13 აპრილს ირაკლი ჯანყარაშვილმა Facebook-ში გამოაქვეყნა პოსტი და სურათი, სადაც წერს, რომ „მარი ლე პენმა განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, საფრანგეთი ნატოდან გამოვა“. რეალურად, საფრანგეთის პრეზიდენტობის ულტრამემარჯვენე კანდიდატ ლე პენს აღნიშნული დაპირება არ გაუცია და ჯანყარაშვილის მტკიცება ყალბ ამბავს წარმოადგენს.
ლე პენმა NATO-ს შესახებ 13 აპრილს პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში საფრანგეთის მიერ NATO-ს სამხედრო სტრუქტურის - გაერთიანებული სარდლობის (NATO’s integrated military command), დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა.
აღსანიშნავია, რომ NATO-ს სამხედრო სტრუქტურა საფრანგეთმა 1966 წელს დატოვა, თუმცა ეს საფრანგეთის მიერ NATO-ს დატოვებას არ ნიშნავდა. არამედ საფრანგეთმა NATO-ში კვლავ აქტიური როლის შესრულება განაგრძო, მათ შორის - ფრანგმა პერსონალმა მუშაობა ბრიუსელში, NATO-ს პოლიტიკურ სტრუქტურებში მუშაობა გააგრძელა. საფრანგეთის შეიარაღებულმა ძალებმა ომის დროს NATO-ს მოკავშირეებთან თანამშრომლობის საიდუმლო ზომებიც შეიმუშავეს. ცივი ომის პერიოდში საფრანგეთის ძალები NATO-ს წვრთნებში მონაწილეობას ჩვეულებრივად იღებდნენ. ხოლო 1990-იან წლებში, როდესაც NATO-მ ბალკანეთში სამშვიდობო ოპერაციების განხორციელება დაიწყო, საფრანგეთის ძალები მასში აქტიურად მონაწილეობდნენ. მეტიც, საფრანგეთი NATO-ს სამხედრო კომიტეტში მონაწილეობა განაახლა, რადგან სამშვიდობო ოპერაციების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ერთ-ერთი მთავარი ორგანო სწორედ ეს იყო. 2009 წელს კი საფრანგეთი NATO-ს სამხედრო სტრუქტურაში სრულად დაბრუნდა.
მარი ლე პენის დაპირებაც სწორედ 1966 წლის გადაწყვეტილების გამეორებას წარმოადგენს, რადგან მას არ სურს ფრანგული დანაყოფები NATO-ს გაერთიანებული სარდლობის (integrated NATO command) ან მომავალში ევროპული სარდლობის ქვეშ განათავსოს (European command). თუმცა ეს NATO-ს დატოვებას არ ნიშნავს. მეტიც, ლე პენმა განაცხადა, რომ ის ერთგული დარჩება NATO-ს საკვანძო მე-5 მუხლის, რომელიც რომელიმე წევრზე თავდასხმის შემთხვევაში ურთიერთთავდაცვას გულისხმობს. ასევე, ლე პენმა NATO-ს კონტექსტში მის მიერ დაგეგმილი პოლიტიკის შესახებაც ისაუბრა. კერძოდ, მას სურს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის სამშვიდობო ხელშეკრულებით დასრულების შემდეგ NATO-რუსეთს შორის სტრატეგიული დაახლოების პოლიტიკა აწარმოოს.
აქედან გამომდინარე, ჯანყარაშვილის მტკიცება, თითქოს ლე პენმა განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, საფრანგეთი NATO-დან გამოვა - ყალბი ამბავია, რადგან ლე პენმა მხოლოდ NATO-ს სამხედრო სტრუქტურის დატოვების გეგმის შესახებ განაცხადა. ეს კი საფრანგეთმა 1966 წელს უკვე გააკეთა და ეს NATO-დან გამოსვლას არ გულისხმობს, არამედ ლე პენის მიხედვით, მისი გეგმა ფრანგული დანაყოფების NATO-ს სარდლობიდან გაყვანას და მხოლოდ ფრანგული სარდლობის ქვეშ დატოვებას ნიშნავს. მეტიც, გაპრეზიდენტების შემთხვევაში ლე პენი აცხადებს, რომ NATO-ს მე-5 მუხლის ერთგული დარჩება და ასევე რუსეთ-უკრაინის ომის სამშვიდობო ხელშეკრულებით დასრულების შემდეგ NATO-რუსეთის სტრატეგიული დაახლოების პოლიტიკის წარმოება სურს.
-----------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.