რომან გოცირიძე: ორნიშნა ინფლაციაა მეორე წელიწადია. შარშან 15%-მდე წელს 10%, ორწლიან პერიოდში ფასები გაიზარდა 25-30%-ით, ზოგიერთ პირველადი მოხმარების საქონელზე, სურსათზე და მედიკამენტებზე, განსაკუთრებით გაიზარდა.
ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე
რეზიუმე:
ინფლაციის მიმდინარე პრობლემა, მოსახლეობისთვის მართლაც კრიტიკულია. ბოლო ორი წლის განმავლობაში, წლიური თვალსაზრისით, ფასების ორნიშნა (პროცენტული) მატება ფიქსირდებოდა. საბოლოო ჯამში, 2020 წლის აგვისტოდან 2022 წლის აგვისტომდე, ინფლაციის მთლიანი მაჩვენებელი 25% იყო. მიზნობრივი ინფლაციის შენარჩუნების შემთხვევაში ფასების ზრდა ორ წელიწადში 6%-მდე უნდა ყოფილიყო.
კონკრეტულ სასაქონლო ჯგუფებში, რომლის მიმართაც მოსახლეობა მეტად მოწყვლადია, ფასები ზოგად ინფლაციაზე უფრო მეტად გაიზარდა. მაგალითად, ინფლაციამ სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში 34.7% შეადგინა, ხოლო ტრანსპორტის ჯგუფში 41.6%. თუმცა, საქსტატის ინფორმაციით, ამ ჯგუფებთან შედარებით, ინფლაციის მაჩვენებლები მედიკამენტების შემთხვევაში, ისევე როგორც ზოგადად ჯანდაცვის ჯგუფში, ინფლაციის მთლიან მაჩვენებელთან შედარებით ბევრად დაბალი იყო, რაც ნაწილობრივ, თურქეთიდან პარალელური იმპორტის დაშვებამ გამოიწვია.
2022 წელს, წლიური ინფლაცია 11-13%-ის ფარბლებში მერყეობდა, ისევე როგორც 2021 წლის მეორე ნახევარში, რაც პოლიტიკოსის მიერ დასახელებულ 10%-ზე მეტი იყო, თუმცა, 2021 წელს დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ინფლაცია(13.9%), ნაწილობრივ 2020 წელს განხორციელებული კომუნალურები გადასახდელების სუბსიდირების ეფექტს უკავშირდება, რამაც ამავე წელს, ინფლაციის „ხელოვნურად შემცირება“ გამოიწვია, შესაბამისად 2021 წლის ბოლოს, „რეალური“ ინფლაცია უფრო ნაკლები იყო. შესაბამისად, რომან გოცირიძის მიერ დასახელებული რიცხვები ფაქტობრივ მოცემულობას ტექნიკურად აცდენილია. რომან გოცირიძის განცხადება საბოლოო გაანგარიშებასა და მედიკამენტების ნაწილში უზუსტობებს შეიცავს, თუმცა მთლიანი კონტექსტი მაღალ ინფლაციასთან დაკავშირებით სიმართლეა. აქედან გამომდინარე, ფაქტ-მეტრი რომან გოცირიძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.
ანალიზი:
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რომან გოცირიძემ, რადიო პალიტრის გადაცემა „შუადღის სტუდიაში“ განაცხადა: ორნიშნა ინფლაციაა მეორე წელიწადია. შარშან 15%-მდე წელს 10%, ორწლიან პერიოდში ფასები გაიზარდა 25-30%-ით, ზოგიერთ პირველადი მოხმარების საქონელზე, სურსათზე მედიკამენტებზე, პირველადი მოხმარების საქონელზე განსაკუთრებით გაიზარდა.
დროთა განმავლობაში, ინფლაციის შედეგად, ფულის მსყიდველუნარიანობა მცირდება და მოცემულ ეტაპზე ერთი ლარით უფრო ნაკლები საქონლისა და მომსახურების შეძენაა შესაძლებელი, ვიდრე ადრე. აღნიშნულ პროცესს ინფლაცია ეწოდება. საჭიროებიდან გამომდინარე, ინფლაციის გამოსათვლელად სხვადასხვა მაჩვენებელი შეიძლება იყოს გამოყენებული. სამომხმარებლო ინფლაციას, სამომხმარებლო ფასების ინდექსი ზომავს, რომელიც 350 საქონლისგან შედგება. თავის მხრივ, აღნიშნული 350 პროდუქტი 12 სასაქონლო ჯგუფშია განაწილებული, რომლებიც საქსტატის განმარტებით, ქვეყანაში ყველაზე ხშირად მოხმარებადი საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალს წარმოადგენს და ქვეყნის საშუალო მომხმარებლის ხარჯების სტრუქტურას ასახავს.
მიმდინარე მაღალი ინფლაციის პრობლემა მოსახლეობისთვის კრიტიკულია. 2022 წლის აგვისტოს მონაცემებით, წლიურმა ინფლაციამ 10.8% შეადგინა, ივლისის მდგომარეობით კი 11.5%. თუმცა, აგვისტოში წლიური ინფლაციის მაჩვენებლის შემცირება 2021 წლის აგვისტოში ფასების მკვეთრ ზრდას უკავშირდება და არა 2022 წლის იმავე პერიოდში ფასების კლებას. ორნიშნა იყო ინფლაცია 2021 წლის ივლისის თვიდან წლის ბოლომდეც. საბოლოო ჯამში, 2020 წლის აგვისტოსთან შედარებით, ანუ ორ წელიწადში, ფასები 25%-ით არის გაზრდილი.
ცხრილი 1: წლიური ინფლაციის მაჩვენებლები 2019-2022 წლებში
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
წლიური ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარში დაფიქსირდა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს რომ ამ პერიოდში, ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის დაფიქსირება ნაწილობრივ 2020-2021 წლების დეკემბერ-თებერვალში განხორციელებულ სუბსიდირებას უკავშირდება, რომლის ფარგლებშიც მთავრობამ 2020 წლის დეკემბერში და 2021 წლის იანვარ-თებერვალში მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, კომუნალური გადასახდელელები დაუფარა, რასაც ტექნიკური თვალსაზრისით, კომუნალური გადასახდელების ფასები და შესაბამისად, ინფლაციის „ხელოვნურად“ შემცირებული მაჩვენებლის დაფიქსირება გამოიწვია. შესაბამისად, 1 წლის შემდეგ, ანუ 2021 წლის დეკემბერში, კომუნალური გადასახდელების ფასები სუბსიდირების შედეგად განულებულ ფასებს შედარდა, რამაც წლიური ინფლაციის შედარებით მაღალი მაჩვენებლის დაფიქსირება გამოიწვია. აღსანიშნავია რომ პოლიტიკოსი, 2020 წლის ბოლოს, სუბსიდირების შედეგად ინფლაციის მაჩვენებლის ხელოვნურად შემცირებაზე საუბრობდა (იხ: სტატია), თუმცა, იმავე ლოგიკით, 2021 წლის ბოლოსთვის ინფლაციის მაჩვენებელი „ხელოვნუარდ გაზრდილი გამოდის“. ამ ეფექტის გათვალისწინების გარეშე, ინფლაციის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი 2021 წლის ოქტომბერში, 12.8%-ის დონეზე დაფიქსირდა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი იყო, თუმცა ზემოთ აღნიშნული ეფექტის თვალსაზრისით, წინა წელს, 15% ინფლაციის დაფიქსირება გადაჭარბებული შეფასებაა.
პოლიტიკოსის განცხადების შესაბამისად, ბოლო პერიოდია ინფლაცია ტრანსპორტის და სურსათის ჯგუფებში, ზოგად ინფლაციას მნიშვნელოვნად აღემატება, რაც მოსახლეობისთვის კრიტიკულ პრობლემას წარმოადგენს. მაგალიტად, 2022 წლის აპრილ-ივნისის განმავლობაში, ინფლაცია სურსათის ჯგუფში 21-22%-ის ფარგლებში მერყეობდა. ბუნებრივია, ამ ჯგუფის მიმართ, მოსახლეობა ყველაზე მეტად მოწყვლადია. საბოლოო ჯამში, ბოლო 2 წლის განმავლობაში, ინფლაციამ სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში 34.7% შეადგინა, ხოლო ტრანსპორტის ჯგუფში 41.6%.
გრაფიკი 1: წლიური ინფლაციის დინამიკა ტრანსპორტის და სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, %
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
რომან გოცირიძე, განცხადებაში მედიკამენტების გაძვირებაზეც საუბრობს, რომელიც ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფს განეკუთვნება. საინტერესოა რომ უშუალოდ ჯანდაცვის ჯგუფში, საქსტატის მონაცემებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ინფლაციამ 12% შეადგინა, რაც მთლიან ინფლაციას მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება. ცალკე, მედიკამენტების ჯგუფებში, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ინდექსში შედიან, სისხლძარღვების გამაფართოებელი მედიკამენტების ჯგფში 22% ინფლაცია დაფიქსირდა, ტკივილგამაყუჩებლების ჯგუფში 13.8%, საჭმლის მომნელებელი პრეპარატების ჯგფში 13%. ინფლაციის ეს მაჩვენებლები მცირე არ არის, თუმცა მთლიან ინფლაციას მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება. ანტიბიოტიკების და ვიტამინების ჯგუფებში ფასები პრაქტიკულად არ გაზრდილა. აღსანიშნავია რომ 2022 წელს თურქეთიდან პარალელური იმპორტის დაშვებამ, კონკრეტული მედიკამენტების გაიაფება გამოიწვია.