„ქართული ოცნება“: გარდაბნის მუნიციპალიტეტში გაზსაცავი აშენდება
ვერდიქტი: არ შესრულდა
რეზიუმე: გაზსაცავის მშენებლობა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დაპირება იყო. გაზსაცავის მშენებლობის პროექტი ჯერ კიდევ 2014 წელს დაანონსდა, თუმცა მისი დაწყება რამდენჯერმე გადავადდა. 2018 წლიდან უკვე უშუალოდ პროექტზე დაიწყო მუშაობა და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (KFW) 150 მლნ ევროს ღირებულების საკრედიტო შეთანხმება გაფორმდა. პროექტი ორ ფაზას მოიცავდა, პირველ ეტაპზე კვლევითი სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო, ხოლო მეორე ფაზაში უშუალოდ, გაზსაცავის მშენებლობა დაიწყებოდა.
დღეის მდგომარეობით, გაზსაცავის პროექტის მხოლოდ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევაა განხორციელებული, რაშიც 30 მლნ ევრო დაიხარჯა. პროექტისთვის გამოყოფილი 150 მილიონი ევროდან -120 მლნ ევრო, კოვიდის საწინააღმდეგო ღონისძიებებს მოხმარდა. პროექტის განმახორციელებელი - საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის, ანგარიშის მიხედვით, ამ ფაქტიდან გამომდინარე, გაზსაცავის მშენებლობა მინიმუმ რამდენიმე წლით გადავადდება ან შესაძლოა შეჩერდეს კიდეც.
მთავრობამ -კერძოდ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემაც დაადასტურა, რომ დიდი ზომის გაზსაცავი აღარ აშენდება, რადგან ქვეყანას არ აქვს იმდენი რესურსი, რომ ნახევარი მილიონი ევრო გაზსაცავის მშენებლობაში დახარჯოს. სამომავლოდ, შესაძლოა, მცირე ზომის გაზსაცავი აშენდეს.
შესაბამისად, დაპირება გაზსაცავის მშენებლობის შესახებ, არ შესრულდა. პროექტი, რომლის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაზე 30 მლნ ევრო დაიხარჯა და რომლის მიზანი ენერგოუსაფრთხოების და ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი გაძლიერება იყო, აღარ აშენდება.
ანალიზი
გაზსაცავის აშენება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დაპირება იყო. 2020 წლის საარჩევნო პროგრამაში აღნიშნული იყო, რომ „გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სამგორის სამხრეთის თაღის გამოფიტული ნავთობის საბადოზე, მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა იყო დაგეგმილი. პროექტის სრული ღირებულება 250 მლნ ევროს შეადგენდა, სავარაუდო მოცულობა - 400 მლნ მ3-ს, სამუშაო მოცულობა კი - 210-280 მლნ მ3-ს. გაზსაცავის აშენების მიზანი ენერგოუსაფრთხოების და ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი გაძლიერება იყო.
გაზსაცავის პროექტის განხორციელება ორ ფაზად იყო დაყოფილი. კერძოდ, პირველი ფაზა კვლევით სამუშაოებს დაეთმობოდა, ხოლო მეორე ფაზა - უშუალოდ მიწისქვეშა გაზსაცავის დაპროექტება/მშენებლობას. პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იყო დაგეგმილი.
მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის პროექტი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას უნდა განეხორციელებინა. 2018 წელს 150 მლნ ევროს ღირებულების საკრედიტო შეთანხმება გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (KFW) გაფორმდა. დარჩენილი 100 მლნ თანხის კრედიტის აღება ევროპის საინვესტიციო ბანკიდან იგეგმებოდა.
გაზსაცავის პროექტი „საპარტნიორო ფონდმა“ ჯერ კიდევ 2014 წლის ოქტომბერში წარადგინა. თუმცა პროექტის დაწყება რამდენჯერმე გადავადდა.
საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის მიერ ჯერ კიდევ 2016 წლის ნოემბერში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა უკვე დასრულდა და გაზსაცავის სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე სამგორის სამხრეთ თაღის საბადოზე დამატებითი გეოლოგიური კვლევის ჩატარება იყო აუცილებელი, რაც ამ საბადოზე ორი შემფასებელი ჭაბურღილის დაახლოებით 2500 მეტრამდე სიღრმეზე ბურღვას ითვალისწინებდა. ამ სამუშაოებისათვის კორპორაციამ ტენდერი (NAT160003498) 17 ნოემბერს გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 47.3 მლნ ლარი იყო. ტენდერს ერთი მონაწილე - SOKAR –AQS LLC, ჰყავდა. მისი შეთავაზება 31.5 მლნ იყო. საბოლოოდ, ტენდერი შეწყდა, რადგან ჩაითვალა, რომ პროექტის დანახარჯების ოპტიმიზაციის მიზნით უმჯობესი იყო, ჭაბურღილების მშენებლობა გაზსაცავის დეტალური დაპროექტება-მშენებლობის სტადიაზე განხორციელებულიყო.
კორპორაციის გეგმით, საინჟინრო-საპროექტო და სამშენებლო დოკუმენტების შემუშავება 2018 წლამდე უნდა დასრულებულიყო. უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების დაწყება სწორედ ამის შემდეგ იგეგმებოდა.
ნავთობისა და გაზის კორპორაციის 2019 წლის ანგარიშშიც აღნიშნული იყო, რომ 2020 წელს მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტირება, შესყიდვა, მშენებლობისთვის (EPS) კონტრაქტორის შერჩევა უნდა განხორციელებულიყო. გაზსაცავის მშენებლობის დასრულება 2024 წელს იგეგმებოდა.
თუმცა გაზსაცავის მშენებლობის ეტაპამდე საქმე არ მისულა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) მიერ გაზსაცავის მშენებლობისთვის გამოყოფილი 150 მლნ ევროდან, 120 მილიონი მთავრობამ COVID-19-ის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის დახარჯა.
აღნიშნულზე საუბარი ნავთობისა და გაზის კორპორაციის განვითარების 10-წლიან გეგმაშიც არის, სადაც ასევე ნათქვამია, რომ ამ ფაქტიდან გამომდინარე, გაზსაცავის მშენებლობა მინიმუმ რამდენიმე წლით გადავადდება ან შესაძლოა შეჩერდეს კიდეც.
ცოტა ხნის წინ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ პარლამენტში განაცხად, რომ საქართველოს მთავრობა დიდი ზომის გაზსაცავის პროექტზე სავარაუდოდ, უარს იტყვის.
მისი თქმით, ამ პროექტის ნაცვლად, მთავრობა განიხილავს მცირე ზომის გაზსაცავის მშენებლობის შესაძლებლობას. რომეო მიქაუტაძის განცხადებით, გაზსაცავის პარალელურად, განიხილება გათხევადებული გაზის (LNG) ტერმინალის მშენებლობის შესაძლებლობაც.
„ომმა და რეალობების ცვლამ შეცვალა ვითარება და დღეს ვიძახით, რომ ამხელა გაზსაცავი შეიძლება ჩვენთვის აღარ იყოს საჭირო. იმის მიღწევა, რომ ქვეყნის გაზმომარაგება მოხდეს 2 თვის ვადით, ეს შეიძლება მოხდეს უფრო მცირე გაზსაცავით და LNG ტერმინალით, რომლის პროექტმაც მნიშვნელობა უკვე შეიძინა. რუმინეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, თურქმენეთი - ეს კორიდორი ამ კუთხით შეიძლება იყოს. ჩვენ ამ ალტერნატივებიდან გამომდინარე დონორ ორგანიზაციებსა და მათ საკონსულტაციო კომპანიებს ვკითხეთ იქნებ რამე ალტერნატივა იყოს. ეს უფრო მოქნილი, სწორი და იაფიც იქნება. ჩვენ ქვეყანას არ აქვს იმდენი რესურსი, რომ ნახევარი მილიარდი ევრო გაზსაცავში დაიხარჯოს,”- განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.
შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნების“ დაპირება გაზსაცავის აშენების შესახებ, მთავრობისვე განცხადებით, არ შესრულდა. სანაცვლოდ, შესაძლოა, მცირე ზომის გაზსაცავი აშენდეს, თუმცა როდის, გაურკვეველია. შესაბამისად, 2014 წლიდან დაანონსებული პროექტი, რომლის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაზე 30 მლნ ევრო დაიხარჯა და რომლის მიზანი ენერგოუსაფრთხოების და ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი გაძლიერება იყო, აღარ აშენდება.