სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა უკრაინაში, ქალაქ დნიპროში პოლიციის ოფიცერსა და მამაკაცს შორის არსებული დაპირისპირების ამსახველი კადრები. ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციის მხრიდან მანქანის გაჩერებას დაპირისპირება მოჰყვა, რომლის დროსაც სამართალდამცავმა ოფიცერმა მამაკაცს სამჯერ ესროლა. ვიდეოზე დაყრდნობით, ფეისბუქ მომხმარებლების ნაწილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციამ მამაკაცი უკრაინაში ომში მონაწილეობის მისაღებად მობილიზაციაზე უარის თქმის გამო გააჩერა და მოკლა.
მტკიცებას მრავალი სხვადასხვა წყაროს მიერ ვირუსულად გავრცელდა (ბმული 1, 2, 3, 4, 5, 6, 7).
„ფაქტ-მეტრმა“ გავრცელებული ინფორმაცია გადაამოწმა.
აღსანიშნავია, რომ ვიდეო უკრაინაშიც ფართოდ გავრცელდა და მედიის გამოხმაურება გამოიწვია. საჯაროდ არსებული მტკიცებულებები არ ადასტურებს, რომ მამაკაცი სამხედრო მობილიზაციაში მონაწილეობის მისაღებად გააჩერეს, ან რომ პოლიციის ოფიცრის მიერ მისთვის სროლა მამაკაცის მხრიდან მობილიზაციაზე უარის თქმას მოჰყვა.
სინამდვილეში, შემთხვევა 2023 წლის 29 აგვისტოს მოხდა, როდესაც პოლიციელებმა იაგუარის მარკის ავტომობილი გააჩერეს. ავტომობილის გაჩერების მიზეზად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა ფიქსირდება. მანქანაში მამაკაცი - ჯუმბერ სილაგავა, ქალი და 2 ბავშვი იმყოფებოდნენ. პოლიციელებმა ქალს, რომელმაც ჯუმბერ სილაგავას ადგილი სავარაუდოდ პოლიციის ადევნების შემდეგ გაუცვალა და მძღოლის ადგილი დაიკავა, მანქანიდან გადმოსვლა მოსთხოვეს. აღნიშნულს ქალის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა, რის შემდეგაც პოლიციელებმა ის მანქანიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს. ამის შემდეგ მანქანიდან მამაკაციც გადმოვიდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირების დაწყება მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჯუმბერ სილაგავამ პოლიციელ მამაკაცი წააქცია და ქალ პოლიციელს სცემა, რის შემდეგაც პოლიციელმა მას სამჯერ ესროლა და ადგილზე მოკლა, პოლიციელ ქალს ცხვირის მოტეხილობა აღენიშნება.
ფაქტს, რომ მანქანა მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერეს, ადასტურებს პოლიციელების სამკერდე კამერიდან ამოღებული კადრებიც, რომლებიც უკრაინის საპატრულო პოლიციის უწყებამ გამოაქვეყნა. ვიდეოში იაგუარის მარკის მანქანის მიერ მოძრაობის წესების დარღვევის გარდა ჩანს პოლიციის მიერ მანქანის დადევნებისა და ჯუმბერ სილაგავას მიერ პოლიციელების ცემის ფაქტებიც. რადიო თავისუფლების უკრაინულმა ოფისმა ასევე გამოაქვეყნა 8.5 წუთიანი ჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ პოლიციის ოფიცრები მანქანაში მყოფ ქალს, რომელიც მძღოლის სავარძელს იკავებდა, აუხსნეს, რომ მანქანა მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერეს.
დამატებით, ასევე გავრცელდა სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, რომლებიც იაგუარის მარკის ავტომობილის მიერ პოლიციის მანქანის სიახლოვეს მოძრაობის წესების დარღვევას ასახავს. ცნობისთვის, სათვალთვალო კამერის ჩანაწერების მიხედვით, მოძრაობის წესების დარღვევისას მანქანას მამაკაცი მართავდა.
რადიო თავისუფლების უკრაინული ოფისის ინფორმაციის მიხედვით, 2018-დან 2022 წლამდე ჯუმბერ სილაგავას სახელზე საგზაო მოძრაობის სხვადასხვა დარღვევის - მათ შორის, სიჩქარის გადაჭარბების და მართვის მოწმობის გარეშე ტარების გამო, 12 ოქმი შედგა.
მომხდარიდან საწყის ეტაპზე მედიამ გაავრცელა ინფორმაციაც, რომ ჯუმბერ სილაგავა ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა. თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ-ჯერობით არ დადასტურებულა.
სახელმწიფო გამოძიების სამსახურის მიერ სამართალდამცავის მიერ სამსახურებრივი იარაღის გამოყენების კანონიერების მოკვლევა უკვე დაიწყო. ამ ეტაპისთვის, პოლიციელები სამსახურებრივ მოვალეობას ჩამოაშორეს.
ამდენად, მტკიცება, რომ ჯუმბერ სილაგავა მობილიზაციაში მონაწილეობაში მისაღებად დააკავეს, მტკიცებულების გარეშეა. სინამდვილეში, საჯაროდ ხელმისაწვდომი ოფიციალური წყაროებით დასტურდება, რომ პოლიციელების მიერ იმ მანქანის გაჩერება, რომელშიც ჯუმბერ სილაგავა იმყოფებოდა, საგზაო წესების დარღვევას უკავშირდებოდა.
-------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.