ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტს ოპოზიციამ მანიპულაციური უწოდა და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ის მაინც დაამტკიცა. ოპოზიცია ეჭვობს, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტი ვერ შესრულდება.
„ფაქტ-მეტრმა“ გადაწყვიტა, ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები გაგაცნოთ.
შემოსულობები, შარშანდელთან მიმართებით, 13 659 700 ლარით მეტია და 279 650 000 ლარს შეადგენს.
2022 წლის ბიუჯეტის თავდაპირველ ვარიანტში შემოსულობები - 248 117 000 ლარი, ხოლო გადასახდელები - 254 047 400 ლარი იყო. ნოემბერში განხორციელებული ცვლილებით, შემოსულობები 265 990 300 ლარი გახდა, ხოლო გადასახდელები - 293 800 100 ლარი.
ცხრილი 1. ბათუმის ბიუჯეტის შემოსულობები და გადასახდელები
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი და 2023 წლის ბიუჯეტი
შემოსულობების მაჩვენებელი გაზრდილია როგორც 2022 წლის პირვანდელ ვარიანტთან, ისე - საბოლოო გეგმასთან მიმართებით, შესაბამისად, 31 533 000 ლარით ანუ 11.3%-ითა და 13 659 700 ლარით ანუ 4.9%-ით.
გადასახდელების ნაწილში კი წლევანდელი მაჩვენებელი იზრდება მხოლოდ 2022 წლის გეგმის პირვანდელ ვარიანტთან შედარებით, 30 902 600 ლარით ანუ 10.8%-ით. საბოლოო გეგმასთან მიმართებით კი 8 850 100 ლარით ანუ 3%-ით არის შემცირებული.
ბათუმის ბიუჯეტის შემოსულობების დიდი წილი, როგორც წესი, შემოსავლებზე მოდის. ბიუჯეტი ასევე არაფინანსური აქტივების კლებისა და გრანტების გზით შემოსული თანხებით ივსება.
ცხრილი 2. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შემოსავლები
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი და 2023 წლის ბიუჯეტი
„გადასახადები“ მოიცავს გადასახადებს ქონებაზე, საიდანაც წელს 40 000 000 ლარს ელოდებიან და დამატებითი ღირებულების გადასახადებს, რაომელიც 56 206 800 ლარით დაიგეგმა. ჯამში, ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტში, გადასახადების სახით 96 206 800 ლარი უნდა შევიდეს. რაც შეეხება გრანტებს, 196 700 ლარი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტია, ხოლო 116 000 000 ლარი - აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტიდან. აქედან 63 790 ლარი მიმდინარე დანიშნულების გრანტია, ხოლო 52 210 000 ლარი - კაპიტალური დანიშნულების.
2023 წელს დაგეგმილი შემოსულობების მოცულობა გადასახდელების მოცულობაზე 5 300 000 ლარით ნაკლებია. აქედან გამომდინარე, ბიუჯეტში გათვალისწინებული ნაშთის ცვლილება -5 300 000 ლარს შეადგენს.
საინტერესოა, რომ წელს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებაში 26 397 600 ლარით ნაკლების დახარჯვაა დაგეგმილი.
ცხრილი 3. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების ასიგნებები
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი და 2023 წლის ბიუჯეტი
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა, ბინათმშენებლობა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია, დემონტაჟი მოიცავს საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ქვეპროგრამას, რომლისთვისაც, 2022 წლის საბოლოო გეგმით, 29 680 400 ლარია გათვალისწინებული. 2023 წელს კი, აღნიშნული მიზნით, 22 503 300 ლარის გახარჯვა იგეგმება.
ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისა და მართვის ასიგნებებში შედის ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დაფინანსებაც. ორგანიზაციის შტატში 60 დასაქმებულია. მათი შრომის ანაზღაურება 2022 წლის დასაწყისში 1 163 600 ლარი იყო, ცვლილების შემდეგ გაიზარდა და 1 834 900 ლარი შეადგინა. წელს კი 2 529 800 ლარი იქნება. აღსანიშნავია, რომ ქალაქში ყველა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტს სწორედ ეს ორგანიზაცია ახორციელებს. აქვე გეტყვით, რომ ჩვენ არაერთი სტატია გამოვაქვეყნეთ პროექტებზე, რომლებიც სახელშეკრულებო დროში ვერ შესრულდა, ან საერთოდ არ განხორციელდა. მაგალითად: ბაგრატიონის ქუჩის დაუსრულებელი რეაბილიტაცია და ბათუმში სამი საბავშვო ბაღის შეწყვეტილი მშენებლობები.
გაკეთდება, თუ - არა წელს იმაზე მეტი საქმე, ვიდრე შარშან, ჯერ უცნობია, თუმცა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით დასაქმებულ 143 ადამიანს შრომის ანაზღაურება 594 700 ლარით ეზრდება.
2023 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებად, ინფრასტრუქტურის გარდა, რჩება ჯანდაცვა, სოციალური მიმართულება და განათლება. წელს ამ პრიორიტეტებით გათვალისწინებულ პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ასიგნებები ასე გადანაწილდა:
ცხრილი 4. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა მუნიციპალური სერვისების პროგრამების ასიგნებები
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი და 2023 წლის ბიუჯეტი
ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების პროგრამა/ქვეპროგრამების განხორციელებაში შრომის ანაზღაურებას იღებს 111 შტატში დასაქმებული პირი. 2023 წელს მათი ხელფასები, ჯამში, 1 333 000 ლარს შეადგენს, რაც 2022 წლის საბოლოო გეგმას 307 800 ლარით აღემატება, ხოლო პირვანდელ გეგმას - 340 800 ლარით.
მუნიციპალური სერვისების განვითარებისთვის დაგეგმილი ასიგნებები ორ არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირს მოიცავს: ა(ა) იპ „მუნიციპალური სერვისების სააგენტოს“, რომლის შტატში დასაქმებული 98 პირის შრომის ანაზღაურებისთვის, 2022 წლის დასაწყისში, დაგეგმილი იყო 1 866 500 ლარი, 2022 წლის საბოლოო გეგმით - 2 029 700 ლარი, ხოლო 2023 წლის ბიუჯეტში 2 309 200 ლარს შეადგენს; ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია“, სადაც შტატში 110 მომუშავეა. საანგარიშო პერიოდში მათი შრომის ანაზღაურებაც მზარდია და შესაბამისად, ასე გამოიყურება: 2 121 300 ლარი, 2 327 800 ლარი და 2 824 000 ლარი. მუნიციპალური სერვისების განვითარების დაფინანსებაში მოიაზრება ასევე 1 000 000 ლარი მონაწილეობითი ბიუჯეტით შერჩეული პროექტებისთვის.
უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის ბიუჯეტი ბათუმის მუნიციპალიტეტის 2017 წლის მოწვევის საკრებულომ დაამტკიცა. „ფაქტ-მეტრმა“ ამის შესახებ დაწერა. ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მაშინ აცხადებდა, რომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ნაჩქარევად მიიღეს, რადგან 2021 წლის მოწვევის საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა არ ეყოლებოდა და ამიტომ, მერია მისთვის საინტერესო და „კორუფციულ“ ბიუჯეტს ვერ გაიტანდა. თავდაპირველ ვარიანტში შრომის ანაზღაურების მაჩვენებელი, 27 616 800 ლარი, 2021 წლის საბოლოო გეგმასთან შედარებით, უკვე გაზრდილი იყო 2 053 800 ლარით. ივლისში განხორციელებული ცვლილებით, შრომის ანაზღაურების მოცულობის გეგმა 27 939 900 ლარი გახდა. შარშან, 31 ოქტომბერს, პარამეტრის მოცულობა ისევ გაიზარდა და 29 255 700 ლარი შეადგინა.
ბათუმის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში კი შრომის ანაზღაურების მოცულობა 37 158 400 ლარით დაიგეგმა. 2022 წლის საბოლოო გეგმასთან მიმართებით, ზრდა 7 902 700 ლარია, საიდანაც 3 418 700 ლარით სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემაში დასაქმებულთა ხელფასები იზრდება. აქ 92 ერთეულით იმატებს დასაქმებულთა რიცხოვნობაც, რაც ნიშნავს, რომ სკოლამდელ დაწესებულებებში ხელფასს 1 482 პირი (იგულისხმება მხოლოდ შტატში დასაქმებული) მიიღებს. კონკრეტულად მერიასა და საკრებულოში კი 216 ადამიანია დასაქმებული და მათი ხელფასებისთვის წელს 6 579 600 ლარია გათვალისწინებული, რაც 2022 წლის საბოლოო გეგმურ მაჩვენებელთან მიმართებით, 1 529 600 ლარით ანუ 23.2%-ით მეტია.