მიხეილ სააკაშვილი: 194 მლნ-ით გაიზარდა ხელფასები ბიუროკრატიის - მერების, საკრებულოს თავმჯდომარეების და ა.შ.
ვერდიქტი: მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
რეზიუმე: 2021 წელს შრომის ანაზღაურებისთვის 1,640,876,100 ლარი იყო გათვალისწინებული. მიმდინარე წელს შრომის ანაზღაურების მუხლი (1,834,414,000 ლარი) მართლაც 194 მლნ ლარით არის გაზრდილი, საიდანაც, როგორც აღვნიშნეთ 117 მლნ ლარი საჯარო მოხელეთა საბაზო ხელფასის 10%-იან ზრდას მოხმარდება. საჯარო მოხელეთა ხელფასების ზრდაში მხოლოდ ბიუროკრატიის ხელფასების ზრდა არ იგულისხმება, ხელფასები ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მასწავლებლებსაც და ა.შ. ეზრდებათ. შესაბამისად, ხაზგასმა, რომ ხელფასები მხოლოდ ბიუროკრატიას ეზრდება, არასწორია.
ამავდროულად, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებსა და მოადგილეებს, აპარატის თანამშრომლებს ხელფასები გაეზარდათ, შესაბამისად, ბიუროკრატიული ხარჯების ზრდაზე მითითება მართებულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
ანალიზი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას ხელფასების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა: „194 მლნ-ით გაიზარდა ხელფასები ბიუროკრატიის - მერების, საკრებულოს თავმჯდომარეების და ა.შ.“.
2022 წლის პირველი იანვრიდან, მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს თანამდებობრივი სარგო 10%-ით გაეზარდათ, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 117 მლნ ლარი დაიხარჯება. ხელფასების მატება ყველა მიმართულებით დასაქმებულ მოხელეებს შეეხებათ, მათ შორის - ჯარს, პოლიციას, სკოლებს და ა.შ.
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტით ყოველწლიურად განისაზღვრება საბაზო თანამდებობრივი სარგო, რომლის, ამავე კანონით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე გამრავლებით, კონკრეტული თანამდებობის/ პოზიციის თანამდებობრივი სარგო მიიღება. აღსანიშნავია, რომ საბაზო თანამდებობრივი სარგო 2017 წელს 1000 ლარის ოდენობით განისაზღვრა და მას შემდეგ არ შეცვლილა. 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მესამე წარდგენის მიხედვით, საჯარო მოხელეთა საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება და 1000 ლარის ნაცვლად 1 100 ლარის ოდენობით განისაზღვრება.
2022 წლის საქართველოს ბიუჯეტის პროექტის პირველი წარდგენის მიხედვით, შრომის ანაზღაურებისთვის 1,653,356,800 ლარი იყო გათვალისწინებული, მომუშავეთა რიცხოვნობა კი 112,712 ადამიანს შეადგენდა. ბიუჯეტის პროექტის მესამე წარდგენისას შრომის ანაზღაურებისთვის უკვე 1,834,414,000 ლარი იყო გათვალისწინებული, რაც ზემოთ დასახელებული ცვლილებით არის განპირობებული, თუმცა საყურადღებოა ის ფაქტი, რომ დასაქმებულთა რაოდენობა ახალ ვარიანტში უკვე 40-ით არის გაზრდილი და 112,752 ადამიანს შეადგენს.
2021 წელს შრომის ანაზღაურებისთვის 1,640,876,100 ლარი იყო გათვალისწინებული. მიმდინარე წელს შრომის ანაზღაურების მუხლი (1,834,414,000 ლარი) მართლაც 194 მლნ ლარით არის გაზრდილი, საიდანაც, როგორც აღვნიშნეთ117 მლნ ლარი საჯარო მოხელეთა საბაზო ხელფასის 10%-იან ზრდას მოხმარდება. საჯარო მოხელეთა ხელფასების ზრდაში მხოლოდ ბიუროკრატიის ხელფასების ზრდა არ იგულისხმება, ხელფასები ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მასწავლებლებსაც და ა.შ. ეზრდებათ. შესაბამისად, ხაზგასმა, რომ ხელფასები მხოლოდ ბიუროკრატიას ეზრდება, არასწორია.
რაც შეეხება მერების და საკრებულოს თავმჯდომარეების ხელფასების ზრდას, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის დეკემბერში დააანონსა, რომ საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების ზრდა 2022 წლის ტენდენცია იქნებოდა.
მიმდინარე წლის 1 იანვრიდან მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებსა და მოადგილეებს, აპარატის თანამშრომლებს ხელასები გაეზარდათ. ხელფასების ზრდა შუახევის, ხელვაჩაურის, გორის, თელავის, სიღნაღის, გურჯაანის, ზუგდიდის, რუსთავის და ა.შ. მუნიციპალიტეტებში განხორციელდა.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დროთა განმავლობაში, ინფლაციის შედეგად, ფულის მსყიდველუნარიანობა მცირდება და მოცემულ ეტაპზე ერთი ლარით უფრო ნაკლები საქონლისა და მომსახურების შეძენაა შესაძლებელი, ვიდრე ადრე. შემოსავალი/ხელფასი და მსგავსი სიდიდეები ორ ჯგუფად იყოფა - ნომინალურად და რეალურად. ნომინალური ხელფასი არის ფულში გამოხატული, რეალურ ხელფასში კი ინფლაციის გავლენა უკვე ასახულია და კონკრეტული დროისთვის მის მსყიდველუნარიანობას ასახავს.
2021 წლის წლიური ინფლაცია 13.9%-ია. აქედან გამომდინარე, 2021 წლის დასაწყისთან შედარებითაც კი, 2022 წელს უკვე გაზრდილი 1100-ლარიანი ნომინალური ხელფასი, რეალურად 965.8 ლარი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2021 წლის დასაწყისში, საჯარო მოხელე 1000 ლარით რეალურად უფრო მეტ პროდუქტს შეიძენდა, ვიდრე 2022 წელს 1100 ლარით იქნება შესაძლებელი.
აქედან გამომდინარე, 2022 წელს საჯარო სექტორში ხელფასების 10%-იანი ზრდა ნომინალში კი გაზრდის ხელფასს და 1000 ლარის ნაცვლად საბაზო ხელფასი 1100 ლარი გახდება, მაგრამ წლიური ინფლაციის გათვალისწინებით, რეალური ხელფასი 3.5%-ით შემცირდება, უფრო მარტივად, 2022 წელს საჯარო მოხელის გაზრდილ საბაზო ხელფასს, 2021 წელთან შედარებით, 3.5%-ით ნაკლები მსყიდველუნარიანობა ექნება.
შეჯამების სახით, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მიმდინარე წლის სახელფასო ფონდი, წინა წელთან შედარებით, მართლაც 194 მლნ ლარით არის გაზრდილი, რაც მეტწილად საჯარო მოხელეთა საბაზო ხელფასის 10%-იანი ზრდით არის განპირობებული. თუმცა აღნიშნულ ზრდაში მხოლოდ ბიუროკრატიის ხელფასების ზრდა არ იგულისხმება, ხელფასების ზრდა ყველა მიმართულებით დასაქმებულ საჯარო მოხელეებს ეხებათ.
თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტებში მერების, საკრებულოს თავმჯდომარეების, მოადგილეებისა და აპარატის თანამშრომლების ხელფასების ზრდა განხორციელდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.