მანიპულაცია: პოლონეთი ევროკავშირიდან გასვლით იმუქრება

ვერდიქტი: მანიპულირება

რეზიუმე

„საქართველო და მსოფლიო“ პოლონეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერის, რიშარდ ტერლეცკის, განცხადების საფუძველზე ამტკიცებდა, რომ „პოლონეთი ევროკავშირიდან გასვლით იმუქრება“. თუმცა სტატიაში ტერლეცკის კომენტარის მხოლოდ ნახევარია მოცემული და ნაწილი, სადაც ის ამბობს, რომ მის მმართველ პარტიას ევროკავშირში დარჩენა და თანამშრომლობითი ურთიერთობები სურს, გამოტოვებულია. ასევე, ტერლეცკიმ თავის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებაც გააკეთა, რასაც „საქართველო და მსოფლიო“ მალავს. ტერლეცკი ირწმუნებოდა, რომ „პოლონეთი არის და იქნება ევროკავშირის წევრი“, ხოლო „პოლექსიტს“ ოპოზიციის გამოგონილს უწოდებდა. მეტიც, „პოლექსიტის“ რეალურობა კატეგორიულად უარყვეს და ევროკავშირში პოლონეთის მომავალი დაადასტურეს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა და მმართველი პარტიის ხელმძღვანელმა და მთავრობის სპიკერმა. შესაბამისად, „საქართველო და მსოფლიო“ მხოლოდ ერთი პოლიტიკოსის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატით ამტკიცებს, რომ „პოლონეთი ევროკავშირიდან გასვლით იმუქრება“, როდესაც, რეალურად, აღნიშნულს „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ ციტირებული პოლიტიკოსის გარდა, პოლონეთის მმართველი პირებიც უარყოფენ.

ანალიზი

პრორუსულმა გამოცემა „საქართველო და მსოფლიომ“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით - „პოლონეთი ევროკავშირიდან გასვლით იმუქრება“. სტატიის თანახმად, „პოლონეთმა ევროკავშირის ხელმძღვანელობას გაუგზავნა გამაფრთხილებელი მიმართვა თანამეგობრობიდან გასვლის შესახებ. ეს მას შემდეგ გააკეთა, რაც ვარშავამ ბრიუსელიდან მიიღო მითითება, ჩაატაროს სასამართლო რეფორმა ან გადაიხადოს უზარმაზარი ჯარიმა“. „საქართველო და მსოფლიო“ წერს, რომ: „ევროკავშირის ამ ბრძანების საპასუხოდ პოლონეთის მმართველი კონსერვატიულ-ნაციონალისტური პარტია „სამართალი და სამართლიანობის“ წარმომადგენელმა რიშარდ ტერლეცკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირთან დაპირისპირებაში რადიკალურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ“. მან ხელისუფლებას ურჩია, მაგალითი აეღო დიდი ბრიტანეთისგან, რომელმაც დატოვა ევროპული თანამეგობრობა“.

სტატიაში ასევე მოყვანილია ტერლეცკის ციტატა - „თუკი საქმეები კვლავაც ამ მიმართულებით წავა, მოგვიწევს რადიკალური გადაწყვეტილებების გამონახვა. ბრიტანელებმა ყველას დაანახეს, რომ ბრიუსელის ბიუროკრატიის დიქტატურა მისაღები არ არის, შეტრიალდნენ და წავიდნენ”,- განაცხადა ტერლეცკიმ, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა Brexit-ი“. შემდგომ კი „საქართველო და მსოფლიოს“ სტატიაში აღწერილია პოლონეთის სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით ვარშავასა და ბრიუსელს შორის არსებული დაპირისპირება, რასაც ბრიუსელის მიერ პოლონეთისთვის დაწესებული სანქციები მოჰყვა. სტატიის ბოლოს პოლონეთის ოპოზიციის მიერ ტერლეცკის კომენტარის კრიტიკა იყო მოცემული.

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ სასამართლოს საკამათო კანონპროექტის გამო პოლონეთსა და ბრიუსელს შორის დავა მართლაც არსებობს. 2021 წლის 7 სექტემბერს ევროკომისიამ განაცხადა, რომ მან ევროკავშირის სასამართლოს მიმართა მოთხოვნით პოლონეთი დაეჯარიმებინა მოსამართლეთა დისციპლინური პალატის კანონპროექტის გამო, რადგან ევროკავშირის თანახმად, პალატა მოსამართლეებზე ზეწოლის ან/და სასამართლოს გადაწყვეტილებებზე პოლიტიკური კონტროლისთვის გამოიყენება; ის ასევე ევროკავშირის კანონებს ეწინააღმდეგება და პოლონეთს მომდევნო თვეებში მისი დაშლის დაპირება აქვს გაცემული. კონკრეტულად, ევროკავშირის იუსტიციის კომისარი პოლონეთისთვის COVID-სგან აღდგენის პაკეტიდან 36 მილიარდი ევროს გადარიცხვის შეჩერებასა და დღიურად 1 მილიონი ევროთი დაჯარიმებას ითხოვდა, ვიდრე პოლონეთი მოსამართლეთა დისციპლინარული რეჟიმის შესახებ არსებით ცვლილებას არ განახორციელებდა და არ დაემორჩილებოდა ივლისში მიღებულ ე.წ. შუალედურ ზომებს. ეს ფაქტები „საქართველო და მსოფლიოს“ სტატიაში ძირითადად სწორად არის აღწერილი, თუმცა გამოცემა საკითხთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციასა და უშუალოდ ტერლეცკის კომენტარის ნაწილს მალავს, რითაც არასწორ შთაბეჭდილებას ქმნის და მკითხველი შეცდომაში შეჰყავს. „საქართველო და მსოფლიო“ არასრული ინფორმაციის გავრცელებით მანიპულირებს და პოლონეთსა და ევროკავშირს შორის არსებულ დაპირისპირებასა და პოლონეთის მიერ ევროკავშირის დატოვების „მუქარას“ აზვიადებს და ერთი წარმომადგენლის განცხადებას მანიპულაციურად განაზოგადებს.

რიშარდ ტერლეცკიმ, რომელიც პოლონეთის მმართველ „კანონისა და სამართლის პარტიას“ წარმოადგენს და ამჟამად, პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობას იკავებს, გარკვეულწილად მუქარისშემცველი განცხადება 8 სექტემბერს კარპაჩში გამართულ კონფერენციაზე მართლაც გააკეთა, თუმცა განცხადებიდან „საქართველო და მსოფლიომ“ გარკვეული ნაწილი ამოაკლო, რითაც მას კონტექსტი დაუმახინჯა. ტერლეცკიმ განაცხადა, რომ „თუ მოვლენები ისე განვითარდა, როგორც ეს მოსალოდნელია, ჩვენ უნდა მოვძებნოთ მკაცრი, გაბედული გამოსავლები“ და დაამატა: „ბრიტანელებმა აჩვენეს, რომ ბრიუსელის ბიუროკრატიის დიქტატურა მათ არ შეეფერებოდათ და გადაუხვიეს და წავიდნენ“. მოცემული ციტატა „საქართველო და მსოფლიოს“ მეტწილად სწორად აქვს ნათარგმნი, თუმცა რიშარდ ტერლეცკიმ ასევე განაცხადა, რომ „პარტიას [იგულისხმება მმართველი „კანონისა და სამართლის“ პარტია] სურს ევროკავშირში დარჩენა და თანამშრომლობითი ურთიერთობის ქონა, მაგრამ ევროკავშირი ჩვენთვის მისაღები უნდა იყოს“. ტერლეცკის განცხადების ეს ნაწილი „საქართველო და მსოფლიოს“ გამოტოვებული აქვს.

ასევე, როგორც „საქართველო და მსოფლიოს“ სტატიაშიც არის აღნიშნული, ტერლეცკის საწინააღმდეგო განცხადებები ოპოზიციაში გააკეთეს, მათ შორის, ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა და დღეისათვის პოლონეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის - „სამოქალაქო პლატფორმა“, ლიდერმა დონალდ ტუსკმა. ვინაიდან ტერლეცკი „კანონი და სამართლის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი და პარტიის ლიდერის, იაროსლავ კაჩინსკის ერთ-ერთი უახლოესი მრჩეველია, მისმა განცხადებამ მოულოდნელი კრიზისი და საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ამის გამო, ტერლეცკის დამატებითი კომენტარისა და განმარტების გაკეთება მოუწია. მან 9 სექტემბერს Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში დააზუსტა, რომ „პოლონეთი არის და იქნება ევროკავშირის წევრი. „პოლექსიტი“ [1] გამოგონილია „სამოქალაქო პლატფორმისა“ და TVN24-ის მიერ [2]. დღეს ბრძოლა არის, დარჩება, თუ - არა ევროკავშირის პრინციპებისა, რომელმაც მას საფუძველი ჩაუყარა, თუ ის სრული ოპოზიციის მიერ წახალისებულ დაპირისპირებებში გაეხვევა. მე მჯერა, რომ არსებული აპათია და კრიზისი ევროკავშირში დაძლეული იქნება“. „საქართველო და მსოფლიოს“ სტატია 15 სექტემბერს არის გამოქვეყნებული, 6 დღის შემდეგ, რაც ტერლეცკიმ განმარტებითი განცხადება გააკეთა და „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ დაზუსტების გამოტოვება, სადაც ტერლეცკი „პოლექსიტს“ საერთოდ უარყოფდა, ცალსახად მანიპულაციური და შეცდომაში შემყვანია და არსებულ ვითარებას არასწორად წარმოაჩენს.

ტერლეცკის თავდაპირველ განცხადებაზე პოლონელ პოლიტიკოსებს განსხვავებული რეაქცია ჰქონდათ - უმეტესი პოლონეთიდან ევროკავშირის გასვლის იდეისადმი კრიტიკული იყო, ხოლო ზოგი განხილვის დაწყებას მიესალმა. თუმცა პოლონეთის ოპოზიციის ლიდერების გარდა, ტერლეცკის თავდაპირველ განცხადებას მმართველი პარტიის ლიდერებიც უარყოფითად გამოეხმაურნენ. კერძოდ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ინციდენტის შესახებ განაცხადა, რომ „მიუხედავად იმისა, რომ მე ვხედავ მსგავს ფაქტს [კომისიის] მხრიდან, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვეძლება გავაქარწყლოთ ყველა ეჭვი და არ შევქმნათ არასაჭირო დაძაბულობა“, რითაც ვარშავასა და ბრიუსელს შორის მიმდინარე სამართლებრივ დაპირისპირებას გამოეხმაურა; მან ასევე აღნიშნა, რომ „რა თქმა უნდა, „პოლექსიტის“ შესახებ არავითარი საუბარი არაა“.

ტერლეცკის მიერ დამაზუსტებელი განცხადების გაკეთების გარდა, რომელშიც მან „პოლექსიტი“ სრულად უარყო და ევროკავშირში პოლონეთის მომავალი დაადასტურა, მისი განცხადება მთავრობის მეთაურმაც უარყო. მთავრობის სპიკერმა, პიოტრ მიულერმა კი 9 სექტემბერს განაცხადა, რომ ტერლეცკის მკაფიოდ ჰქონდა ნათქვამი, რომ პოლონეთს ევროკავშირის დატოვება არ სურდა და ბრიტანეთის მსგავსად პოლონეთის მიერ ევროკავშირის დატოვება სარგებლის მომტანი არ იქნებოდა, არამედ ქვეყანას ევროკავშირში საკუთარი პოზიცია უნდა დაეჭირა. როგორც პრემიერ-მინისტრ მორავეცკის, ისე მთავრობის სპიკერის განცხადებები „საქართველო და მსოფლიოს“ სტატიაში არაა ნახსენები. ამასთან, „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ სტატიის გამოქვეყნების დღეს, 15 სექტემბერს, პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერმა და ვიცე-პრემიერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ, რომელიც პოლონეთის ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად მიიჩნევა, განაცხადა, რომ არავითარი „პოლექსიტი“ არ იქნება და პოლონეთის მომავალი ევროკავშირშია. მან დასძინა, რომ პოლონეთს სურს სუვერენულ სახელმწიფოდ დარჩეს და ევროკავშირმა პოლონეთის საშინაო საქმეებში ჩარევა უნდა შეწყვიტოს, თუმცა აღნიშნა, რომ პოლონეთი ბლოკს არ დატოვებდა. მეტიც, მან „პოლექსიტს“ მმართველი პარტიის საწინააღმდეგო მრავალჯერ გამოყენებული პროპაგანდის გამოგონება უწოდა და განაცხადა, რომ „ისინი პოლონეთის მომავალს ცალსახად ევროკავშირში ხედავდნენ“.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ პოლონელების 88% პოლონეთის ევროკავშირში დარჩენას ემხრობა და მხოლოდ 7% არის გასვლის მომხრე, თუმცა მოსახლეობის მესამედზე ნაკლები ევროკავშირის დატოვებას შესაძლებლად განიხილავს.

აქედან გამომდინარე, სტატიის დასათაურება და დასკვნის გამოტანა, რომ პოლონეთი ევროკავშირიდან გასვლით იმუქრება, არასწორი და მანიპულაციურია და ერთი პოლიტიკოსის კომენტარის გაზვიადებასა და მთელ ქვეყანაზე განზოგადებას წარმოადგენს, მაშინ, როდესაც თავად ტერლეცკი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის ხელმძღვანელი, აღნიშნულს უარყოფენ.

„საქართველო და მსოფლიოს“ შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

-----------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

[1] Polexit - ტერმინი, რომელიც პოლონეთის ევროკავშირიდან გასვლას აღნიშნავს.

[2] ამერიკული ტელეარხი, რომელიც მთავრობისადმი კრიტიკულია.