2022 წლის პირველი იანვრიდან, მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს თანამდებობრივი სარგო 10%-ით გაეზრდებათ, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 117 მლნ ლარი დაიხარჯება. ხელფასების მატება ყველა მიმართულებით დასაქმებულ მოხელეებს შეეხებათ, მათ შორის - ჯარს, პოლიციას, სკოლებს და ა.შ.

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტით ყოველწლიურად განისაზღვრება საბაზო თანამდებობრივი სარგო, რომლის, ამავე კანონით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე გამრავლებით, კონკრეტული თანამდებობის/ პოზიციის თანამდებობრივი სარგო მიიღება. აღსანიშნავია, რომ საბაზო თანამდებობრივი სარგო 2017 წელს 1000 ლარის ოდენობით განისაზღვრა და მას შემდეგ არ შეცვლილა. 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე წარდგენის მიხედვით, საჯარო მოხელეთა საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება და 1000 ლარის ნაცვლად 1 100 ლარის ოდენობით განისაზღვრება.

2022 წლის საქართველოს ბიუჯეტის პროექტის პირველი წარდგენის მიხედვით, შრომის ანაზღაურებისთვის 1,653,356,800 ლარი იყო გათვალისწინებული, მომუშავეთა რიცხოვნობა კი 112,712 ადამიანს შეადგენდა. ბიუჯეტის პროექტის მეორე წარდგენაში შრომის ანაზღაურებისთვის უკვე 1,830,014,800 ლარი იყო გათვალისწინებული, რაც ზემოთ დასახელებული ცვლილებით არის განპირობებული, თუმცა საყურადღებოა ის ფაქტი, რომ დასაქმებულთა რაოდენობა ახალ ვარიანტში უკვე 40-ით არის გაზრდილი და 112,752 ადამიანს შეადგენს.

საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობასა და თანამდებობრივ სარგოზე საუბრისას, ყოველთვის განსაკუთრებით ყურადღებას შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა და შრომის ანაზღაურება იმსახურებს.

„საჯაო სამსახურის შესახებ“ კანონის მიხედვით, შტატგარეშე მოსამსახურე არის პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად (მუხლი 8).

შტატგარეშე თანამშრომლების დასაქმება, შტატიან თანამშრომლებთან შედარებით (რომელნიც ძირითადად კონკურსის შედეგად იკავებენ თანამდებობას), მარტივ პროცედურებთან არის დაკავშირებული, რაც ნეპოტიზმის და პოლიტიკური ნიშნით დანიშვნის ალბათობას ზრდის.

2021 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშის მიხედვით, შტატგარეშე მომუშავეთა შრომის ანაზღაურებაზე 246,593,640 ლარი დაიხარჯა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს (202,238,500 ლარი) 44,355,140 ლარით აღემატება და თითქმის 22%-იანი ზრდაა. სამწუხაროდ, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში შტატგარეშე თანამშრომელთა რიცხოვნობა მითითებული არ არის, ამიტომ სახელფასო ფონდის ზრდასთან ერთან შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობის ზრდაზე ვერ ვიმსჯელებთ.

რადგან ჯერჯერობით მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მონაცემი გვაქვს, ამიტომ წინა წლების ტენდენციის დასანახად, ასევე 9-თვიან პერიოდებს ავიღებთ.

ცხრილი 1: შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ბიუჯეტი წლების მიხედვით (ლარი)

წყარო: ფინანსთა სამინისტრო

როგორც მონაცემებიდან ჩანს, 2011 წლიდან მოყოლებული, შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურება ზრდის ტენდენციით ხასიათდება, გამონაკლისი არის 2013 წელი, როდესაც ეს მონაცემი შემცირებულია. აღნიშნული შემცირება შეიძლება იმით აიხსნას, რომ 2013 წელი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველი წელი იყო და იქიდან გამომდინარე, რომ ისინი „ნაციონალურ მოძრაობას“ მუდმივად შტატგარეშე თანამშრომელთა ზრდაზე მიუთითებდნენ, თავად მათი რაოდენობა და შესაბამისად, ანაზღაურების ბიუჯეტი, შეამცირეს, თუმცა შემდგომ წლებში ზრდის ტენდენცია შეინარჩუნეს. ამ ზრდის ტენდენციიდანაც გამორჩეული 2012, 2014, 2015, 2020, 2021 წლებია, როდესაც შტატგარეშე თანამშრომელთა სახელფასო ფონდის, შესაბამისად - 60%, 65%, 28% და 22%-22%-იანი, ზრდა დაფიქსირდა.

როგორ აღვნიშნეთ, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებში მთლიანად საჯარო სექტორში დასაქმებულ შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა მითითებული არ არის, თუმცა სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობის განხილვა შეგვიძლია. მონაცემები შესადარისი რომ იყოს, ამ შემთხვევაშიც, 9-თვიან პერიოდს ავიღებთ. აღნიშნული მონაცემი მხოლოდ 2015 წლიდან არის ხელმისაწვდომი და ჩვენც შესაბამის პერიოდს განვიხილავთ.

გრაფიკი 1: სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა

წყარო: ფინანსთა სამინისტრო, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მიხედვით, სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა 9 თვის და წლიური მონაცემითაც ძირითადად ზრდის ტენდენციით ხასიათდება, გამონაკლისია 2017 და 2020 წლები, როდესაც შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა შემცირებულია.

ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ბოლო წლების პრაქტიკა გვიჩვენებს, შტატგარეშე თანამდებობებს ძირითადად მმართველი პარტიასთან დაახლოებული ან მათდამი ლოიალურად განწყობილი პირები იკავებენ. მათი რაოდენობა განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ იზრდება ხოლმე. 2012-2021 წლებში ყოველ წელს არჩევნები იყო, მხოლოდ 2015 და 2019 წლებში იყო შუალედური, დანარჩენ წლებში - საპარლამენტო, საპრეზიდენტო და თვითმმართველობის. აქედან გამომდინარე, საანგარიშო წლებში, შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობას და მათ სახელფასო ბიუჯეტის ზრდასა და არჩევნებს შორის გარკვეული კორელაციის დანახვა შეუძლებელია.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ბიუროკრატიული აპარატის მნიშვნელოვან გამოწვევად საჯარო სექტორში შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა და მათი დანიშვნის არსებული პრაქტიკა რჩება. ხშირია შემთხვევები, როდესაც საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა კანონით დასაშვებ ზღვარს აჭარბებს.