ირაკლი ქადაგიშვილი:ამ მიმართულებით [მოსამართლეთა არჩევა]კანონმდებლობაში გვაქვს სრული წესრიგი, ვენეციის კომისიას, ანუ მთავარ შემფასებელს არ აქვს შენიშვნა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადება არის ტყუილი.
რეზიუმე: 2021 წლის 5 აპრილს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ დასკვნა 28 აპრილ გამოაქვეყნა. ვენეციის კომისია კანონში შეტანილ ცვლილებებს მიესალმა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ პროცესის შემდგომ გაგრძელებამდე, საჭიროა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ცვლილება და მოსამართლეობის კანდიდატებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფის მიზნით, კონკურსის ხელახლა ჩატარება. აღსანიშნავია, რომ დასახელებული რეკომენდაციები მმართველ გუნდს არ შეუსრულებია. ასევე, რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე და მოსამართლეთა დანიშვნების მაღალი სტანდარტის არარსებობაზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო მდივნის, საქართველოში აშშ-ის საელჩოს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) და ევროკომისიის პრეს-სპიკერის განცხადებები პირდაპირი მიუთითებს.
ანალიზი:
2021 წლის 24 ნოემბერს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სასამართლოსთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას გათვალისწინებული აქვს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია. მისი თქმით, „სასამართლო სისტემაში საგნობრივად ვერავინ ვერ ამბობს, რა კანონი გვაქვს მისაღები ისეთი, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტით საქართველომ ვალდებულება აიღო ან რეკომენდაცია ჰქონდა, ან ვენეციის კომისიას რაიმე შენიშვნა ჰქონდა და ჩვენ არ გავითვალისწინეთ. ყველაფერი გათვალისწინებულია და სასამართლოს რეფორმა მივა ბოლომდე. ამ მიმართულებით კანონმდებლობაში გვაქვს სრული წესრიგი, ვენეციის კომისიას, ანუ მთავარ შემფასებელს არ აქვს შენიშვნა“.
2021 წლის 19 აპრილს ხელისუფლებასა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებები დასრულდა. პარტიებმა ხელი მოაწერეს შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ 5-პუნქტიან გეგმას, რომლის მიზანიც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზის დასრულება და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაა. შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი თავი კანონის უზენაესობასა და სასამართლო რეფორმას ეთმობა. მასში აღნიშნულია, რომ „ამ საპარლამენტო ვადაში, ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმების გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგმის ნიშნად, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ამბიციური სასამართლო რეფორმა...“ და ჩამოთვლის სხვადასხვა პუნქტს, რომელთა შორის შემდეგი პუნქტებიცაა: „ბ) პარლამენტს უნდა წარედგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას; გ) უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს“.
„ბ“ პუნქტის შინაარსთან მიმართებით, კერძოდ, ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით მისაღები კანონპროექტის შესახებ, ხელისუფლების წარმომადგენლები მიუთითებენ, რომ ის ჯერ კიდევ „შარლ მიშელის დოკუმენტის“ ხელმოწერამდე შესრულდა და ხელისუფლებამ ახალი კანონი მიიღო.
კანონპროექტი („საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე), რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურას ეხება და რომელზეც მმართველი გუნდის წარმომადგენლები მიუთითებენ, პარლამენტმა მიმდინარე წლის 1 აპრილს, დაჩქარებული წესით და ერთხმად (86 ხმით) მიიღო. ხაზგასასმელია, რომ პარლამენტმა კანონპროექტი „შარლ მიშელის დოკუმენტზე“ ხელმოწერამდე და პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციის გარეშე მიიღო.
კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით ადგილობრივმა ორგანიზაციებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა კრიტიკული პოზიციები დააფიქსირეს. გამოთქმული კრიტიკა, ძირითადად, ცვლილებების მიღების დაჩქარებულ პროცესს, ამ პროცესის ღიაობისა და გამჭვირვალობის საკითხებს და თავად, ცვლილებების ფრაგმენტულობას ეხებოდა. „კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ კანონპროექტი შეაფასა, როგორც ფრაგმენტული და ქვეყანაში შექმნილ რეალობას სრულად მოწყვეტილი. მათი თქმით, ახალი ცვლილებები პროცესის გაჯანსაღებასა და საზოგადოებაში ნდობის ამაღლებას ვერ უზრუნველყოფს. 7 აპრილს ევროკავშირი საქართველოს პარლამენტის მიერ 1 აპრილს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს გამოეხმაურა. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროპის კავშირის პრესსპიკერის განცხადებით, ევროკავშირი მიესალმება შერჩევის პროცესის საკანონმდებლო ჩარჩოს ცვლილებებისკენ მიმართულ ინიციატივას, თუმცა კონსულტაციების ფართო პროცესის გარეშე, კანონმდებლობის ნაჩქარევად შეცვლის გამო, იმედგაცრუებულია. ევროპის კავშირი დაბეჯითებით ურჩევს საქართველოს, რაც შეიძლება სწრაფად მოსთხოვოს ვენეციის კომისიას იმის შეფასება, შეესაბამება, თუ - არა მიღებული შესწორებები, მის წინა რეკომენდაციებს. ახალი წესები, მას შემდეგ, რაც მათ ვენეციის კომისია დაამტკიცებს, ერთნაირად უნდა გამოიყენებოდეს ყველა კანდიდატის მიმართ. საყურადღებოა, რომ სწორედ ზემოხსენებული კრიტიკის შემდეგ, 8 აპრილს პარლამენტმა უკვე მიღებული ცვლილებები ვენეციის კომისიას საბოლოო რევიზიისთვის გადაუგზავნა.
28 აპრილს ვენეციის კომისიის დასკვნა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, კომისია მიესალმება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებს, რადგან ამ ცვლილებებში ვენეციის კომისიის რამდენიმე რეკომენდაციაა ასახული. ამის მიუხედავად, კომისიას მიაჩნია, რომ ჯერ კიდევ, არსებობს მრავალი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის მიღებაზეც საქართველომ დამატებით უნდა იმსჯელოს. ამის გათვალისწინებით, ვენეციის კომისიამ 3 საკვანძო რეკომენდაცია გასცა. მათი შეფასებით, შემდეგი გადაწყვეტილებების მიღებამდე, საჭიროა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ცვლილება. ამასთან, მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურა უნდა შეჩერდეს იმ დრომდე, სანამ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა არ მიიღებს გადაწყვეტილებას გასაჩივრებულ შემთხვევებზე. ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ 1 აპრილს მიღებულმა კანონპროექტმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის ძველი კანონმდებლობის პირობებში დაწყებულ კონკურსში, ახალი კონკურსანტების მხრიდან დამატებით განცხადებების მიღების შესაძლებლობა გააჩინა, ვენეციის კომისიამ კანდიდატების მიმართ არათანაბარი მოპყრობის თავიდან ასარიდებლად, პროცედურის ჩატარების თავიდან დაწყებაზე მიუთითა.
5 აპრილს, მიღებული ცვლილებების ვენეციის კომისიისთვის გადაგზავნამდე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად - პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით, დამატებითი განცხადებების მიღება გამოაცხადა. დამატებით ვადაში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველმა, მხოლოდ სამმა კანდიდატმა მიმართა. საყურადღებოა, რომ ვენეციის კომისიის ზემოხსენებული რეკომენდაციების მიუხედავად, მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესი თავიდან არ დაწყებულა.
21 მაისს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართეს, სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე შეეჩერებინათ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევა და იუსტიციის საბჭოს წევრების დანიშვნა. მათ, ასევე, ხაზი გაუსვეს შარლ მიშელის დოკუმენტით აღებულ ვალდებულებებს და აღნიშნეს, რომ საქართველოს ფინანსური დახმარება, მათ შესრულებაზე იქნება დამოკიდებული. 24 მაისს აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა, განაცხადა, რომ მოსამართლეთა მიმდინარე დანიშვნები 19 აპრილს პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებას არ შეესაბამება.
მიუხედავად მოწოდებებისა, 26 მაისს მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 4 მოსამართლე წევრი აირჩია. 17 ივნისს კი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა და მოსამართლეთა სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა.
9 ივლისს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მესამე შუალედური ანგარიში გამოქვეყნდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების საკითხებში გარკვეული გაუმჯობესებისა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესში არსებულმა ნაკლოვანებებმა რისკის ქვეშ დააყენა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა. მათი შეფასებით, „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატების აპლიკაციების, გამოცდილების შემოწმებისა და ინტერვიუს პროცედურები არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს“. ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ პარლამენტის მიერ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი მოსამართლეობის 9 კანდიდატის განხილვისა და დანიშვნის პროცესი, 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება.
საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მწვავე კრიტიკისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულებისკენ პირდაპირი მოწოდებების მიუხედავად, 12 ივლისს პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში 6 მოსამართლე უვადოდ დანიშნა.
პარლამენტის გადაწყვეტილებას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, კიდევ უფრო მწვავე კრიტიკა მოჰყვა. 14 ივლისს ევროკომისიის პრეს-სპიკერმა უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ მოსამართლეთა დანიშვნა 19 აპრილის შეთანხმების საკვანძო დებულებებს ეწინააღმდეგება. პრეს-სპიკერმა მმართველ გუნდს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციის შესრულებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ამ ვალდებულებების შესრულება საქართველოსთვის ევროკავშირის მოქმედი პროგრამით გათვალისწინებული მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის შეთანხმებული წინაპირობაა, რომელზეც ამ ნაბიჯმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს.
ზემოხსენებულის მსგავსად, საქართველოს სასამართლო სისტემამ დასავლელი პარტნიორების კრიტიკა 2021 წლის 31 ოქტომბერსაც დაიმსახურა. 31 ოქტომბერს მოსამართლეთა 30-ე კონფერენცია გაიმართა, სადაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი აირჩიეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წარმომადგენლობები საქართველოში კრიტიკული განცხადებები გაავრცელეს. მათი შეფასებით, სასამართლო სისტემამ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა წარმოეჩინა გამჭვირვალობა და კვლავ ვერ შეძლო თავისი წევრების არჩევა კონკურენტული და დემოკრატიული საარჩევნო პროცესის მეშვეობით. ასევე, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში აღნიშნა, რომ დანიშვნები იყო ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული. შესაბამისად, ისინი ეწინააღმდეგება საქართველოს ვალდებულებებს, რომლებიც მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების, ხარისხისა და ამ სისტემისადმი ნდობის გაზრდას, ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად. საქართველოში სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის სფეროში ეს რიგით მეხუთე უკან გადადგმული ნაბიჯია ბოლო ოთხი თვის განმავლობაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია შეასრულა და მას სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით შენიშვნები არ აქვს, არის ტყუილი.
28 აპრილს ვენეციის კომისია კანონში შეტანილ ცვლილებებს მიესალმა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ პროცესის შემდგომ გაგრძელებამდე, საჭიროა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ცვლილება და მოსამართლეობის კანდიდატებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფის მიზნით, კონკურსის ხელახლა ჩატარება. აღსანიშნავია, რომ დასახელებული რეკომენდაციები მმართველ გუნდს არ შეუსრულებია. ასევე, რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე და მოსამართლეთა დანიშვნების მაღალი სტანდარტის არარსებობაზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო მდივნის, საქართველოში აშშ-ის საელჩოს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) და ევროკომისიის პრეს-სპიკერის განცხადებები პირდაპირი მიუთითებს.