Facebook-მომხმარებელი სოციალურ ქსელში შეთქმულების თეორიას ავრცელებს. მტკიცების თანახმად, ვიდეოში, რომელიც Facebook-პოსტს ერთვის, ჩანს, თუ როგორ „იტაცებენ ბავშვებს ადენოქრომის მისაღებად“.
სინამდვილეში, მტკიცება, რომ ბავშვებს თითქოს საწამებლად და მათგან ადენოქრომის მისაღებად იტაცებენ, ფართოდ გავრცელებულ შეთქმულების თეორიას წარმოადგენს. ადენოქრომი ქიმიური ნაერთია, რომელიც ადრენალინისგან წარმოიქმნება. გავრცელებული მტკიცების თანახმად, მთავრობაში, მედიასა და ჰოლივუდში არსებული სატანისტური დაჯგუფებებისთვის ადენოქრომს ბავშვების სისხლისგან იღებენ და მას სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, ან ფსიქოტროპულ საშუალებად მოიხმარენ.
ვიდეოში, რომელსაც Facebook-მომხმარებელი აქვეყნებს, მართლაც ჩანს ბავშვები, რომლებიც იძულებით გადმოჰყავთ მანქანიდან. კადრში ასევე ჩანს ქალი, რომელიც თავსაბურავს ატარებს. თუმცა, ვიდეო ბავშვებისგან ადენოქრომის მოპოვებისთვის იძულებით მოტაცებასთან დაკავშირებული არაა.
რეალურად, აღნიშნული კადრები 2020 წლის 10 სექტემბრის მოვლენებს ასახავს, როდესაც ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული ლტოლვილები, 5 ქალი 6 ბავშვთან ერთად, ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ალ-ჰოლის ციხის ბანაკიდან გაქცევას ცდილობდა. სირიის დემოკრატიული ძალების წარმომადგენლის თქმით, შემთხვევა ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიის ქალაქ ჰასაკიდან 40 კილომეტრის დაშორებით მოხდა. ქურთების უსაფრთხოების ძალების მონაცემებით, იმ დროისთვის ალ-ჰოულის ბანაკიდან 700 გაქცევის მცდელობა დაფიქსირდა. ბანაკში, რომელშიც 60000-მდე ლტოლვილი ცხოვრობს, 90%-ს ქალები და ბავშვები შეადგენენ. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო საშუალებების დეფიციტის გამო, ალ-ჰოლის ბანაკში ბავშვთა სიკვდილიანობა მკვეთრად იზრდებოდა.
აღნიშნული დეზინფორმაცია ჯერ კიდევ 2020 წელს უცხოენოვანი Facebook-მომხმარებლების მიერაც გავრცელდა და ის ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმა facta.news-მა და observers.france24-მა გადაამოწმეს (1, 2).
ამდენად, მტკიცება, რომ გამოქვეყნებული ვიდეო ბავშვების ადენოქრომის მოპოვების მიზნით მოტაცებას უკავშირდება, ყალბია. სინამდვილეში, კადრები სირიის დემოკრატიული ძალების მიერ ალ-ჰოლის ბანაკიდან გაქცეული ქალებისა და ბავშვების დაკავების ოპერაციას ასახავს.
--------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.