საქართველოს მთავრობამ ოფიციალურ facebook-გვერდზე, ჰეშთეგით „#შეადარე“, საკუთარი მიღწევების წარმოსაჩენად ვიდეორგოლი გაავრცელა. შედეგები ცალკეული სამინისტროების ქოლგის ქვეშ არის მიმოხილული და მიმდინარე მონაცემები 2012 წლის მაჩვენებლებთან არის შედარებული. „ფაქტ-მეტრმა“ ვიდეოფაილში მოყვანილი მტკიცებების რეალობასთან შესაბამისობა გადაამოწმა. მასალის მოცულობიდან გამომდინარე, გადამოწმებულ ინფორმაციას მკითხველს სტატიების სერიის სახით ვთავაზობთ.

ლოგიკურია, ათწლიან პერიოდში გარკვეული გაუმჯობესება დაფიქსირდებოდა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია დინამიკის მხედველობაში მიღებაც. როგორც ანალიზიდან ირკვევა, ვიდეორგოლში მოყვანილი მტკიცებების ნაწილი სიმართლეს შეესაბამება, თუმცა ხშირ შემთხვევაში, წარმატება გადაჭარბებულად არის წარმოჩენილი ან/და მანიპულაციური შედარებებია მოყვანილი.

მტკიცება: ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები 2012 წლიდან 2022 წლამდე 450 მლნ ლარიდან 1 900 მლნ ლარამდე გაიზარდა... 2012 წლიდან 2022 წლამდე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული მოსახლეობა 38%-დან 94.7%-მდე გაიზარდა

ვერდიქტი: ვერდიქტის გარეშე

2012 წელს ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები 450 მლნ ლარს შეადგენდა. პანდემიამდე პერიოდში, 2019 წელს ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯებმა 1,338 მლნ ლარი შეადგინა. (2020-2021 წლების ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების დაზუსტებული მონაცემები „ფაქტ-მეტრმა“ ჯანდაცვის სამინისტროდან გამოითხოვა, რომელსაც ინფორმაციის მიღებისთანავე განვაახლებთ).

ნაერთი ბიუჯეტის მონაცემებით, 2020-2021 წლებში ჯანდაცვაზე გაწეული დანახარჯები მკვეთრად გაიზარდა, რაც კორონავირუსის პანდემიასთან პირდაპირ კავშირშია. 2020 წელს ჯანმრთელობის დაცვის ხარჯებმა 1,872.7 მლნ ლარი, ხოლო 2021 წელს 2,596.7 მლნ ლარი შეადგინა. რეალური სურათის დასანახად, თუ რამდენად გაიზარდა ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები, რელევანტურია ფარდობითი მაჩვენებლები გავაანალიზოთ. 2012 წელს ჯანმრთელობის დაცვის ხარჯები ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების 5.2%-ს შეადგენდა, ხოლო 2019 წელს (ანუ პანდემიამდე პერიოდში) 9.2%-ს. 2021 წელს კი ჯანმრთელობის დაცვის დაფინანსება მთლიანი ბიუჯეტის 13.4%-მდე გაიზარდა, თუმცა აღნიშნული ზრდა დიდწილად კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება.

ფაქტია, რომ 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში (პანდემიამდე პერიოდშიც) ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა. რაც შეეხება ხარჯების ეფექტიანობას, ამის შესაფასებლად ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი მოსახლეობის დანახარჯების დინამიკის განხილვაა. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდების წილი შემცირდა, მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე საკუთარი ჯიბიდან გაწეული დანახარჯები კვლავ მკვეთრად მაღალია (იხილეთ ვრცლად „ფაქტ-მეტრის“ სტატია). 2019 წლის მონაცემებით, ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდების წილი თითქმის 47%-ს შეადგენდა, რაც ჯანმოს ევროპული რეგიონის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს (30%) მნიშვნელოვნად აღემატება. ჯანდაცვაზე მოსახლეობის მაღალი დანახარჯები, ძირითადად, მედიკამენტებზე გაწეულ ხარჯებს უკავშირდება, რასაც დიდწილად მედიკამენტებზე მაღალი ფასები და ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში მედიკამენტების კომპონენტის მინიმალური მოცვა განაპირობებს.

2013-2019 წლებში ჯანდაცვის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად ზრდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯებს უკავშირდება. 2013 წელს, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის შემოღებით, ჯანდაცვის სისტემაში ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, სახელმწიფომ მიზნობრიობის პრინციპი საყოველთაოთი ჩაანაცვლა და ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა ყველა იმ მოქალაქეზე გავრცელდა, ვინც დაზღვევის სხვა პაკეტით არ სარგებლობდა. შეიცვალა დაფინანსების წესიც - კერძო სადაზღვევო კომპანიებზე დამყარებული დაფინანსების სისტემა გაუქმდა. საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირი გადახდის წესით ფინანსდება. ერთი შემსყიდველის პრინციპზე გადასვლით დაზღვევასთან დაკავშირებული ფინანსური რისკები სახელმწიფო ბიუჯეტზე მოდის. მსგავსი პრაქტიკა კი ხარჯების მართვის ეფექტიან მექანიზმად ვერ ჩაითვლება. გასული წლების სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯების მართვას ვერ ახერხებს. პროგრამის გეგმური ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება, თუმცა ის ყოველ წელს დეფიციტურია (იხილეთ: ვრცლად „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ ლოგიკურია გააუმჯობესა სამედიცინო სერვისებზე მოსახლეობის წვდომა და მოცვის მაჩვენებელი გაიზარდა. თუმცა პროგრამის მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება მედიკამენტების კომპონენტის დაფინანსება, ჯანდაცვაზე მოსახლეობის დანახარჯები კი კვლავ მაღალია.

ჯანდაცვის ხარჯების ეფექტიანად მართვის და მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების შემცირების გზა, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასთან ერთად, პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებაა. აღნიშნული ძვირადღირებულ ჰოსპიტალურ მკურნალობასთან და მაღალტექნოლოგიურ ჩარევებთან დაკავშირებულ ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. 2022 წელს ჯანდაცვის რგოლის გაძლიერების მხრივ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა. თუმცა გასულ 10-წლიან პერიოდში, ამ მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებები და მიღწევები არ გვაქვს.

„ფაქტ-მეტრი“ იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ჯანდაცვის დაფინანსება მკვეთრად გაიზარდა, ასევე ჯანდაცვის სერვისებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა. თუმცა ჯანდაცვის მაღალი დანახარჯები გარკვეულწილად ხარჯების არაეფექტიან მართვასაც უკავშირდება და მსგავსი შედეგების მიღწევა ნაკლები დანახარჯებითაც იყო შესაძლებელი.

მტკიცება: დიაბეტის მართვის პროგრამის ბიუჯეტი 2012 წელს 5 მლნ ლარი იყო, 2022 წელს 27 მლნ ლარი

ვერდიქტი: ნახევრად სიმართლე

2012 წელს დიაბეტის მართვის პროგრამის ხარჯებმა 5 მლნ ლარი შეადგინა, 2022 წელს პროგრამის ბიუჯეტი 27 მლნ ლარით განისაზღვრა.

დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამა მოიცავს: შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურებას; სპეციალიზებულ ამბულატორიულ დახმარებას; შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებული მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფას. მიმდინარე წელს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დიაბეტით დაავადებული 18 წლამდე ასაკის პირებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემების დაფინანსების კომპონენტი გაჩნდა. რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5.4 მლნ ლარი გამოიყო.

აღსანიშვანია, რომ ქვეყანაში დიაბეტის ახალი შემთხვევები ზრდის ტენდენციით ხასიათდება, შესაბამისად იზრდება პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობაც, რაც პროგრამის ხარჯებს ზრდის.

მთავრობის მიერ მოყვანილი რიცხვები ზუსტია, თუმცა კონტექსტს მიღმაა დატოვებული ბოლო 10-წლიანი პერიოდის მაღალი ინფლაცია ჯანდაცვის სექტორში და დიაბეტის ახალი შემთხვევების შედეგად პროგრამის ბენეფიციართა რიცხვის მზარდი ტენდენცია, რაც სრული სურათის საჩვენებლად მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. შესაბამისად, მოცემული მტკიცება, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით არის ნახევრად სიმართლე.

მტკიცება: გაიზარდა სოფლის ექიმის და ექთნის ანაზღაურება. 2012 წელს სოფლის ექიმის ანაზღაურება იყო 456 ლარი, ხოლო 2022 წელს 850 ლარი. 2012 წელს სოფლის ექთნის ანაზღაურება იყო 304 ლარი; 2022 წელს კი 655 ლარი

ვერდიქტი: ნახევრად სიმართლე

პირველ რიგში, უნდა განვმარტოთ, რომ დროთა განმავლობაში, ინფლაციის შედეგად შემოსავლის მსყიდველუნარიანობა მცირდება. შესაბამისად, ხელფასის [შემოსავლების] განხილვისას რელევანტურია რეალური ხელფასის დინამიკის განხილვა, რომელიც ინფლაციის გავლენას გამორიცხავს.

იმისთვის, რომ ვნახოთ 2012 წლის შემდეგ რეალურად რამდენად გაიზარდა სოფლის ექიმის და ექთნის შრომის ანაზღაურება, „ფაქტ-მეტრმა“ 2022 წლის ნომინალური მაჩვენებელი ინფლაციის შესაბამისად დააკორექტირა [1]. 2022 წელს სოფლის ექიმის რეალურმა ხელფასმა [2012 წლის ფასებში] 529.5 ლარი შეადგინა, ანუ 10 წლიან პერიოდში სოფლის ექიმის რეალური ხელფასი ჯამში მხოლოდ 16%-ით არის გაზრდილი. 2012 წლის შემდეგ, სოფლის ექთნის რეალური ხელფასი 34%-ით არის გაზრდილი და 408 ლარს შეადგენს.

მთავრობა სოფლის ექიმის და ექთნის შრომის ანაზღაურების ნომინალურ მაჩვენებლებზე საუბრობს და ცდილობს შექმნას გადაჭარბებული წარმოდგენა. რეალურად, 2012 წლის შემდეგ სოფლის ექიმის და ექთნის რეალური ხელფასი [ინფლაციის გათვალისწინებით] მხოლოდ მცირედით არის გაზრდილი.

მტკიცება: მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და შშმ ბავშვების დახმარება 2012 წლის შემდეგ 100 ლარიდან 275 ლარამდე გაიზარდა.

ვერდიქტი: ნახევრად სიმართლე

შშმ ბავშვებისა და მკვეთრად გამოხატული შშმ პირების დახმარების ოდენობა 275 ლარს შეადგენს. ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია ვნახოთ, რამდენად გაიზარდა რეალური დახმარება, ინფლაციის მაჩვენებლის გათვალისწინებით. მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და შშმ ბავშვების დახმარება, ინფლაციაზე დაკორექტირებული, 2012 წლის ფასებში 171 ლარს შეესაბამება. 2012 წლის შემდეგ, მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და შშმ ბავშვების დახმარების რეალურმა ზრდამ 71% შეადგინა. რაც ნომინალურ ზრდას [175%] დაახლოებით 2.4-ჯერ ჩამოუვარდება.

მთავრობა ფაქტობრივ მონაცემებს სწორად ასახელებს, თუმცა გრძელვადიანი [10 წლიან] პერიოდის ნომინალური მაჩვენებლებს ადარებს ერთმანეთს, რითაც ცდილობს, მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და შშმ ბავშვების დახმარების ზრდა გადაჭარბებულად წარმოაჩინოს.

მტკიცება: 2012 წლამდე საცხოვრებელი ფართით 19 000 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა, 2022 წლამდე - 27 000 ოჯახი

ვერდიქტი: მეტწილად სიმართლე

დღეის მონაცემით, დევნილთა ერთიან ბაზაში 92 079 დევნილი ოჯახია რეგისტრირებული, რაც რაოდენობრივად 286 442 პირს შეადგენს.

ბოლო მონაცემით, საცხოვრებელი ფართით დევნილთა 46 826 ოჯახია დაკმაყოფილებული, რაც ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების 50.9%-ია. შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის გარეშე ჯერ კიდევ დევნილი ოჯახების 49.1%-ია დარჩენილი (45 253 ოჯახი).

2013 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, განსახლების პროგრამების ფარგლებში საცხოვრებელი ფართი 24 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა, მათგან 13 804 დევნილი ოჯახი ახალაშენებულ კორპუსში შესახლდა, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში სახელმწიფომ სახლი 4 117 ოჯახისთვის შეისყიდა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართობი კი მასში მცხოვრებ 5 334 დევნილ ოჯახს დაუკანონდა. შესაბამისად, 9 წლის განმავლობაში, საცხოვრებელი ფართით წელიწადში საშუალოდ 2 666 დევნილი ოჯახი კმაყოფილდებოდა. არსებული ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, დევნილთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას კიდევ 17 წელი მაინც დასჭირდება.

რაც შეეხება 2012 წლამდე დევნილების საცხოვრებლით დაკმაყოფილებას, სულ ჯამში 22 826 დევნილი ოჯახი იყო დაკმაყოფილებული, თუმცა აღნიშნული მოიცავს 2012 წლამდე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებული დევნილი ოჯახების სრულ სტატისტიკას და არა მხოლოდ „ნაციონალების“ დროს. შესაბამისად, 2012 წლამდე საცხოვრებელი ფართი წელიწადში საშუალოდ 1480 ოჯახს გადაეცემოდა.

როგორც მონაცემებიდან ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ წლიურად დევნილებს უფრო მეტი ბინა გადაეცემათ, ვიდრე წინა წლებში. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იმისთვის რომ დევნილების განსახლების პრობლემა გადაიჭრას, წლიურად უფრო მეტი ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაა საჭირო.

იმის გათვალისწინებით, რომ განცხადების კონტექსტი ზუსტია და ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში დევნილების ბინებით უზრუნველყოფა უფრო მაღალი ტემპით ხდება, მიუხედავად რიცხვებში არსებული უზუსტობისა და სრულად დევნილების ბინებით დაკმაყოფილებისათვის უფრო მაღალი ტემპის საჭიროებისა, „ფაქტ-მეტრი“ მოცემულ მტკიცებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.

[1] ინფლაციისთვის 2022 წლის მაისის თვე [პოსტის დადების მომენტში ხელმისაწვდომი მონაცემი] შედარებულია 2012 წლის მაისთან