თათია ნიკოლაშვილი: 17 ათასი ადამიანი ცხოვრობს ჩოხატაურში და აქედან 11 ათასი არის ოფიციალურად სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული
ვერდიქტი: თათია ნიკოლაშვილის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 17 300 ადამიანი ცხოვრობს. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკა ცხადყოფს, რომ მიმდინარე წლის ივლისში, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმეტესობა, 11 792 ადამიანი, იყო რეგისტრირებული. აქედან 2 630 პირი 6-დან 18 წლამდე ასაკისაა, ანუ ბავშვია. გასულ თვეში შემწეობის მიმღები იყო 2 185 ადამიანი. ამას ემატება შემწეობის მიმღები 3 404 პირი, რომლებიც საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში არიან ჩართული (ისინი სოციალურად დაუცველის სტატუსს და მასთან მიბმულ ბენეფიტებს ოთხი წლის განმავლობაში ინარჩუნებენ). ეს ნიშნავს, რომ ბაზაში რეგისტრირებულების თითქმის ნახევარმა - 5 589 ადამიანმა, შემწეობა მიიღო. მათ შორის, 736 პირი 0-18 წლის ასაკისაა.
ამდენად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თათია ნიკოლაშვილის განცხადება არის სიმართლე.
ანალიზი: ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თათია ნიკოლაშვილმა განაცხადა: „17 ათასი ადამიანი ცხოვრობს ჩოხატაურში და აქედან 11 ათასი არის ოფიციალურად სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული, ბავშვები შიმშილობენ.“
„ფაქტ-მეტრმა“ პოლიტიკოსის განცხადება გადაამოწმა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 17.3 ათასი ადამიანი ცხოვრობს. მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში, 2023 წლის ივლისში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდან რეგისტრირებული იყო სულ 11 792 ადამიანი ანუ 3 764 ოჯახი, ხოლო შემწეობას 2 185 ადამიანი ანუ 556 ოჯახი იღებდა. მათ შორის 736 პირი 0-18 წლის ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნება.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მარტიდან ქვეყანაში ამოქმედდა საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ბენეფიციარებიც 18 და უფროსი ასაკის შრომისუნარიანი პირები არიან. ბენეფიციარის ოჯახის ქულა 120 000-ს არ უნდა აღემატებოდეს და ის მიზნობრივ სოციალურ დახმარებას უნდა იღებდეს. პროგრამაში ჩართულ პირს სოციალურად დაუცველის სტატუსი და მასთან მიბმული ყველა სიკეთე ოთხი წლის განმავლობაში უნარჩუნდება. ამ პერიოდში სტატუსი არ გადამოწმდება და ბენეფიციარი, შემწეობასთან ერთად, დაუბეგრავად 300 ლარს იღებს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდან სახელმწიფო პროგრამაში, ივლისის თვის მიხედვით, 3 404 ადამიანი იყო ჩართული. ეს ნიშნავს, რომ სოციალურ შემწეობას, ჯამში, 5 589 პირი იღებდა. მიმღებთა რაოდენობა რეგისტრირებულთა 47.4%-ს შეადგენს, ხოლო მთლიანი მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებით, 32.3%-ია. შემწეობის მიმღებთა შორის, 736 პირი 0-18 წლის ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნება.
საქსტატის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით შარშან ჩატარებული კვლევის თანახმად, ბავშვის დახმარების პროგრამა მნიშვნელოვნად გაფართოვდა და ფულადი დახმარების ოდენობაც გაიზარდა. თუმცა სოფლად მაცხოვრებელი ბავშვების თითქმის ნახევარს (47.1%) და ქალაქში მცხოვრები ბავშვების ერთ მესამედზე ნაკლებს (31.2%) სოციალური და მატერიალური დანაკლისი აღენიშნება. დანაკლისის მქონე ბავშვების 44.9% სასკოლო საათებში არასდროს იკვებება. ამის ერთ-ერთ მიზეზად რესპონდენტების დიდი ნაწილი კვებისთვის საკმარისი თანხის უქონლობას ასახელებს.