან პროცენტული ფარდობით. უფრო მნიშვნელოვანი მეორე პარამეტრია, რადგან ერთი და იმავე მოცულობის ვალის მომსახურება შეიძლება გაუჭირდეს საქართველოს, მაგრამ ჩინეთისთვის უმნიშვნელო იქნება.
2020 წელს მთავრობის ვალმა მშპ-სთან მიმართებით 60.2%-ს მიაღწია, რომელიც 2021 წელს - 49.7%-მდე, ხოლო 2022 წელს 39.8%-მდე შემცირდა. შინაარსობრივად პრემიერის განცხადება სიმართლეა, მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რაც კონტექსტს საგრძნობლად ცვლის.
2020 წელი გამონაკლისი წელი იყო. 2011-2019 წლებში მთავრობის ვალი მშპ-სთან მიმართებით, 28%-40%-ის ფარგლებში მერყეობდა. 2020 წელს ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა. პარალელურად, პანდემიასთან და ეკონომიკურ კრიზისთან გასამკლავებლად დამატებითი ვალის აღება გახდა საჭირო, რასაც გაცვლითი კურსის მკვეთრი შემცირებაც (გაუფასურება) დაემატა.
2021 წელს თანხობრივად მთავრობის ვალის მოცულობა თითქმის არ შეცვლილა (გაიზარდა 0.5%-ით - 137 მლნ ლარით), ვალის მშპ-სთან ფარდობა კი მნიშვნელოვნად - 10.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა, რისი მიზეზიც ეკონომიკის ზრდა, მათ შორის - გაჩერებული ეკონომიკის, აღდგენა გახდა. ტენდენცია 2022 წელსაც შენარჩუნდა.
მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობა 2020 წელს რეკორდული ვარდნით და მის ფონზე 2021 წელს რეკორდული ზრდით შეხვდა, ვალის აბსოლუტური მაჩვენებელი უცვლელადაც რომ შენარჩუნებულიყო, მშპ-სთან ფარდობაში ის ჯერ გაიზრდებოდა და შემდეგ შემცირდებოდა.
მთავრობის ვალის შემცირება ლარის გამყარებამაც დააჩქარა, რადგან ლარში გამოხატულ მნიშვნელობაზე გავლენას ახდენს, თუ რა კურსით დაკონვერტირდება საგარეო ვალი, რომელიც უცხოურ ვალუტაში არის დენომინირებული. ლარის გამყარების ერთ-ერთი მიზეზი კი რუსეთიდან მიგრაციისა და ფულადი ნაკადების გაზრდილი მაჩვენებელი გახდა.
ანალიზი:
15 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ვალის შემცირების ტენდენციებზე ისაუბრა, კერძოდ მან განაცხადა (10:08-დან): „მთავრობის ვალი არის შემცირებული, 2 წლის წინ მთავრობის ვალი 60%-ზე მეტს შეადგენდა, მშპ-სთან მიმართებით, ეს პროცესი ძალიან აქტიურად დავიწყეთ, შემცირების პროცესი დავიწყეთ და თითქმის 38%-ზე არის ჩამოსული მთავრობის ვალი“.
პირდაპირი გაგებით, 2023 წელს ნათქვამი „2 წლის წინ“ 2021 წელია, მაგრამ რადგან მიმდინარე წელი ჯერ დასრულებული არ არის და იმის თქმა - 2023 წლისთვის მშპ-სთან მიმართებით ვალი რამდენია, შეუძლებელია. ასევე, რადგან 60%-ს ვალმა მშპ-სთან მიმართებით 2020 წელს გადააჭარბა, ირაკლი ღარიბაშვილი მაღალი ალბათობით 2021-ის ნაცვლად სწორედ 2020 წელს გულისხმობდა. „ფაქტ-მეტრმა“ პრემიერის განცხადება ამ დაშვებით გადაამოწმა.
თანხობრივად მთავრობის ვალი, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ გამონაკლისებს, ყოველწლიურად იზრდება, მაგრამ ეს ფაქტი აუცილებლად უარყოფითი მოვლენა არ არის. მთავარია, ქვეყანამ ვალის მომსახურება უპრობლემოდ შეძლოს. ფიზიკური პირის მაგალითი რომ ავიღოთ, ვისაც 5000 ლარი აქვს ხელფასი, მისთვის თვიურად კრედიტის დასაფარად 2000-ლარიანი ხარჯი მისაღებია, მაშინ როცა იგივე ტექნიკურადაც კი შეუძლებელია იმ პირისთვის, ვისი ხელფასიც 1000 ლარია. უფრო მეტიც, დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანისთვის კრედიტის დასაფარი თანხის ლიმიტი პროცენტულადაც კი უფრო დაბალია. შინაარსობრივად მსგავსი მიდგომაა სახელმწიფოებთან მიმართებითაც. იაპონიასა და სინგაპურს როგორც თანხობრივად, ასევე პროცენტულად საკუთარ ეკონომიკებთან მიმართებით უფრო დიდი ვალის მომსახურება შეუძლიათ, ვიდრე საქართველოს ან მოლდოვას.
2012 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მთავრობის ვალი 7.852 მლრდ ლარს შეადგენდა, რაც მშპ-ს 28.8%-ს უდრიდა. პანდემიამდე, 2019 წელს ვალის მოცულობა აბსოლუტურ მაჩვენებელში 154%-ით 19.957 მლრდ-მდე გაიზარდა, თუმცა ეკონომიკასთან მიმართებით, მატებამ მხოლოდ 11.6 პროცენტული პუნქტი შეადგინა და მშპ-ს 40.4%-მდე გაიზარდა. ზრდა თანაბარი არ ყოფილა, ვალი მშპ-ს 40.3%-ს ჯერ კიდევ 2016 წელს გაუტოლდა.
2020 წლის ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დაიგეგმა, თუმცა რეალურად - 6.8%-ით, შემცირდა. შემცირდა საგადასახადო შემოსავლებიც. ვალდებულებების გასასტუმრებლად, სამედიცინო ხარჯების დასაფარად და კოვიდრეგულაციებით დაზარალებულთათვის კომპენსაციების გასაცემად, დამატებითი თანხების სესხება გახდა საჭირო. საგარეო ვალი 1.670 მლრდ დოლარით - 7.162 მლრდ დოლარამდე, გაიზარდა, შიდა ვალი 2 მლრდ ლარით - 6.2 მლრდ-მდე. ნომინალურ ვალის ზრდას, ვალუტის გაუფასურებაც დაემატა. 2019 წელს ლარის საშუალო კურსი დოლართან მიმართებით 2.84-ს შეადგენდა, 2020 წელს - 3.14-ს. რადგან ვალის 79% უცხოურ ვალუტაში იყო დენომინირებული, ლარის გაუფასურებამ ვალი კიდევ უფრო მეტად გაზარდა. საერთო ჯამში, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მთავრობის ვალმა 29.668 მლრდ ლარს - მშპ-ს 60.2%-ს, მიაღწია.
გრაფიკი 1: მთავრობის ვალის აბსოლუტური და ფარდობითი მაჩვენებელი
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
„თავისუფლების აქტი“, რომელიც 2011 წელს იქნა მიღებული და რომლის მიზანსაც მოსახლეობისთვის ეკონომიკური თავისუფლების მიცემის გარანტიები წარმოადგენს, მთავრობას რამდენიმე შეზღუდვას უწესებს, ერთ-ერთი ვალის ლიმიტია. დაუშვებელია, მთავრობის ვალმა მშპ-სთან მიმართებით 60%-ს გადააჭარბოს. თუმცა ორგანული კანონი ორ გამონაკლისსაც უშვებს - საგანგებო/საომარ მდგომარეობასა და ზედიზედ ორი კვარტლის განმავლობაში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეკონომიკური ზრდის ტემპის 2%-ით შემცირებას. რადგან 2020 წელს ეკონომიკაც შემცირდა და საგანგებო მდგომარეობაც გამოცხადდა, კანონი არ დარღვეულა.
2021 წელს კოვიდრეგულაციების დიდი ნაწილი მოიხსნა, ხელოვნურად შეჩერებულმა ეკონომიკამ მუშაობა განაახლა, მშპ 10.5%-ით გაიზარდა. ახალი ვალის საჭიროებაც შემცირდა, უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ვალი 575 მლნ დოლარით გაიზარდა, ეროვნულ ვალუტაში 363 მლნ ლარით შემცირდა. ტენდენცია 2022 წელსაც გაგრძელდა და მშპ 10.1%-ით გაიზარდა, ამჯერად ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა რუსეთიდან მიგრაციისა და ფულადი ნაკადების შემოდინების ნახტომისებურმა 400%-იანმა ზრდამ იქონია. 2021 წელს მთავრობის ვალის ფარდობა მშპ-სთან - 49.7%-მდე, ხოლო 2022 წელს 39.8%-მდე შემცირდა. 2022 წელს უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხი 180 მლნ დოლარით გაიზარდა, ეროვნულ ვალუტაში 1.331 მლრდ ლარით, ამის მიუხედავად მთლიანი ვალი 1.244 მლრდ ლარით - 28.561 მლრდ ლარამდე, შემცირდა, მიზეზი კურსის ცვლილება გახდა, 2021 წელს დოლარის საშუალო ღირებულება 3.22 ლარს შეადგენდა, 2022 წელს - 2.91-ს.
თეორიულად, მხოლოდ მშრალ რიცხვებზე დაყრდნობით, პრემიერის ნათქვამი სიმართლეს შეესაბამება. ვალი მშპ-სთან მიმართებით 2020-დან 2022 წლამდე 60%-დან 40%-მდე მართლაც შემცირდა, თუმცა კონტექსტის გაუთვალისწინებლობა რეალობას ცვლის და მცდარად წარმოაჩენს. 2020 წელთან შედარება - არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს მშპ-ის ზრდა, მთავრობის ვალის ფარდობა მშპ-სთან თუ ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, მანიპულაციურია. 2020 წელს ეკონომიკა შემცირდა, თანხობრივად ვალის მოცულობა გაიზარდა და ეროვნული ვალუტაც გაუფასურდა, ასეთ შემთხვევაში ვალის ფარდობა მშპ-სთან მიმართებით, ბუნებრივად გაიზრდებოდა. 2020-მდე არათუ 60%-ს, მთავრობის ვალი მშპ-სთან მიმართებით 40.4%-ზე მეტი არც „ქართული ოცნების“ და არც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ყოფილა. თუ საბაზისო პერიოდად 2019 წელს ავიღებთ, მაშინ აღმოჩნდება, რომ მთავრობის ვალი ფაქტობრივად არ შეცვლილა, იყო 40.4%, გახდა 39.8%. სწორად დასახელებული რიცხვებისა და არასწორად დასახელებული საბაზისო პერიოდის გათვალისწინებით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება შეფასდა როგორც - ნახევრად სიმართლე.