გიორგი ბოტკოველი: ქალაქ თელავში წყალი არ აქვს მოსახლეობას
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი ბოტკოველის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
რეზიუმე: ქალაქ თელავის მოსახლეობას წყალი დღემდე შეზღუდულად - გრაფიკით, მიეწოდება. ქალაქის წყალგაყვანილობის სისტემის რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2018 წელს გადაწყდა და საერთაშორისო ტენდერიც გამოცხადდა, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზის გამო ჩაიშალა. საერთაშორისო ტენდერის ხელახლა გამოცხადებამდე, წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად, ტენდერი ორ პროექტზე გამოცხადდა, რომლიდან ერთი დასრულებული, ერთი კი მიმდინარეა.
დღეისთვის თელავის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით ორი პროექტი მიმდინარეობს, რაც, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოფიციალური ინფორმაციით, მომავალი წლის დასაწყისისთვის დასრულდება, მანამდე, კომპანიისვე განცხადებით, ქალაქ თელავის მოსახლეობას წყალი გრაფიკით ექნება.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პროექტები დროში გაწელილად მიმდინარეობს - საერთაშორისო ტენდერი ხელახლა შეწყვეტიდან მხოლოდ 2.8 წლის შემდეგ გამოცხადდა, ხოლო მეორე პროექტი - დაწყებიდან 24 თვის გასვლის მიუხედავად, დასრულებული არ არის - 11-კილომეტრიანი მაგისტრალიდან 2 კილომეტრი, ჯერ ისევ მოსაწყობია. დასახელებული ფაქტები ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს.
აქედან გამომდინარე, თუმცა გიორგი ბოტკოველის განცხადება გადაჭარბებულია, ის პრობლემის არსს სწორად ასახავს. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
ანალიზი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გიორგი ბოტკოველმა ქალაქ თელავში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „ქალაქ თელავში მტვერში იხრჩობა მოსახლეობა და წყალი არ აქვს მოსახლეობას“.
ქალაქ თელავის მოსახლეობს სასმელი წყალი წლების განმავლობაში შეზღუდულად მიეწოდება. თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2018 წლის დასაწყისში გადაწყდა. პროექტი 6 ახალი და 5 უკვე არსებული ჭაბურღილის რეაბილიტაციას, მაგისტრალური მილსადენისა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობას ითვალისწინებდა. პროექტის ფარგლებში ასევე 5 ახალი რეზერვუარის მშენებლობა იყო დაგეგმილი.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი (ADB) „ურბანული სერვისების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში აფინანსებდა. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, სამუშაოები 2020 წელს უნდა დასრულებულიყო.
თუმცა 2018 წლის 28 მარტს გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერი, რომელშიც 11 უცხოური კომპანია იღებდა მონაწილეობას, სატენდერო დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზის გამო, ჩაშლილად გამოცხადდა.
საერთაშორისო ტენდერის ხელახლა გამოცხადებამდე, ტენდერი სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპზე - სამი ახალი ჭაბურღილის მოწყობასა, კორპუსების შიდა სისტემების სრულად მოწესრიგებასა და მოსახლეობის ინდივიდუალურ გამრიცხველიანებაზე გამოცხადდა (NAT190024950). ხელშეკრულება გამარჯვებულ შპს „ჰოდროგეოსთან“ 2020 წლის 31 იანვარს გაფორმდა. ხელშეკრულების ღირებულება 3 098 139 ლარი იყო და დაგეგმილი სამუშაოები 7 თვეში უნდა დასრულებულიყო.
2020 წლის სექტემბერში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ თელავში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით კიდევ ერთი ტენდერი გამოაცხადა, რომლის საგანს „წიწმატიანის“ სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია, სატუმბი სადგურის და მაგისტრალური წყალსადენის პროექტირება-მშენებლობა წარმოადგენდა. ტენდერში (NAT200013505) შპს „საბამ“ გაიმარჯვა, რომელთანაც 8 493 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორდა. ხელშეკრულების ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები 18 თვეში უნდა დასრულებულიყო. აღნიშნული პროექტის დაფინანსების წყარო სახელმწიფო ბიუჯეტი იყო.
2020 წლის ნოემბერში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ კიდევ ერთი - უკვე საერთაშორისო ტენდერი (DEP200000086), ხელახლა გამოცხადდა. ტენდერში ჩინურმა კომპანია - „China Geo-Engineering Corporation“-მა გაიმარჯვა. პროექტის ფარგლებში 79 კმ ქსელი უნდა მოწყობილიყო, ასევე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უნდა რეაბილიტირდეს 5 არსებული და 3 ახალი ჭაბურღილი აშენდეს, მოეწყოს რეზერვუარები და სისტემის მართვის ახალი სისტემა. პროექტის ღირებულება 23 887 009 ლარია.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ამ ეტაპისთვის, თელავში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით ორი პროექტი ერთდროულად მიმდინარეობს -„წიწმატიანის“ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული 11-კილომეტრიანი მაგისტრალიდან 9 კილომეტრის მოწყობა უკვე დასრულებულია, დარჩენილია 2 კილომეტრის მოწყობა, რაც წლის ბოლოსთვის დასრულდება და ასევე მიმდინარეობს ახალი სისტემების მშენებლობა, რომლის დასრულება მომავალი წლის დასაწყისისთვის იგეგმება.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ასევე აცხადებს, რომ აღნიშნული ორი პროექტის დასრულებამდე, თელავის მოსახლეობას წყალი შეზღუდვით - გრაფიკით, მიეწოდება. თუმცა პროექტების დასრულების შემდეგ თელავის წყალმომარაგების პრობლემა საბოლოოდ დასრულდება და ქალაქს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება.
გაანალიზებული მასალის მიხედვით ირკვევა, რომ ქალაქ თელავის მოსახლეობას წყალი ამ დრომდე შეზღუდულად მიეწოდება (მოსახლეობის ინფორმაციით - დღეში ერთხელ, რამდენიმე საათით). წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ამჟამადაც მიმდინარეობს და როგორც ოფიციალური უწყებები აცხადებენ, ქალაქში არსებული წყალმომარაგების პრობლემა მხოლოდ აღნიშნული ორი პროექტის დასრულების შემდეგ მოგვარდება. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პროექტები დროში გაწელილად მიმდინარეობს - საერთაშორისო ტენდერი ხელახლა შეწყვეტიდან მხოლოდ 2.8 წლის შემდეგ გამოცხადდა, ხოლო მეორე პროექტის დაწყებიდან 24 თვის გასვლის მიუხედავად, პროექტი ჯერ დასრულებული არ არის - 11-კილომეტრიანი მაგისტრალიდან 2 კილომეტრი ისევ მოსაწყობია. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს, რის გამოც კონკრეტულ შემთხვევაში, მოსახლეობას უწყლობით შექმნილი დისკომფორტის ატანა წლების განმავლობაში უწევს.
აქედან გამომდინარე, გიორგი ბოტკოველის განცხადება მართალია გადაჭარბებულია, თუმცა პრობლემის არსს სწორად ასახავს. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, განცხადება არის მეტწილად სიმართლე.