ვახტანგ გომელაური: 2021 წლის „კანონისა და წესრიგის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მოხვდა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ვახტანგ გომელაურის განცხადება არის მანიპულირება.
რეზიუმე: ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის საქმიანობის შესაფასებლად „კანონისა და წესრიგის ინდექსის“ 2021 წლის რეიტინგს იყენებს. მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ გაჟღერებული მონაცემები ფაქტობრივად სწორია, დასახელებულ ანგარიშში საქართველოს შესახებ 2020 წლის მონაცემებია წარმოდგენილი და შესაბამისად, ეს ანგარიში 2021 წლის საქმიანობის შესაფასებლად ვერ გამოდგება.
ამასთან, საერთაშორისო ანგარიშებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის საქმიანობის შეფასებისთვის, 2021 წლის 5-6 ივლის განვითარებული მოვლენები და მათზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რეაგირების საკითხი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. 5 ივლისს ძალადობრივმა დაჯგუფებებმა, რომელსაც ორგანიზებას პრორუსული ორგანიზაცია „ალტ-ინფო“ უწევდა, 50-ზე მეტი მედიის წარმომადგენელს სცემეს და სამოქალაქო ორგანიზაციების ოფისები დაარბიეს. ამ მოვლენების ფონზე, სახელმწიფო ორგანოებმა მედიის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტების უფლებებისა და ფიზიკური უსაფრთხოების დაცვა, ასევე, შემდგომში ჩადენილი დანაშაულის დროული და ჯეროვანი გამოძიება, ვერ შეძლეს. აღსანიშნავია, რომ ვახტანგ გომელაური 5-6 ივლისის მოვლენებს ყურადღების მიღმა ტოვებს და აქცენტს იმ რეიტინგებზე აკეთებს, სადაც ზემოხსენებული მოვლენები ჯერ ასახული არ არის.
ანალიზი:
2022 წლის 17 მარტს პარლამენტმა „მინისტრის საათის“ ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმინა. სიტყვით გამოსვლისას ვახტანგ გომელაურმა 1 წლის განმავლობაში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა. მისი თქმით, „გასული წელი იყო როგორც გამოწვევების, ასევე დემოკრატიული განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი მიღწევების და დასახული ამოცანების შესრულების პერიოდი. რეფორმების ეფექტიანობის და პოლიციის სწორი მიმართულებით სვლის საუკეთესო შეფასებაა ობიექტური საერთაშორისო თუ ადგილობრივ დონეზე ჩატარებული კვლევის შედეგები, მათ შორის, ამერიკულმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, გლობალური გამოკითხვების ანალიტიკურმა ცენტრმა (GALLUP) 2021 წლის „კანონისა და წესრიგის ინდექსი“ გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, საქართველო გერმანიასთან, შვედეთთან და მალტასთან ერთად მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მოხვდა.
„ფაქტ-მეტრმა“ ვახტანგ გომელაურის განცხადება გადაამოწმა.
„კანონისა და წესრიგის ინდექსი“
კანონისა და წესრიგის ინდექსი საერთაშორისო ანალიტიკური ორგანიზაციის „GALLUP“ ყოველწლიურ რეიტინგს წარმოადგენს. ყოველი ქვეყნისთვის კანონისა და წესრიგის ინდექსი შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 15 წელს ზემოთ მოქალაქეების გამოკითხვის საფუძველზე გამოითვლება. გამოკითხვა სატელეფონო ფორმატით ტარდება და ცდომილება 1.1 %-დან 5.5 %-მდე მერყეობს. კანონისა და წესრიგის ინდექსის მიხედვით, ქვეყნები 100 ქულიანი სისტემით ფასდება, სადაც 100 ქულა საუკეთესო შეფასებაა.
მიუხედავად იმისა, რომ კანონისა და წესრიგის ინდექსის 2021 წლის ანგარიში უკვე გამოქვეყნებულია, მასში საქართველოს შესახებ მონაცემები არ არის. შესაბამისად, საქართველოსთვის ბოლო შეფასება 2020 წლის ინდექსშია ასახული. 2020 წლის კანონისა და წესრიგის ინდექსის მიხედვით, საქართველომ 88 ქულა მიიღო და 115 ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულს შორის, გერმანიასთან ერთად, მე-19 ადგილი დაიკავა.
გრაფიკი 1: „კანონისა და წესრიგის ინდექსის“ მიხედვით, საქართველოს შეფასება 2013-2020 წლებში
წყარო: GALLUP
როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2013-2020 წლებში საქართველოს შეფასებები მეტ-ნაკლებად უცვლელი დარჩა. საუკეთესო მაჩვენებელი საქართველოს 2020 წელს, ხოლო ყველაზე ცუდი მაჩვენებელი 2016 წელს ჰქონდა.
„კანონის უზენაესობის ინდექსი“
„კანონის და წესრიგის ინდექსის“ მსგავსად, მოქალაქეთა უსაფრთხოების და არაძალადობრივი გარემოს საკითხებს „კანონის უზენაესობის ინდექსიც“ იკვლევს, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციის, „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი“ (WJP) ყოველწლიურ რეიტინგს წარმოადგენს. რეიტინგში ქვეყნები 8 ძირითადი კრიტერიუმისა და 44 ქვეკრიტერიუმის მიხედვით ფასდება. ესენია: ხელისუფლების ძალაუფლების შეზღუდვა, კორუფციის არარსებობა, მთავრობის ღიაობა, ძირითადი უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება, რეგულაციების აღსრულება, სამოქალაქო სამართალი და სისხლის სამართალი. რეიტინგი ქვეყნებს სკალაზე 0-დან 1-მდე აფასებს, სადაც 1 საუკეთესო მაჩვენებელია. ინდექსის შესადგენად, WJP ადგილობრივი კომპანიის საშუალებით საზოგადოებრივი აზრის კვლევას ატარებს, რომელშიც ყოველი ქვეყნიდან 1000 რესპონდენტი მონაწილეობს. გამოკითხვისთვის, კითხვარს კონკრეტული ქვეყნის ადგილობრივი ექსპერტები და შესაბამის სფეროში მოღვაწე პირები ადგენენ.
წესრიგისა და უსაფრთხოების ინდიკატორი აფასებს, თუ საზოგადოება ადამიანებისა და მათი ქონების უსაფრთხოებას რამდენად უზრუნველყოფს. უსაფრთხოება ნებისმიერი კანონმორჩილი საზოგადოების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ასპექტია და სახელმწიფოს ფუნდამენტური ფუნქციაა. ის, ასევე, არის იმ უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის წინაპირობა, რომლის წინსვლასაც კანონის უზენაესობა ცდილობს.
2021 წლის შეფასებით, საქართველომ 0.79 ქულა მიიღო და რეიტინგში 43-ე ადგილი დაიკავა. საქართველოს შეფასება წინა წელთან შედარებით არ შეცვლილა, თუმცა რეიტინგში პოზიცია 8 საფეხურით გაუუარესდა. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის პოზიცია საქართველოსთვის ისტორიული მინიმუმია. რაც შეეხება ბოლო წლების შეფასებებს, როგორც ცხრილიდან ჩანს, საქართველოს საუკეთესო შეფასება 2015 წელს ჰქონდა.
ცხრილი 1: საქართველოს შეფასება „კანონის უზენაესობის ინდექსის“ წესრიგისა და უსაფრთხოების ინდიკატორის მიხედვით 2015-2021 წლებში
წყარო: მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი.
წესრიგისა და უსაფრთხოების ინდიკატორი 3 ქვეინდიკატორს მოიცავს. ესენია: კრიმინალის ეფექტური კონტროლი; სამოქალაქო დაპირისპირებების შეზღუდვა; ადამიანები პრობლემების მოსაგვარებლად ძალადობრივ გზებს არ ირჩევენ.
კრიმინალის ეფექტური კონტროლის ქვეინდიკატორი აფასებს ხშირად განმეორებადი დანაშაულების (მკვლელობა, გატაცება, ძარცვა და ქურდობა, შეიარაღებული ძარცვა და გამოძალვა) გავრცელებას საზოგადოებაში. ასევე, იგი იკვლევს ხალხის ზოგად აღქმას უსაფრთხოების შესახებ. რაც შეეხება სამოქალაქო დაპირისპირების შეზღუდვის ქვეინდიკატორს, იგი მოიცავს საზოგადოების ტერორიზმისა და შეიარაღებული კონფლიქტებისგან დაცვის საკითხებს. მესამე ქვეინდიკატორი ზომავს, მიმართავენ, თუ - არა ადამიანები დაშინებას ან ძალადობას ერთმანეთთან სამოქალაქო დავის გადასაჭრელად და თავისუფალია, თუ - არა ხალხი ბრბოს ძალადობისგან.
ცხრილი 2: საქართველოს შეფასება „კანონის უზენაესობის ინდექსის“ წესრიგისა და უსაფრთხოების ინდიკატორის ქვეინდიკატორიების მიხედვით 2015-2021 წლებში
წყარო: მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი.
როგორც ცხრილი 2-დან ჩანს, ბოლო წლებში კრიმინალის კონტროლისა და სამოქალაქო დაპირისპირების შეზღუდვის ქვეინდკატორების მიხედვით, საქართველო ძირითადად პოზიტიურ შეფასებას იღებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ 2015 წელთან შედარებით, კრიმინალის ეფექტური კონტროლის კუთხით, საქართველოს შეფასება 0.05 ქულით, ხოლო პოზიცია 8 საფეხურით გაუარესდა.
რაც შეეხება მე-3 ქვეინდიკატორს, ცხრილი 2-დანაც ჩანს, რომ საქართველოში ადამიანების მიერ პრობლემების ძალადობრივი გზით მოგვარების საკითხი, საქართველოსთვის ყველაზე პრობლემურია. 2021 წლის შეფასებით, საქართველომ 0.44 ქულა მიიღო და მსოფლიო რეიტინგში 75-ე ადგილი დაიკავა. საყურადღებოა, რომ ამ ქვეინდიკატორის შეფასებით, საქართველოს ქულა გლობალურ (0.49) და რეგიონულ (0.54) საშუალო ქულებზე ნაკლებია.
5-6 ივლისის მოვლენები
2021 წლის 5 ივლისს, „პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში, თბილისში „ღირსების მარში“ უნდა გამართულიყო. ჰომოფობიური, ულტრანაციონალისტური ჯგუფების მიერ დაანონსებული და ჩადენილი ძალადობრივი ქმედებებისა და ხელისუფლების პრაქტიკული უმოქმედობის გამო, ორგანიზატორებმა ღონისძიება ვეღარ ჩაატარეს.
ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს და სამოქალაქო აქტივისტებს (სცემეს 50-ზე მეტი ადამიანი), რამდენიმე მათგანს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა, დაარბიეს „თბილისი პრაიდისა“ და „სირცხვილიას“ ოფისები.
შსს-ს ინფორმაციით, 5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ 31 პირია დაკავებული. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მედიაში არსებობს ძალადობრივი მოწოდებებისა თუ ქმედებების ამსახველი ვიდეომასალა, ამ დრომდე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით, სისხლისსამართლებრივი დევნა არც ერთი პირის მიმართ არ დაწყებულა.
დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი ერთ-ერთი იყო, ვინც რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოძალადე ჯგუფებს, 5 ივლისს, ძალადობისკენ ღიად, მიკროფონში მოუწოდებდა. მიუხედავად ამისა, ფაქტთან დაკავშირებით დეკანოზი მხოლოდ გამოიკითხა.
აღსანიშნავია, რომ სპირიდონ ცქიფურიშვილის გარდა, ძალადობრივ აქციაზე სხვა სასულიერო პირებიც აქტიურობდნენ. 27 ივლისს გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფმა „აი, ფაქტმა“ გამოაქვეყნა კვლევა „მღვდლები ძალადობრივ აქციაზე”და იმ სასულიერო პირების სია, რომლებმაც 5 ივლისის მოვლენებს ხელი შეუწყვეს მრევლის წინასწარი მობილიზებით, ორგანიზატორების იდეოლოგიური მხარდაჭერით, თუ პირდაპირი გაგებით, მათ გვერდში დგომით.
ჯერ კიდევ 24 ივნისს „ალტ-ინფოს“ წარმომადგენელმა ზურა მახარაძემ რუსთაველის გამზირის „აღება“, გაკონტროლება და „ღირსების მარშის“ ჩაშლა დააანონსა. მახარაძე 5 ივლისსაც აკეთებდა ძალადობრივ მოწოდებებს და აორგანიზებდა ასეთივე მოვლენებს. მეტიც, მან და „ალტ-ინფოს“ სხვა წარმომადგენლებმა 5 ივლისის შემდეგაც განაგრძეს მოწოდებები ჟურნალისტთა მიმართ ძალადობისკენ რომ მომავალშიც მოხდებოდა მათზე ანგარიშსწორება. მიუხედავად ამისა, გამოძიება მხოლოდ გამოკითხვითა და მის სახლში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებით შემოიფარგლა. 16 ივლისს გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ „ალტ-ინფოს“ სხვა წარმომადგენლებიც და ძალადობრივი აქციის ლიდერები: რამაზ გაგნიძე, გურამ ფალავანდიშვილი და კონსტანტინე მორგოშია, თუმცა პოლიციამ ისინიც მალევე გაათავისუფლა.
აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველმა ზურა მახარაძისა და სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა. სახალხო დამცველმა შეისწავლა მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ვიდეომასალები და მიიჩნევს, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებები აღწევს დასაბუთებული ვარაუდის, ანუ ბრალის წარდგენის სტანდარტს, რათა 2 პირის მიმართ დაწყებულ იქნას სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ასევე, ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტებზე. გარდა ამისა, ომბუდსმენი თვლის, რომ ძალადობას ორზე მეტი ორგანიზატორი ჰყავდა, რაც თუნდაც ღია წყაროებში მისაწვდომი მასალებით ჩანს, მაგრამ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად გამოძიებას სხვა მტკიცებულებების მოპოვებაც სჭირდება.
5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით კოალიციამ „მედიის ადვოკატირებისთვის“ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღწერილია ძალადობრივი მოვლენები და შედეგები: ჟურნალისტებისა და ოპერატორების დაზიანების ფაქტები და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის შემთხვევები, სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობა და მიზანშეწონილობა. ასევე, განხილულია 5 – 6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დამნაშავე პირების გამოვლენის, დაკავებისა და სასამართლოებში საქმის წარმოების პრაქტიკა.
კოალიციის შეფასებით, სამოქალაქო სექტორის წინასწარი მოწოდებების მიუხედავად, სახელმწიფომ არ დაიცვა მოქალაქეთა უსაფრთხოება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი პირადი განცხადებით წაახალისა მოძალადე ჯგუფების აგრესია. დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელთა ნაწილის იდენტიფიცირება თავად ჟურნალისტებმა შეძლეს, ასევე, არსებობს ორგანიზატორთა ძალადობრივი მოწოდებებისა თუ ქმედებების ამსახველი ვიდეომასალა და მათ თავადაც არაერთხელ დაადასტურეს 5 და 6 ივლისის ძალადობრივ მოვლენებში მონაწილეობა, ამ დრომდე სამართალდამცავებს მასშტაბური ძალადობის ორგანიზებისათვის არავინ დაუკავებიათ.
დასკვნა
როგორც „კანონისა და წესრიგის ინდექსის“, ასევე „კანონის უზენაესობის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო მოქალაქეთა უსაფრთხოების და არაძალადობრივი გარემოს არსებობის კუთხით, ძირითადად მოწინავე პოზიციებს იკავებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ რიგ საკითხებში წინა წლებთან შედარებით როგორც შეფასების, ისე რეიტინგში პოზიციის გაუარესების ტენდენცია შეიმჩნევა. ამ მხრივ, ყველაზე საყურადღებო „კანონის უზენაესობის ინდექსის“ პრობლემების ძალადობით მოგვარებისგან თავის შეკავების ქვეინდიკატორია, რომლის მიხედვითაც 2021 წელს 2015 წელთან შედარებით შეფასება 0.06 ქულით, ხოლო პოზიცია 37 საფეხურით გაგვიუარესდა.
საერთაშორისო რეიტინგებთან ერთად, 2021 წლის საქართველოში უსაფრთხოების საკითხების შეფასებისას მნიშვნელოვანი ადგილი 2021 წლის 5-6 ივლის განვითარებულ მოვლენებსაც ეთმობა, რომლებიც ამ ეტაპზე არცერთ განხილულ ანგარიშში არ მოხვედრილა. 5 ივლისს ძალადობრივმა დაჯგუფებებმა, რომელსაც ორგანიზებას პრორუსული ორგანიზაცია „ალტ-ინფო“ უწევდა, 50 მეტი მედიის წარმომადგენელს სცემეს და სამოქალაქო ორგანიზაციების ოფისები დაარბიეს. ამ მოვლენების ფონზე, სახელმწიფო ორგანოებმა ვერ შეძლეს მედიის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტების უფლებებისა და ფიზიკური უსაფრთხოების დაცვა. ასევე, შემდგომში ჩადენილი დანაშაული დროული და ჯეროვანი გამოძიება.
ასევე, საყურადღებოა, რომ ვახტანგ გომელაურმა „კანონისა და წესრიგის ინდექსი“ წინა, 2021 წლის შეფასებისთვის მოიშველია, თუმცა როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ ხსენებულ ინდექსში საქართველოს ბოლო შეფასება 2020 წლისაა და მინისტრის არგუმენტად ეს ინდექსი არ გამოდგება. ამასთან, არცერთ ზემოხსენებულ ინდექსში 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენები ჯერჯერობით ასახული არ არის.
ზემოთქმულის შესაბამისად, ვახტანგ გომელაურის განცხადება არის მანიპულირება. „კანონისა და წესრიგის ინდექსთან“ დაკავშირებით მინისტრის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია ტექნიკურად ზუსტია, თუმცა ეს ინდექსი 2021 წელს არ ეხება და აქედან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის მუშაობის ეფექტურობის შესაფასებლად არ გამოდგება. ამასთან, მინისტრის 2021 წელის შეფასებისას 5 ივლის განვითარებულ მოვლენებს არ ახსენებს, რომელიც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არასათანადო რეაგირების მაგალითს წარმოადგენს.