13 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე პროცესი გაიმართა. პროცესს საქართველოს მესამე პრეზიდენტიც ესწრებოდა. მან სასამართლოს სიტყვით მიმართა და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, სწორედ ეს ვითარება გახდა მისი სამშობლოში დაბრუნების მიზეზი. „ფაქტ-მეტრმა“ გამოსვლიდან ძირითადი განცხადებები გადაამოწმა. ქვემოთ სამი სხვადასხვა მტკიცების ანალიზს გთავაზობთ. ამასთან, მიხეილ სააკაშვილის სიტყვაში გაჟღერებული სხვა ფაქტების შესახებ სტატიებს მომავალშიც შემოგთავაზებთ.
მტკიცება N1: მიხეილ სააკაშვილი: ჩემს დროს უფრო მეტი ადამიანი შემოდიოდა ქვეყანაში, ვიდრე მიდიოდა, ბოლო 10 წელიწადში 800 ათასი ადამიანი წავიდა (43:00 წთ)
ვერდიქტი: მანიპულირება
საქსტატმა მიგრაციის მაჩვენებლები [1] მოსახლეობის რაოდენობისა და ემიგრაციის შესახებ 2014 წლის აღწერიდან მიღებული მონაცემების მიხედვით გადაიანგარიშა. საქსტატის მონაცემებით, 1994 წლიდან 2020 წლამდე [2], გარე მიგრაციული სალდო (სხვაობა ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის) უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის. ძველი მონაცემებით, აღწერათაშორის პერიოდში მიგრაციული სალდო ჯამში დადებითი იყო. თუმცა ის რეალურ სურათს არ ასახავდა, რადგან 2012 წლამდე პერიოდში, შესაბამისი სისტემის არ არსებობის გამო, იმიგრანტების და ემიგრანტების იდენტიფიცირება ვერ ხერხდებოდა და ამ მონაცემებში რეალურად ყველა ის პირი ხვდებოდა, ვინც ქვეყნის ტერიტორიაზე შემოვიდა ან გავიდა. 2012 წლიდან უკვე ახალი მეთოდოლოგია დაინერგა და იმიგრანტებისა და ემიგრანტების იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელი. მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ მისი მმართველობის პერიოდში უფრო მეტი ადამიანი შემოდიოდა, ვიდრე გადიოდა, ძველ სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობა და მანიპულაციურია.
„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, 2013-2020 წლებში (2021 წლის მონაცემები ჯერჯერობით არ არის ცნობილი), 741,778 ადამიანმა დატოვა ქვეყანა. თუმცა ამავე პერიოდში 731,787 ათასი ადამიანი შემოვიდა ქვეყანაში. როდესაც მიგრაციის მაჩვენებელზე ვსაუბრობთ, ემიგრანტების ყოველწლიური მონაცემების დაჯამება არამართებულია, რადგან, შესაძლოა ემიგრანტების რიცხვში ჩაითვალოს პირი, რომელიც აღარ იმყოფება ემიგრაციაში. მეორე მხრივ, შესაძლოა მონაცემების დუბლირება მოხდეს, მაგალითად, უკანასკნელი წლების განმავლობაში ერთი და იგივე პირი შეიძლება ორჯერ ან მეტჯერ წავიდა ემიგრაციაში. 2013-2020 წლებში გარე მიგრაციული სალდოს (სხვაობა ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის) ჯამური მაჩვენებელი -26,200-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში 26,200 ათასი ადამიანით მეტი გავიდა ქვეყნიდან, ვიდრე შემოვიდა. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ 800 ათასი ადამიანი წავიდა ქვეყნიდან, სიმართლეს არ შეესაბამება (იხილეთ ამ თემაზე „ფაქტ-მეტრის“ სტატია).
მტკიცება N2: მე დავტოვე პენსია, რომელიც იყო თითქმის 90 დოლარი, 10 წლის თავზე, გაზრდის პირობებში, საქართველოში პენსია არის 77 დოლარი. იმ პირობებში, როდესაც ბოლო 10 წელიწადში დოლარში ფასები 2-ჯერ გაიზარდა. ანუ რეალურად პენსია 10 წლის განმავლობაში შემცირდა 2-ჯერ და მეტჯერ, თუ გავითვალისწინებთ ფასების ზრდას (35:00 წთ)
ვერდიქტი: ტყუილი
2012 წლიდან 2021 წლის დეკემბრამდე, ინფლაციის დონემ დაახლოებით 50.8% შეადგინა, ანუ ფასები დაახლოებით 1.5-ჯერ გაიზარდა. ბუნდოვანია, რას გულისხმობს მიხეილ სააკაშვილი, როდესაც აცხადებს, რომ ბოლო 10 წელიწადში, დოლარში ფასები 2-ჯერ გაიზარდა. სავარაუდოდ, ის გულისხმობს რომ ლარის დოლართან დაახლოებით ორჯერ გაუფასურების გამო, დოლარში გამოსახული საქონლის (მაგ: იმპორტული) ფასები ორჯერ გაიზარდა და შესაბამისად, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა ორჯერ შემცირდა. თუმცა, აღნიშნული მტკიცება აბსურდულია, რადგან საქართველოში, საქონლისა და მომსახურების ფასები ძირითადად ლარშია გამოსახული და მოქალაქის სამომხმარებლო კალათა, ბუნებრივია, მხოლოდ დოლარში გამოსახული/იმპორტირებული საქონლისგან არ შედგება. 2012-2022 წლებში, ლარი დოლართან მიმართებით დაახლოებით 85%-ით გაუფასურდა. შესაბამისად, ქართული პროდუქციის ფასებიც, რომელიც ლარში არის გამოსახული, ინფლაციის გათვალისწინებით, დოლარში დაახლოებით 19%-ით არის შემცირებული.
2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, სახელმწიფო პენსია 110-125 ლარი (67 წლამდე პენსიონერებისთვის 110 ლარი, 67 წლის და უფროსი ასაკის პენსიონერებისთვის - 125 ლარი) იყო. 2022 წლის 1 იანვრიდან ასაკობრივი პენსია 260 ლარია (70 წლამდე პენსიონერებისთვის 260 ლარი, ხოლო 70 წელზე უფროსი პენსიონერებისთვის - 300 ლარი). შესაბამისად, პენსიის ზრდა ნომინალურ მაჩვენებელში დაახლოებით 136-40%-ს შეადგენს. გარკვეული კატეგორიის პენსიონერებისთვის პენსია უფრო მეტად არის გაზრდილი.
პოლიტიკოსებს ხშირად სხვადასხვა ეკონომიკური მაჩვენებლები დოლარში გადაჰყავთ, რაც არასწორი მიდგომაა. პენსიონერების შემოსავლებიც და ხარჯებიც გამოსახულია ლარში და ვალუტის გაუფასურების თანამდევი ეფექტებიც ეროვნულ ვალუტაში გამოსახულ ფასებში,ანუ ინფლაციაში, აისახება. დროთა განმავლობაში, ინფლაციის გამო, ვალუტის მსყიდველუნარიანობა მცირდება. პირობითად, 1 ლარით ნაკლები საქონლისა და მომსახურების შეძენაა შესაძლებელი. შესაბამისად, რეალური პენსიის დინამიკა ინფლაციის მიხედვით უნდა განვიხილოთ.
იმის მიუხედავად რომ 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, მაღალი ინფლაციის გამო რეალური პენსია მცირდება (აღნიშნულ თემაზე იხ: „ფაქტ-მეტრის“ სტატია), 2012 წელთან შედარებით, რეალური პენსიის კლება არ ფიქსირდება. უშუალოდ 2021 წლისთვის, წლიური ინფლაციით კალკულაციის შემთხვევაში, 2012 წელთან შედარებით, რეალური პენსია დაახლოებით 44.7%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო წლიური [3] ინფლაციის შემთხვევაში, 52.3%-ით.
გარდა იმისა რომ მიხეილ სააკაშვილი პენსიას დოლარში თვლის, რაც მანიპულაციურია და სხვადასხვა წლების მონაცემებს დოლარში ადარებს, მისი მტკიცების მიხედვით, გამოდის რომ ლარის დოლართან გაუფასურების შედეგად, პენსიონერების ხარჯები იმავე მასშტაბით იზრდება, რაც აბსურდული მტკიცებაა. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის ტყუილი.
ცხრილი1: რეალური პენსიის დინამიკა 2012-2021 წლებში
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
მტკიცება N3: ჩემს დროს საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 4-ჯერ, ამათ დროს ვალი გაიზარდა 4-ჯერ და ეკონომიკა 0%-ით დოლარებში (36:10 წთ)
ვერდიქტი: მანიპულირება
ცალკეული ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტენდენციის შეფასების ფართოდ მიღებული ობიექტური საზომი ეროვნულ ვალუტაში დათვლილი რეალური მთლიანი შიდა პროდუქტია, რომელიც ფასების ზრდის გავლენას ითვალისწინებს და ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე ობიექტურ წარმოდგენას ქმნის. ბუნებრივია, ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაცია, მშპ-ს დინამიკას სწორედ აღნიშნული მაჩვენებლით აფასებს. მიხეილ სააკაშვილი, ნომინალურ, დოლარში გადაყვანილ მონაცემებს ასახელებს, რაც ორმაგ მანიპულირებას წარმოადგენს. რეალური მშპ 2012-2020 წლებში დაახლოებით 23.4%-ით არის გაზრდილი (პანდემიური წლის ეკონომიკური ვარდნის ჩათვლით). 2021 წელს, 10%-იანი ეკონომიკური ზრდის დაფიქსირების შემთხვევაში, ეკონომიკური ზრდა 2012 წელთან შედარებით, დაახლოებით 36%-ს შეადგენს. მიხეილ სააკაშვილს, მთლიანი შიდა პროდუქტი დოლარში გადაჰყავს, თუმცა, აღნიშნული მიდგომის გამოყენება მშპ-ს დინამიკის შესაფასებლად მანიპულაციურია და ეკონომიკური ზრდის დინამიკის რეალურ სურათს არ ასახავს. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, უფრო ვრცლად, იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.
სახელმწიფო ვალის ნომინალური მაჩვენებელი 2021 წლის ნოემბრის მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით, 3.5-ჯერ არის გაზრდილი. თუმცა, ვინაიდან კონკრეტული აბსოლუტური სიდიდე შესაძლებელია, იყოს ძალიან დიდი, როდესაც საქმე გვაქვს მცირე ეკონომიკასთან და იყოს ძალიან მცირე, შედარებით დიდი ეკონომიკის პირობებში, ვალის ტვირთის სრულფასოვნად შესაფასებლად მიღებულია მისი მთლიანი მოცულობის, მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის მაჩვენებლის განხილვა, რაც ხშირად პოლიტიკოსებს სათვალავს მიღმა რჩებათ. 2012 წელთან შედარებით, სახელმწიფო ვალის მშპ-თან ფარდობის მაჩვენებელი დაახლოებით 64%-ით, ანუ 1.6-ჯერ გაიზარდა და არა ოთხჯერ. ვალის მკვეთრი ზრდა, პანდემიასთან არის დაკავშირებული, პრეპანდემიურ პერიოდში, სახელმწიფო ვალი მშპ-ს 42%-ს შეადგენდა, რაც 2012 წლის ფარდობით მაჩვენებელთან შედარებით 35% ზრდას წარმოადგენდა.
გრაფიკი 1: სახელმწიფო ვალის სტატისტიკა 2012-2021 წლებში
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
[1]პირველ რიგში უნდა განიმარტოს, რომ ემიგრანტიც და იმიგრანტიც შეიძლება იყოს როგორც საქართველოს მოქალაქე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე. საქსტატის მეთოდოლოგიით, ემიგრანტად მიიჩნევა პირი, რომელმაც დატოვა საქართველო ბოლო 12 თვეში და სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა სხვა სახელმწიფოში. მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ქვეყნიდან გასვლამდე იყო საქართველო, ანუ წინა 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა საქართველოში. იმიგრანტად მიიჩნევა პირი, რომელიც საზღვრის გადმოკვეთიდან სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა საქართველოში და საზღვრის კვეთამდე საქართველო არ იყო მისი მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა.
[2] 2020 წელს საქართველოში პირველად დადებითი მიგრაციული სალდო დაფიქსირდა, რაც თავის მხრივ COVID-19-ის პანდემიას და საზღვრების ჩაკეტვას უკავშირდება.
[3] საშუალო წლიური ინფლაცია, წარმოადგენს 12 თვის გასაშუალოებულ ინფლაციას, რაც ასახავს საშუალო ფასებს წლის განმავლობაში, ხოლო წლიური ინფლაცია ასახავს კონკრეტული წლის დეკემბრის ინფლაციას წინა წლის დეკემბერთან შედარებით