სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა მაია ნიკოლაიშვილმა „ჯორჯიან-თაიმსთან“ შემდეგი განცხადება გააკეთა: „არსად არ გავწევრიანდებით, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, რადგან, ევროკავშირი არის ამერიკის კოლონია. ევროკავშირი თავის ბოლო შემოდგომას ითვლის, მე დარწმუნებული ვარ. კანდიდატობა საერთოდ არაფერი არ არის, მივხედოთ ჩვენ თავს, ჩვენ ვცხოვრობთ კავკასიაში, გვყავს მეზობლები, აზერბაიჯანლები, სომხები, რუსები, ჩეჩნები, ჩრდილოკავკასიელები, თურქები; გადავხედოთ ამას რეალობაში, გამოვიდეთ ფეისბუქიდან; ჩვენ არც იტალიაში ვართ, არც ესპანეთში და არც გერმანიაში, აქ ვართ, საქართველოში და კარგად გავიხედ-გამოვიხედოთ, ჩვენ ხვალინდელ დღეს შევხედოთ, იქნებ, როგორმე ავცდეთ ომს და სიკეთეები მივიღოთ იქიდან, სადაც ჩვენ ვართ“.
აღნიშნული განცხადება გამოაქვეყნეს „ალიამ“ და კრემლისტურმა „ნიუსფრონტმაც“, ასევე ის სოციალურ ქსელშიც აქტიურად გავრცელდა (მაგალითად, იხილეთ „საქართველო და მსოფლიო“, ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5, ბმული 6). სოციალური მედიის ანალიტიკური ხელსაწყო Crowdtangle-ის მიხედვით Facebook-ში აღნიშნულ ინფორმაციას ჯამურად 1000-ზე მეტი ინტერაქცია აქვს.
მტკიცება, თითქოს ევროკავშირი აშშ-ს კოლონიაა, შეთქმულების თეორიას წარმოადგენს და ყალბი ამბავია. პირველ რიგში, კოლონია შეგვიძლია განვსაზღვროთ, როგორც „სხვა ქვეყნის მიერ დაპყრობილი, ექსპლუატირებული ქვეყანა ან ქვეყანა, რომელსაც დაკარგული აქვს სახელმწიფო დამოუკიდებლობა (მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა) და სუვერენიტეტი. კოლონია ან ოკუპირებული უნდა იყოს სხვა ქვეყნის მიერ ან უფრო ძლიერ (და ხშირად შორს მდებარე) სახელმწიფოს მასზე სრული ან ნაწილობრივი პოლიტიკური კონტროლი უნდა ჰქონდეს დამყარებული. აქვე უნდა აღნიშნოს, რომ თანამედროვე გლობალიზებულ სამყაროში მთავრობებს პროცესების სრული კონტროლი არ შეუძლიათ (მაგალითად, მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების ყველა ქვეყანაზე ახდენს გავლენას, რისი სრულად შეჩერება არც ერთ მთავრობას არ შეუძლია) და ამ გაგებით, სახელმწიფოთა სუვერენული ძალაუფლება შემცირებულია და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებზე აბსოლუტური სუვერენიტეტი არც ერთ მთავრობას არ აქვს. ასევე მთავრობების გადაწყვეტილებებზე ბევრი გარე ფაქტორი ახდენს გავლენას და ხშირად მათ სხვა სახელმწიფოების პოზიციების გათვალისწინებაც უწევთ, რაც ერთი ქვეყნის გადაწყვეტილებებზე სხვების პოლიტიკურ გავლენას წარმოადგენს, თუმცა პოლიტიკური გავლენის არსებობა აპრიორი პოლიტიკურ კონტროლად არ ითვლება.
ევროკავშირი, რომლისთვისაც მის წევრებს სუვერენიტეტის ნაწილი ნებაყოფლობით უფრო ეფექტიანი მმართველობისთვის აქვთ დელეგირებული, და აშშ ახლო მოკავშირეები არიან და ბუნებრივია, გადაწყვეტილებების მიღებისას ერთმანეთის პოზიციას ითვალისწინებენ. მაგალითად, ისინი ერთმანეთში დიალოგს აწარმოებდნენ/აწარმოებენ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ურთიერთზემოქმედების მსგავს დონეს არაფერი აქვს საერთო კოლონიურ კონტროლთან.
ტესტი, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ, იმის გასარკვევად წარმოადგენს, თუ - არა ევროკავშირი-აშშ-ის ურთიერთობა კოლონია-მეტროპოლიის ურთიერთობას, არის მათი ურთიერთობების ისტორიაში ფაქტების მოძიება და დადგენა, თუ ყოფილა შემთხვევები, რომ ევროკავშირი აშშ-ს მნიშვნელოვან საკითხებში დაუპირისპირდა. თუ ისინი მოკავშირეები არიან და ერთმანეთის ინტერესებს ითვალისწინებენ და ზოგ საკითხში ევროკავშირი აშშ-ს წინააღმდეგ წასულა, ეს დაადასტურებს, რომ მაია ნიკოლაიშვილის მტკიცება ტყუილია და ევროკავშირი აშშ-ის კოლონიას არ წარმოადგენს. ხოლო კოლონიურ დამოკიდებულებაზე საუბარს საფუძველი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუ ევროკავშირი აშშ-ის ყველა ფაქტობრივად ყველა მოთხოვნას ყოველთვის ასრულებს, ხოლო აშშ ევროკავშირის ინტერესებს არ ითვალისწინებს, რაც პოტენციურად მიუთითებდა იმაზე, რომ მხარეებს შორის თანასწორუფლებიანი ურთიერთობა არ არსებობს.
აშშ-ევროკავშირის ურთიერთობების ისტორია მიუთითებს, რომ მათ შორის არა მეტროპოლია-კოლონიის ტიპის დამოკიდებულება, არამედ პარტნიორული ურთიერთობები არსებობს, თუმცა რიგ საკითხებზე მხარეებს საპირისპირო პოზიციები ჰქონდათ. აშშ-ევროკავშირის ურთიერთობები ფორმალიზებულ დონეზე გადავიდა „ტრანსატლანტიკური დეკლარაციის“ მიღებით, სადაც თანამშრომლობის სფეროებს შორის დასახელებული იყო ეკონომიკა, განათლება, კულტურა, მეცნიერება, ტერორიზმთან, საერთაშორისო კრიმინალთან და ტრეფიკინგთან ბრძოლა, გარემოს დაცვა და ა.შ. ხოლო 1995 წელს მიღებულ იქნა „ახალი ტრანსატლანტიკური დღის წესრიგი“, რომელიც მოიცავს მსოფლიოში მშვიდობის, სტაბილურობის, დემოკრატიისა და განვითარების გავრცელებას, გლობალურ გამოწვევებზე ერთობლივ პასუხს, მსოფლიო ვაჭრობისა და ახლო ეკონომიური კავშირების გავრცობას, ატლანტიკური კავშირების გაღრმავებას და ა.შ. ევროკავშირი-აშშ-ის ახლო პარტნიორობის დასადასტურებლად საკმარისია ის ფაქტიც, რომ მათ აქვთ ყველაზე დიდი ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობა (დეტალურად სტატისტიკა იხილეთ ევროკავშირისა და აშშ-ის ოფიციალურ მონაცემებში). ეკონომიკურის გარდა, მხარეები უახლოესი მოკავშირეები არიან პოლიტიკურ და უსაფრთხოების განზომილებაშიც, რამდენადაც ევროკავშირის წევრთა უმრავლესობა პარალელურად აშშ-სთან ერთად NATO-ს წევრიცაა (ასევე ახლო ურთიერთობაა უშუალოდ ევროკავშირსა და NATO-ს შორისაც).
მიუხედავად მჭიდრო პარტნიორობისა და მოკავშირეობისა, აშშ-სა და ევროკავშირს შორის მრავალი სადავო საკითხიც არის, რაც ადასტურებს, რომ ევროკავშირი აშშ-ს კოლონიას არ წარმოადგენს. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე დაპირისპირება შეეხება თვითმფრინავების მწარმოებელ კომპანიებს „ბოინგსა“ (ამერიკული) და „ეარბასს“ (ევროპული) შორის მიმდინარე დავას. მხარეები ერთმანეთს მწვავედ აკრიტიკებდნენ, რომ „ბოინგი“ აშშ-სგან და „ეარბასი“ ევროკავშირისგან იმგვარ სუბსიდიებს იღებდნენ, რაც ჯანსაღ კონკურენციას ეწინააღმდეგება. აღსანიშნავია, რომ „ბოინგი“-„ეარბასის“ სუბსიდიების დავის ფარგლებში მხარეებმა ერთმანეთის რიგ პროდუქტებზე ტარიფებიც დაუწესეს. „ბოინგი“-„ეარბასის“ სავაჭრო დავაზე მოგვარების შესახებ შეთანხმებას ევროკავშირისა და აშშ-ის ლიდერებმა მხოლოდ 17 წლის შემდეგ, 2021 წელს მიაღწიეს, რის მიხედვითაც მხარეებმა 11.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის საქონელსა და მომსახურებაზე უნდა მოხსნან დაწესებული ტარიფები.
ასევე აღსანიშნავია აშშ-ევროკავშირის დაპირისპირება აშშ-ის მიერ ერაყში წარმოებულ ომთან დაკავშირებით. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნაწილმა, მათ შორის, ევროკავშირის ლიდერებმა - გერმანიამ და საფრანგეთმა, აშშ-ის მიერ ერაყში ომის დაწყებას მხარი არ დაუჭირეს (ევროკავშირის წევრებიდან ერაყის ომს მხარი დაუჭირეს მხოლოდ გაერთიანებულმა სამეფომ (2003 წელს ევროკავშირის წევრი) და პოლონეთმა, ხოლო შემდგომ ნიდერლანდებმა, დანიამ, იტალიამ და ესპანეთმა).
დაპირისპირების თემაა კიოტოს პროტოკოლიც, რომელიც გლობალურ დათბობასთან გამკლავებას ემსახურება, რადგან ევროკავშირი პროტოკოლის აქტიური ლობისტია, ხოლო აშშ პროტოკოლიდან გავიდა.
ასევე, აშშ-ის მოთხოვნის მიუხედავად ევროკავშირი, კერძოდ მისი წამყვანი სახელმწიფო - გერმანია, უარს აცხადებდნენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტის შეჩერებაზე, რომელსაც რუსეთიდან გერმანიაში ბუნებრივი აირი უკრაინის გვერდის ავლით უნდა მიეწოდებინა. აშშ პროექტს სანქციებითაც უპირისპირდებოდა, თუმცა ბოლოს 2021 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა და იმ დროს გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა შეთანხმებას მიაღწიეს და აშშ-ს პოზიციების დათმობა მოუწია. პროექტი საბოლოოდ მაინც შეჩერებულია, თუმცა ამის შესახებ გადაწყვეტილება გერმანიამ რუსეთის მიერ უკრაინაში არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრის გამო მიიღო.
აშშ-ევროკავშირის ურთიერთობები დაიძაბა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროსაც (მაგალითად, აშშ-ის ჯანმო-დან პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გასვლის გამო), რის გამოსწორებასაც ბაიდენი შეეცადა. თუმცა ბაიდენის პრეზიდენტობის დროსაც იყო მხარეებს შორის დაპირისპირების საკითხი, კერძოდ აშშ-ის მიერ ავღანეთიდან გასვლის ქაოსური პროცესი, სადაც ევროპა აშშ-ის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების გამო იყო უკმაყოფილო. ევროკავშირისთვის, განსაკუთრებით კი საფრანგეთისთვის, აშშ-სთან დავის საკითხი იყო აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ავსტრალიის მიერ უსაფრთხოების პაქტის - AUKUS-ის - შექმნა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ერთი მხრივ, აშშ-სა და ევროკავშირს შორის არსებული მჭიდრო მოკავშირეობა და პარტნიორული ურთიერთობები და მეორე მხრივ, მხარეებს შორის რიგი სადავო საკითხების არსებობა მიუთითებს, რომ აშშ-სა და ევროკავშირის ურთიერთობას არ აქვს მეტროპოლია-კოლონიის სახე, არამედ მათ შორის თანასწორუფლებიანი პარტნიორებისთვის დამახასიათებელი დინამიკაა. შესაბამისად, მაია ნიკოლეიშვილის მტკიცება, თითქოს ევროკავშირი აშშ-ის კოლონიაა ყალბი ამბავი და შეთქმულების თეორიაა, რომელსაც ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია.
----------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.