ირაკლი ღარიბაშვილი: ტურიზმიდან შარშან 4.5 მლრდ დოლარის შემოსავალი მივიღეთ, წელს მეტს ველოდებით
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
რეზიუმე: 2022 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 3.5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც ნომინალურად ისტორიული მაქსიმუმია, მაგრამ პრემიერის მიერ დასახელებულ მონაცემთან შედარებით 1 მლრდ-ით ნაკლებია. გარდა ამისა, პანდემიის შემდეგ დოლარის გაუფასურების ტემპმა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის ზრდის ტემპს გაუსწრო და 2022 წლის 3.5 მლრდ თავის მსყიდველუნარიანობით 2019 წლის 3.1 მლრდ-ს უთანაბრდებოდა.
პრემიერის განცხადების მეორე ნაწილი მიმდინარე წლის წლის პროგნოზს ეხებოდა. 2023 წლის პირველ ორ კვარტალში, დარგიდან მიღებულმა შემოსავალმა 1.8 მლრდ-ს მიაღწია და გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 58%-ით გადააჭარბა. გადაჭრით იმის თქმა რამდენი იქნება შემოსავალი დარჩენილ ორ კვარტალში შეუძლებელია, მაგრამ, სხვა თანაბარ პირობებში, მაღალი ალბათობით, 2023 წელს საქართველო ტურიზმიდან 2022 წელთან შედარებით უფრო მეტ შემოსავალს მიიღებს.
ანალიზი: 4 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ეკონომიკური მაჩვენებლების მიმოხილვისას ტურიზმის სექტორის შესახებ განაცხადა: „ტურიზმი აქტიურად ვითარდება. ჩვენ შარშან გვქონდა 4.5 მილიარდი დოლარის შემოსავლები. წელს კიდევ უფრო მეტს ველოდებით“.
ტურიზმი საქართველოში ერთ-ერთი სწრაფად მზარდი სექტორია. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, როდესაც დარგი განვითარების საწყის ეტაპზე იმყოფებოდა, 2010-2012 წლებში შემოსავალი 2.1-ჯერ - 660 მლნ-დან 1.4 მლრდ დოლარამდე, გაიზარდა, წლიურად საშუალოდ 46%-ით.
„ქართული ოცნების“ მმართველობის დროს, პანდემიამდე, ზრდის ტემპი წლიურად 13%-მდე შემცირდა. 2019 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 3.3 მლრდ დოლარი შეადგინა. გარდა იმისა, რომ 46%-იანი ზრდა უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა, ზრდის ტემპის კლებას ორმა ფაქტორმაც შეუწყო ხელი: 2014 წელს სავიზო რეჟიმის დროებით გამკაცრებამ და 2019 წლის ივლისიდან რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების აკრძალვამ.
2020 წლისთვის მთავრობა ტურიზმიდან 3.5 მლრდ-იან შემოსავალს ვარაუდობდა. მიზნის მისაღწევად ყველა წინაპირობა არსებობდა. იანვარში 18%-იანი ზრდაც აღინიშნა, მაგრამ შემდეგ პანდემიამ ყველაფერი შეცვალა. 2021 წელს აღდგენის ნიშნები გამოჩნდა, ხოლო 2022 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 3.5 მლრდ-ს გადააჭარბა.
მიუხედავად იმისა, რომ 3.5 მლრდ ნომინალურად მაქსიმუმია, თავად დოლარის ინფლაციის გათვალისწინებით, მისი მსყიდველუნარიანობა 2019 წლის 3.1 მლრდ-ის ეკვივალენტურს შეესაბამებოდა.
თუ ტურიზმს ტურისტების რაოდენობით განვიხილავთ, მაშინ 2022 წელს 72%-იან აღდგენის მაჩვენებელს მივიღებთ (ვიზიტორებში 61%-იანსა და საერთაშორისო მოგზაურებში 58%-იანს).
ის ფაქტი, რომ უფრო ნაკლებმა ვიზიტორმა საქართველოში უფრო მეტი თანხა დახარჯა, ძირითადად 2 მიზეზით იყო გამოწვეული - 1. საქართველოში გატარებული დროით - 2019 წელს 1 ვიზიტორი ქვეყანაში საშუალოდ 4.1 ღამეს რჩებოდა, 2022 წელს 6.2-ს. 2. ინფლაციით - სამომხმარებლო ფასები 2022 წელს 2019 წელთან შედარებით 29%-ით იყო გაზრდილი.
2023 წლის პირველ ნახევარში, ქვეყანაში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 60%-ით გაიზარდა და 1.9 მლნ-ს გადააჭარბა, თუმცა 2019 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 9%-იანი ჩამორჩენა ისევ ფიქსირდება.
განსხვავებული ვითარებაა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების კუთხით. 6 თვეში საქართველომ ტურიზმიდან შემოსავლის სახით 1.8 მლრდ დოლარი მიიღო - 58%-ით მეტი ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში და 24%-ით მეტი 2019 წლის პირველ ნახევართან შედარებით.
გრაფიკი 1: შემოსავალი ტურიზმიდან (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
რამდენი იქნება შემოსავალი დარჩენილ ორ კვარტალში წინასწარ დაზუსტებით თქმა შეუძლებელია, თუმცა წარსულის გამოცდილებით გარკვეული დაშვების გაკეთება შესაძლებელია. 2011-2018 წლებში, წლის მეორე ნახევარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი პირველი ნახევრის მაჩვენებელს 34%-56%-ით აჭარბებდა. 2019 წელსაც, როდესაც ივლისში რუსეთიდან პირდაპირი ფრენები შეწყდა, ქვეყანამ ბოლო 6 თვეში ტურიზმიდან 24%-ით უფრო მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე იანვარ-ივნისში.
მაშინაც კი, თუ წლის მეორე ნახევარში ზრდის ტემპი განულდება, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 4.2 მლრდ-ს მიაღწევს. თეორიულად იმისთვის, რომ წლიური შემოსავალი გასული წლის მაჩვენებელზე ნაკლები აღმოჩნდეს, დარჩენილ დროში ის 28%-ით უნდა შემცირდეს.
სხვა ეკონომიკური პარამეტრებიდან შეიძლება ტურიზმის სექტორის მიერ დამატებითი ღირებულების შექმნა და უცხოური ბარათებით გადახდილი თანხების ოდენობა გამოვყოთ.
2022 წელს, საქართველოში უცხოური ბარათებით გადახდილმა თანხამ 3.6 მლრდ ლარს მიაღწია და 2019 წლის მაჩვენებელს 35%-ით გადააჭარბა, თუმცა 2023 წლის იანვარ-მაისში 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გადახდების მოცულობა 8%-ით 1.4 მლრდ-დან 1.3 მლრდ ლარამდე შემცირდა.
გრაფიკი 2: უცხოური ბარათებით განხორციელებული გადახდები (მლნ. ლარი)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
2022 წელს ტურიზმმა ქვეყანაში 4.4 მლრდ ლარის მოცულობის დამატებითი ღირებულება შექმნა - 22.5%-ით მეტი 2019 წელთან შედარებით. 2023 წლის პირველ კვარტალში კი 906 მლნ ლარი - 12.7%-ით მეტი 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
გრაფიკი 3: ტურიზმის მიერ შექმნილი დამატებითი ღირებულება (მლნ. ლარი)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
პრემიერი მართალი იყო, როდესაც ტურიზმიდან შემოსავლის ზრდაზე საუბრობდა, 2022 წელს აღნიშნულმა ნომინალურად მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია, თუმცა ინფლაციის გათვალისწინებით, 2019 წელს მიღებული შემოსავალს ვერ გაუთანაბრდა. ზრდა 2023 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა, ამის მიუხედავად მთავრობის თავმჯდომარის მიერ დასახელებული რიცხვი 4.5 მლრდ სიმართლეს არ შეესაბამება. 2022 წელს საქართველომ ტურიზმიდან არა 4.5 არამედ 3.5 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. შემოსავლების თვალსაზრისით, მზარდი დინამიკის მიუხედავად, ფაქტობრივი უზუსტობისა და ინფლაციის ფაქტორის უგულებელყოფის გათვალისწინებით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ნახევრად სიმართლედ შეფასდა.