გასულ ორ თვეში სოციალურად დაუცველთა, ანუ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 14,307 ადამიანით (5,479 ოჯახით) შემცირდა. ოქტომბერში ფულადი სოციალური შემწეობა 655,734 ადამიანმა (176,041 ოჯახმა) მიიღო, რაც მთლიანი მოსახლეობის 17.6%-ს შეადგენს. წინა პერიოდში, 2020 წლის იანვრიდან 2022 წლის აგვისტოს ჩათვლით, ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა ყოველთვიურად იზრდებოდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. „ფაქტ-მეტრი“ აღნიშნულ სტატიაში იმ ფაქტორებს მიმოიხილავს, რაც სოციალურად დაუცველთა რაოდენობის ცვლილებას განაპირობებს.

სოციალური დახმარების [საარსებო შემწეობის] სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახები არიან, რომელთაც სახელმწიფო ფულადი და სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფს. ზოგადად, სოციალურად დაუცველთა ბაზა მუდმივად განახლების რეჟიმშია და ფულადი სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობაც იცვლება, როგორც ზრდისკენ, ასევე კლებისკენ. სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახების გადამოწმება მუდმივად ხდება, ოჯახის შემოსავლების ან დემოგრაფიული ცვლილებების გამო, 4 წელიწადში ერთხელ კი სოციალურად დაუცველი ოჯახების გეგმური შემოწმება ხორციელდება. ამასთან, სოციალურად დაუცველთა რაოდენობის ცვლილებაზე გავლენა ამ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის ცვლილებას ან/და პროგრამის გაფართოებას აქვს.

პანდემიის პერიოდში, 2020-2022 წლებში, ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2020 წლის იანვარში საარსებო შემწეობა მიიღო 432,218 პირმა [120,218 ოჯახმა], 2022 წლის აგვისტოში კი დახმარების მიმღებ პირთა რაოდენობა 670,041 [181,520 ოჯახი] იყო.

გრაფიკი 1: 2020-2022 წლებში საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო

ძირითადი ფაქტორი, რაც სოციალურად დაუცველების რაოდენობას ზრდა განაპირობა, ეს არის მოსახლეობის მხრიდან მიმართვიანობის ზრდა. პანდემიის პერიოდში, ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ოჯახებისა და მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც არსებობისთვის სახელმწიფოსგან მინიმალურ ფულად ბენეფიტებს ითხოვდნენ. საარსებო შემწეობის მიმღებთა ზრდას რა თქმა უნდა პირდაპირ კავშირში აქვს მთავრობის პოლიტიკასთანაც. კერძოდ, პანდემიის პერიოდში სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმებაზე მორატორიუმი გამოცხადდა, რაც ნიშნავს, რომ 2020 წლიდან სოციალური დახმარება არცერთ ოჯახს არ შეწყვეტია. პარალელურად, პროგრამას ემატებოდა ახალი ბენეფიციარები, ვინც სოციალური დახმარების დანიშვნის მოთხოვნით მიმართა სახელმწიფოს და შესაბამისი სტატუსი მიენიჭა. ამასთან, 2021 წლის ივლისიდან ბავშვთა დახმარების მიმღებთა წრე გაფართოვდა, რასაც პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობის ზრდაზე ასევე გარკვეული გავლენა ჰქონდა.

სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმებაზე დაწესებული მორატორიუმი 1-ელ მაისს დასრულდა და ოჯახების გადამოწმება ეტაპობრივად განახლდა. რასაც ლოგიკურად უნდა მოჰყოლოდა სოციალური დახმარების მიმღებთა კლება, თუმცა სოციალურად დაუცველთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია მომდევნო თვეებშიც (მაისი-აგვისტო) შენარჩუნდა. სექტემბერ-ოქტომბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის კლება, მორატორიუმის გაუქმებას და სავარაუდოდ, დახმარების მიმღებ ოჯახთა ინტენსიურ გადამოწმებას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ გადამოწმების პროცესში ოჯახებს დახმარება უწყდებათ ან დროებით უჩერდებათ, რაც იწვევს საარსებო შემწეობის მიმღებთა კლებას. ჩვენთვის საინტერესო იყო სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტება, თუ რა ფაქტორებმა განაპირობა გასულ ორ თვეში სოციალურად დაუცველთა რაოდენობის კლება. თუმცა აღნიშნულ საკითხზე სააგენტომ კომენტარი არ გააკეთა.

ის ფაქტი, რომ მოსახლეობის მხრიდან სოციალური დახმარების დანიშვნაზე მიმართვიანობა იზრდება, იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია. დახმარების მიმღებთა რაოდენობის კლება ან მატება კი ხშირ შემთხვევაში ხელისუფლების „კეთილ ნებაზე“ და დახმარების მიმღები ოჯახების გადამოწმების ინტენსივობაზეა დამოკიდებულია.