2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მმართველმა პარტიამ 30 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატად მოქმედი მერები ან ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა, წამყვან თანამდებობაზე მომუშავე პირები (საკრებულოს თავმჯდომარეები, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები) დაასახელა. „ფაქტ-მეტრი“ ზემოხსენებული პირების საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემულ სტატიაში გთავაზობთ მოკლე ინფორმაციას იმ დარღვევებისა თუ სავარაუდო დარღვევების შესახებ, რომლებიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოქმედი მერის, დავით შერაზადიშვილის მერის პოზიციაზე ყოფნის პერიოდში გამოიკვეთა.
ბოლნისის მერობის კანდიდატი - დავით შერაზადიშვილი
დავით შერაზადიშვილი 2017 წლიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია. მანამდე ის ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობას იკავებდა.
„სტუდია მონიტორის“ და „რადიო თავისუფლების“ 2018 წლის ჟურნალისტური გამოძიებების თანახმად, შერაზადიშვილის, ნათესავები და მეგობრები რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების მუნიციპალურ კონტრაქტებს უკონკურენტოდ იღებენ. შერაზადიშვილს ნათესაური კავშირები აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილესთან, ალექსანდრე ტაბატაძესთან.
გარდა ამისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დაადგინა, რომ დავით შერაზადიშვილს 2018 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნული აქვს, რომ შპს „სბ და კოს”, ასევე შპს „გეოლოქის” მეწილეა, თუმცა კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, მას აღნიშნულ წილები მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ აქვს გადაცემული. ამავე მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ შერაზადიშვილს დეკლარაციაში აღნიშნული არ ჰქონდა, რომ მისი მეუღლე შპს „შალოურის” 60% წილს ფლობს.