სოციალურ ქსელში საქართველოში აშშ-ის სრულუფლებიანი ელჩის კელი დეგნანის შესახებ არარეალური ინფორმაცია ვრცელდება.

გამოქვეყნებულ სატირულ პოსტში ავტორი ამბობს, რომ ელჩმა დეგნანმა საქართველოს ხელისუფლების მიმართ მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა: „თუ ჭკუაზე არ მოვა საქართველოს ხელისუფლება, შემდეგი ნაბიჯი იქნება უვიზო მიმოსვლის აკრძალვა, საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვა ქუთაისი-ვაშინგტონი, ბორჯომს აღრ ვიყიდით, არც მანდარინს, არც ღვინოს, არც გორის ვაშლი შევა ამერიკაში და საერთოდ გაზსაც არ მივაწვდით საქართველოს“.

ელჩ დეგნანს საქართველოს ხელისუფლების მისამართით ასეთი ტიპის განცხადება არ გაუკეთებია და მსგავსი ფორმულირების პოზიცია არც აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალური ქსელების ანგარიშებზე და არც რომელიმე სანდო ღია საინფორმაციო წყაროში არ იძებნება.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებლის მიერ გავრცელებულ პოსტში ჩამოთვლილი „სანქციების“ უმეტესობა ფაქტობრივად განუხორციელებელია, რადგან საქართველოს აშშ-სთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ აქვს, არც ქუთაისი-ვაშინგტონის პირდაპირი ფრენები არსებობს და აშშ-დან არც გაზის იმპორტი ხორციელდება. შესაბამისად, პოსტი სატირული ხასიათისაა, თუმცა ეს იმ ანტიდასავლური და ანტიამერიკული პროპაგანდის ნაწილია, რომელიც განსაკუთრებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირების შემდეგ გაძლიერდა.

-------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.