ბექა ლილუაშვილი: 2012 წლის შემდეგ, ყველაზე დიდი უარყოფითი მიგრაციული სალდო გასულ წელს იყო
ვერდიქტი: ვერდიქტის გარეშე
რეზიუმე: მიგრაცია ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა, ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის. ამ მხრივ გამონაკლისი იყო 2020 წელი, როდესაც დადებითი მიგრაციული სალდო (15,732) დაფიქსირდა. აღნიშნული პანდემიით და საზღვრების ჩაკეტვით იყო განპირობებული. 2021 წელს კი, როდესაც საზღვრები უცხოეთში კვლავ გაიხსნა, ლოგიკურად, ემიგრაცია მკვეთრად გაიზარდა, ხოლო იმიგრანტთა [ქვეყანაში შემოსულთა] რაოდენობა შემცირდა. 2021 წელს მიგრაციული სალდო (სხვაობა ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის) - 25 966 იყო.
2012-2021 წლების მონაცემებით, ტექნიკურად, უარყოფითი მიგრაციული სალდოს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2021 წელს დაფიქსირდა. 2021 წლის მიგრაციის მაჩვენებლები რეალურად მოსახლეობის იმ ნაწილსაც მოიცავს, ვინც პანდემიის პერიოდში დროებით დაბრუნდა ქვეყანაში და საზღვრების ჩაკეტვის გამო ვერ მოახერხა უკან დაბრუნება. ასევე იმათ, ვინც ემიგრაციაში წასვლას (სასწავლებლად, სამუშაოდ) ჯერ კიდევ 2020 წელს გეგმავდა და პანდემიისა და საზღვრების ჩაკეტვის გამო ვერ წავიდა.
ბექა ლილუაშვილი სწორად მიუთითებს მიგრაციის, განსაკუთრებით კი - შრომისუნარიანი მოსახლეობის მიგრაციის, მაღალ მაჩვენებელზე. თუმცა პანდემიური პერიოდის, ამ შემთხვევაში 2021 წლის მიგრაციული სალდოს, წინა წლებთან შედარება არამართებულია და ობიექტურ სურათს ვერ ასახავს. ამრიგად, „ფაქტ-მეტრი“ ბექა ლილუაშვილის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.
ანალიზი
პარტია „საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შრომისუნარიანი მოსახლეობის მიგრაციაზე ისაუბრა. მისი განცხადებით: „გასული წელს 99,974 ათასი ადამიანმა, მათ შორის - 85 ათასზე მეტი 15-დან 50 წლამდე ადამიანმა, დატოვა ქვეყანა... სპეკულაციის სივრცე, რომ არ დარჩეს, 2012 წლის შემდეგ ყველაზე დიდი უარყოფითი სალდო იყო გასულ წელს“.
„ფაქტ-მეტრმა“ ბექა ლილუაშვილის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
პირველ რიგში, როდესაც მიგრაციის მაჩვენებელზე ვსაუბრობთ, მართებულია, მიგრაციული სალდო განვიხილოთ, ანუ სხვაობა ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის [1]. საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს მიგრაციული სალდო უარყოფითი იყო, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქვეყნიდან 25 966 ადამიანით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა.
2021 წელს ემიგრაციაში 99,974 პირი წავიდა, მათგან 73,943 იყო 15-დან 50 წლამდე ასაკის. ამავე პერიოდში იმიგრანტთა, ანუ ქვეყანაში შემოსულთა/დაბრუნებულთა რაოდენობამ 74,008 შეადგინა, მათგან 15-დან 50 წლამდე ასაკის იყო 47,242 პირი. ზოგადად ემიგრაციაში უმეტეს წილად სწორედ შრომისუნარიანი და რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობა მიდის, რაც ბუნებრივი პროცესია. თუმცა განვითარებადი ქვეყნების შემთხვევაში ემიგრაცია დიდწილად სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით არის განპირობებული. ამასთან, მაღალი უარყოფითი მიგრაციული სალდო მთელი რიგი დემოგრაფიული გამოწვევების წინაშე აყენებს ქვეყანას, როგორიცაა - სამუშაო ძალის შემცირება, შობადობის შემცირება, მოსახლეობის შემცირება.
გრაფიკი 1: მიგრაციული სალდო, ათასი
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
მიგრაცია ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა. საქსტატის მონაცემებით, 1994 წლიდან გარე მიგრაციული სალდო უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის. ამ მხრივ გამონაკლისი იყო 2020 წელი, როდესაც დადებითი მიგრაციული სალდო დაფიქსირდა, ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის სხვაობამ 15,732 შეადგინა. აღნიშნული პანდემიით და საზღვრების ჩაკეტვით იყო განპირობებული. 2021 წელს, როდესაც საზღვრები უცხოეთში კვლავ გაიხსნა, ემიგრაცია მკვეთრად გაიზარდა, ხოლო იმიგრანტთა [ქვეყანაში შემოსულთა] რაოდენობა შემცირდა.
2012 წლამდე მიგრაციული ნაკადების ზუსტი აღრიცხვა ვერ ხდებოდა და მანამდე პერიოდის მაჩვენებლები ძირითადად შეფასებით მონაცემებს წარმოადგენს. 2012 წლიდან (ანუ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მიგრაციული ნაკადების ზუსტი აღრიცხვა დაიწყო) უარყოფითი მიგრაციული სალდოს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2021 წელს დაფიქსირდა. თუმცა პანდემიური პერიოდის - 2020 და 2021 წლების, მიგრაციული სალდოს მაჩვენებლების წინა წლებთან შედარება, ობიექტურ რეალობას არ ასახავს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2020 წელს დადებითი მიგრაციული სალდო პანდემიის პერიოდში ქვეყანაში ემიგრანტების დაბრუნებით და ქვეყანაში საზღვრების ჩაკეტვის შედეგი იყო. 2021 წელს კი საზღვრების გახსნას მიგრაციული ნაკადების მკვეთრი ზრდა ლოგიკურად მოჰყვა. 2021 წლის მონაცემები მოსახლეობის იმ ნაწილსაც მოიცავს, რომელიც საზღვრების ჩაკეტვის გამო 2020 წელს ემიგრაციაში ვერ წავიდა ან 2020 წელს ემიგრაციიდან დროებით დაბრუნდა ქვეყანაში და საზღვრების ჩაკეტვის გამო ვერ მოახერხა უკან დაბრუნება.
შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ ბექა ლილუაშვილის განცხადებას, რომ 2021 წელს უარყოფითი მიგრაციული სალდოს რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, უვერდიქტოდ ტოვებს. თუმცა იზიარებს დეპუტატის განცხადების კონტექსტს, რომ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის მიგრაცია ნამდვილად არის ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა.
[1] საქსტატის მეთოდოლოგიით, ემიგრანტად მიიჩნევა პირი, რომელმაც დატოვა საქართველო ბოლო 12 თვეში და სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა სხვა სახელმწიფოში, მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ქვეყნიდან გასვლამდე იყო საქართველო. იმიგრანტად მიიჩნევა პირი, რომელიც საზღვრის გადმოკვეთიდან სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა საქართველოში და საზღვრის კვეთამდე საქართველო არ იყო მისი მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა. ემიგრანტიც და იმიგრანტიც შეიძლება იყოს როგორც საქართველოს მოქალაქე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე.