2022 წლის 28 ივნისს „მედია-კავშირი ობიექტივის“ გადაცემის, „დღის ბოლოს,“ სტუმარმა მერაბ რატიშვილმა რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ისაუბრა. რატიშვილმა აღნიშნა, რომ NATO-მ ნაცისტური გეგმის, „ოპერაცია ბარბაროსას“ მსგავსი სტრატეგია სახელწოდებით „ბარბაროსა 2“ შეიმუშავა. მისი მტკიცებით, ნაცისტური გეგმისგან განსხვავებით ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტრატეგია არა რუსეთში პირდაპირ შეჭრას, არამედ უკრაინის დაკავებას ითვალისწინებს. რატიშვილმა განაცხადა, რომ კიევი რუსეთზე თავდასხმისთვის ემზადებოდა და ამას ეუთოს 17 თებერვლის ანგარიში მოწმობს, რომლის თანახმადაც, უკრაინელებმა დონეცკისა და ლუგანსკის დაბომბვა დაიწყეს. რატიშვილის მტკიცებით, უკრაინას ომისკენ დასავლეთი უბიძგებდა. მისი თქმით, რუსეთს საკუთარი „სასიცოცხლო სივრცის“ დაცვა მოუწია და უკრაინის წინააღმდეგ „სამხედრო ოპერაცია“ სწორედ ამიტომ წამოიწყო.
მერაბ რატიშვილის განცხადება „ოპერაცია ბარბაროსა 2-ის“ შესახებ შეთქმულების თეორიაა. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ NATO-მ მსგავსი გეგმა შეიმუშავა და რუსეთზე თავდასხმას აპირებდა. აღნიშნული დეზინფორმაცია სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში წლების წინ ვრცელდებოდა. 2017 წელს აღნიშნავდნენ, რომ ანგელა მერკელმა „ბარბაროსა 2-ს“ ხელი მოაწერა, რის გამოც გერმანიის კანცლერს პუტინი სოჭში დაუპირისპირდა. 2018 წელს კი პრორუსულმა წყარომ „ბარბაროსა 2“ ნორვეგიაში ჩატარებულ NATO-ს მასშტაბურ სამხედრო წვრთნას დაუკავშირა.
რეალურად, NATO თავდაცვითი ალიანსია და არცერთ ქვეყანაზე თავდასხმას მიზნად არ ისახავს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ორგანიზაციამ თანამშრომლობა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან, აქტიურად დაიწყო. ამ მიზნით, მშვიდობისთვის პარტნიორობის პროგრამა და ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო შექმნა. 1997 წელს NATO-მ და რუსეთმა ორმხრივი ურთიერთობების, თანამშრომლობისა და უსაფრთხოების დამფუძნებელ აქტს მოაწერეს ხელი და NATO-რუსეთის მუდმივი გაერთიანებული საბჭო ჩამოაყალიბეს, რომელიც 2002 წელს NATO-რუსეთის საბჭოდ გარდაიქმნა. ალიანსი მოსკოვთან მრავალ სხვადასხვა სფეროში, მაგალითად - კონტრნარკოტიკულ და კონტრტერორისტულ საკითხებში თანამშრომლობდა. 2014 წელს კრემლის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული აგრესიის შემდეგ, NATO-მ რუსეთთან პრაქტიკული თანამშრომლობა შეაჩერა. თუმცა, ალიანსმა მოსკოვთან კომუნიკაციის არხები შეინარჩუნა.
საგულისხმოა, რომ პუტინის მმართველობის პირველ წლებში კრემლი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს საფრთხედ არ განიხილავდა და თავადაც კი გამოუთქვამს NATO-ში გაწევრიანება სურვილი. 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე პუტინმა ალიანსის გენერალურ მდივან ჯორჯ რობერტსონს ჰკითხა NATO რუსეთს წევრად როდის მიიწვევდა. რობერტსონი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ რუსეთის ალიანსში გაწევრიანებისთვის მომავალში მჭიდროდ ითანამშრომლებდნენ.
რუსეთის პრეზიდენტი ვერც უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ მისწრაფებებს ხედავდა მოსკოვისთვის საფრთხის შემცველად. 2003 წელს პუტინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „უკრაინა თავისუფალი სუვერენული სახელმწიფოა და თავად აირჩევს მშვიდობისა და უსაფრთხოების საკუთარ გზას.“
2022 წლის 24 თებერვლამდე, უკრაინის საკითხის გარშემო, დიდი ხნის განმავლობაში, კრიზისი იყო შექმნილი, რაც რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიასა და მისი საზღვრების სიახლოვეს 190,000-მდე სამხედროსა და დიდი რაოდენობით საბრძოლო ტექნიკის მობილიზებამ გამოიწვია. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 2021 წლის დეკემბერში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობის გაუქმება მოსთხოვა, რომლის მიხედვითაც, საქართველო და უკრაინა ალიანსში გაწევრიანდებიან. მოგვიანებით, კრემლმა დასავლეთს „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ მომზადებული სპეციალური პროექტიც გადასცა, რომელშიც, რუსეთი NATO-ს სამომავლო გაფართოებას დაუშვებლად მიიჩნევდა, და ფაქტობრივად, აშშ-სა და NATO-ს სამხედრო ნაწილებისა და შეიარაღების 1997 წლის მდგომარეობით, ანუ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების NATO-ში გაწევრიანებამდე, არსებულ პოზიციებზე დაბრუნების ულტიმატუმს უყენებდა.
დასავლეთმა რუსეთის ეს მოთხოვნები, რომლებიც სხვადასხვა სუვერენული ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ არჩევანს უგულებელყოფდა, არ დააკმაყოფილა. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 26 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ერის თვითგამორკვევის უფლების პატივისცემის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა: „ჩვენ ვერ და არ უარვყოფთ იმ პრინციპებს, რომლებზეც ჩვენი მოკავშირეებისა და ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის უსაფრთხოება დგას. ეს მოიცავს თითოეული სახელმწიფოს უფლებასაც, თავად გადაწყვიტოს საკუთარი უსაფრთხოებისთვის რა ზომების მიღებაა საჭირო. რუსეთმა თავი უნდა შეიკავოს ძალის გამოყენებით მუქარისგან, აგრესიული რიტორიკისგან, და სხვა ქვეყნების დამაზიანებელი ქმედებებისგან“. აღნიშნულის პასუხად, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის სეპარატისტული რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა და მათთან თანამშრომლობისა და ორმხრივი დახმარების ხელშეკრულება გააფორმა. მოგვიანებით კი, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე, რუსულმა სამხედრო ძალებმა, რომელთა მობილიზაციაც, თითქოს, მხოლოდ წვრთნების ჩასატარებლად მოხდა, უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყეს.
დასავლეთს არათუ არ სურდა ომის დაწყება, არამედ დაძაბული ვითარების განმუხტვას დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა. 26 იანვარს ვაშინგტონმა კრემლის მოთხოვნებს წერილობით უპასუხა და მოსკოვს უკრაინის და სხვა საკითხების დიპლომატიური გზით მოგვარება შესთავაზა. 17 თებერვალს გადაწყდა, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და სერგეი ლავროვი ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდებოდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა, შეხვედრა ჩაიშალა. აგრესიის შეწყვეტისკენ და მოლაპარაკებებისკენ მოსკოვს ევროპელი ლიდერებიც მოუწოდებდნენ. მოსკოვს კრიზისის დეესკალაციისთვის და პრეზიდენტ პუტინთან შესახვედრად 7 თებერვალს - საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ხოლო 15 თებერვალს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ეწვია. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი კი 10 თებერვალს სერგეი ლავროვს შეხვდა. ასევე 15 თებერვალს ჯო ბაიდენმა და ემანუელ მაკრონმა ერთმანეთთან სატელეფონო საუბრისას კრიზისის აღმოფხვრის დიპლომატიურ გზას კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეუთოს 17 თებერვლის ანგარიშის მიხედვით, დონეცკში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 189-ჯერ, ხოლო ლუჰანსკში 402-ჯერ დაირღვა, თუმცა ორგანიზაციას არ აღუნიშნავს, თუ რომელი მხარე იყო ამ შემთხვევებზე პასუხისმგებელი. უკრაინის ხელისუფლებამ და რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის დარღვევა ერთმანეთს დააბრალეს. უკრაინის მთავრობამ განაცხადა, რომ დონეცკისა და ლუჰანსკის ძალის გამოყენებით დაბრუნების სურვილი არ ჰქონდა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მომხდარს „დიდი პროვოკაცია“ უწოდა.
საგულისხმოა, რომ ევროპელი ექსპერტების ასოციაციის კვლევითი ჯგუფის ანგარიშის თანახმად, რუსეთი „ცრუ დროშის“ ოპერაციის მოსაწყობად და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გასამართლებლად ინფორმაციულ საფუძველს, ჯერ კიდევ 2021 წლის ოქტომბრიდან ამზადებდა. კრემლისტურმა გამოცემებმა გააღვივეს ნარატივი, თითქოს უკრაინის არმია დონბასზე თავდასხმას გეგმავდა. ომის დაწყებამდე დღეებით ადრე კი აქტიურად დაიწყეს გაყალბებული ფოტოებისა და ვიდეოების გავრცელება, რომლებიც თითქოს უკრაინელების მიერ დონბასში მცხოვრებ მშვიდობიანებზე თავდასხმის ფაქტებს ასახავდა. მაგალითად, კრემლი და მათ მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ამტკიცებდნენ, რომ 22 თებერვლის დილის 5 საათზე უკრაინელებმა დონეცკი-ჰორლივკას დამაკავშირებელ გზატკეცილზე ხელნაკეთი ბომბი ააფეთქეს, რის შედეგადაც მსუბუქი ავტომობილი და ფურგონი დაზიანდა და 3 ადამიანი გარდაიცვალა. კრემლისტურმა გამოცემებმა, მაგალითად Известия-მ და პრორუსმა ბლოგერმა პატრიკ ლანკასტერმა შემთხვევის ადგილის ამსახველი ვიდეოკადრებიც გაავრცელეს. მოგვიანებით დადგინდა, რომ ავტომობილებისთვის მიყენებული დაზიანებები აფეთქების შედეგად ვერ იქნებოდა მიყენებული, მათში მყოფი ადამიანები კი ინციდენტამდე გარდაიცვალნენ და მათი სხეულები ავტომობილებში მოგვიანებით მოათავსეს.
---------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.