ნათია თურნავა: საგარეო ვაჭრობის კუთხით კვლავაც პოზიტიური ტენდენციაა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნათია თურნავას განცხადება არის სიმართლე
რეზიუმე:
საგარეო ვაჭრობის დინამიკის ანალიზი კომპლექსურობას მოითხოვს, რადგან არსებული რეალობის მეტი სიზუსტით წარმოჩენისთვის, გაანალიზებული უნდა იყოს მთელი რიგი მაჩვენებლები, მათ შორის: ექსპორტის, იმპორტის და სავაჭრო დეფიციტის ფარდობითი (ძირითადად მშპ-თან) და აბსოლუტური სტატისტიკა, ადგილობრივი ექსპორტის დინამიკა.
ექსპორტის ზრდა, საქართველოს მსგავსი იმპორტდამოკიდებული ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია სხვადასხვა მიზეზთა გამო, მათ შორის კი ფაქტით, რომ ექსპორტის ზრდა მშპ-ს ზრდაში აისახება, ხოლო იმპორტდამოკიდებულების შემცირება საგადასახდელო ბალანსის სტრუქტურაზე დადებითად მოქმედებს. 2021 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში, წინა პერიოდებთან შედარებით დადებითი დინამიკა მართლაც იკვეთება, მათ შორის, 2019 წელთან შედარებითაც, რაც ექსპორტის ზრდის ტენდენციაში, საბაზო ეფექტს ნაწილობრივ გამორიცხავს. ასევე, გაიზარდა ადგილობრივი ექსპორტი და ადგილობრივი ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტშიც.
მეორე მხრივ, 2020 წელთან შედარებით, დეფიციტი გაზრდილია 17.2%-ით, ანუ იმპორტის ზრდა ექსპორტის ზრდას აჭარბებდა, რაც საგადასახადო ბალანსზე უარყოფითად მოქმედებს. თუმცა, 2020 წელს, დეფიციტის მკვეთრი შემცირება გარკვეულწილად იმპორტის შეზღუდვის ერთჯერად ეფექტთან არის დაკავშირებულ. რაც შეეხება ფარდობით მაჩვენებლებს, წლიური მშპ-ს მიმდინარე პროგნოზის გათვალისწინებით, 8 თვის ექსპორტის ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან 14.7%-ს შეადგენს, რაც როგორც 2019, ასევე 2020 წელთან შედარებით ზრდას წარმოადგენს.
ანალიზი
საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, საგარეო ვაჭრობის დინამიკის შეფასებისას განაცხადა: „საგარეო ვაჭრობის კუთხით კვლავაც პოზიტიური ტენდენციაა, მთლიანობაში რვა თვის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ექსპორტი 22.2%-ით არის გაზრდილი, 2019 წელთან შედარებით 7.2%-ით“.
პანდემიურმა კრიზისმა და შესაბამისად, დაწესებულმა შეზღუდვებმა, ასახვა საგარეო ვაჭრობის სფეროშიც პოვა. 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, საქონლის ექსპორტი 12%-ით, ხოლო იმპორტი 15.4%-ით შემცირდა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 678.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22.2 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 2 605.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (25.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 6 072.9 მლნ. აშშ დოლარი (20.7 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-აგვისტოში 3 467.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.0 პროცენტი შეადგინა.
2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 7%-ით, იმპორტი 1.2%-ით გაიზარდა. ასევე, 2019 წელთან შედარებით, 2.8%-ით შემცირებულია სავაჭრო დეფიციტის, ანუ იმპორტისა და ექსპორტის სხვაობის მაჩვენებელიც, რაც ზოგადად იმპორტდამოკიდებულების შემცირების ნიშანს წარმოადგენს, თუმცა 2020 წელთან შედარებით, დეფიციტი გაზრდილია 17.2%-ით, ანუ იმპორტის ზრდა ექსპორტის ზრდას აჭარბებდა, რაც საგადასახადო ბალანსზე დამატებით წნეხზე მიუთითებს. მეორეს მხრივ, 2020 წელს, დეფიციტის მკვეთრი შემცირება გარკვეულწილად იმპორტის შეზღუდვის ერთჯერად ეფექტთან არის დაკავშირებული.
აღნიშნულ კონტექსტში, ექსპორტის აბსოლუტურ მაჩვენებელთან ერთად, მნიშვნელოვანია ფარდობითი მაჩვენებლის, კერძოდ კი ექსპორტის მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის მაჩვენებლის განხილვა. სხვადასხვა პერიოდში ეკონომიკის მოცულობა განსხვავებულია და შესაბამისად, განსხვავებულია წარმატების ობიექტური კრიტერიუმებიც. წლიური მშპ-ს მიმდინარე პროგნოზის შესაბამისად, 8 თვის ექსპორტის ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან 14.7%-ს შეადგენს, რაც როგორც 2019, ასევე 2020 წელთან შედარებით ზრდას წარმოადგენს.
გრაფიკი 1: საგარეო ვაჭრობა იანვარი-აგვისტოს მონაცემებით, 2015-2021 წლებში, მლრდ აშშ დოლარი
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2021 წლის თვიური ტენდენცია, წარმოდგენილია გრაფიკ 2-ზე, რომელიც ასახავს ექსპორტს 2020 და 2019 წლის შესაბამის თვეებთან შედარებით. ექსპორტის ზრდა, საქართველოს მსგავსი იმპორტდამოკიდებული ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს მრავალი სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის კი ფაქტით რომ ექსპორტის ზრდა მშპ-ს ზრდაში აისახება, ხოლო იმპორტდამოკიდებულების შემცირება საგადასახდელო ბალანსის სტრუქტურაზე დადებითად მოქმედებს. 2021 წლის იანვარი ექსპორტის მხრივ წარუმატებელი გამოდგა, რადგან შემცირება დაფიქსირდა როგორც 2018, ისევე 2019 წლებთან შედარებით. თუმცა, მომდევნო თვეების, განმავლობაში, დადებითი დინამიკა მართლაც იკვეთება, მათ შორის 2019 წელთან შედარებითაც, რაც ექსპორტის ზრდის ტენდენციაში, საბაზო ეფექტს ნაწილობრივ გამორიცხავს.
გრაფიკი 2: 2021 წლის ექსპორტის თვიური ზრდა, 2019 და 2020 წლების შესაბამის პერიოდთან შედარებით
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი ექსპორტის, ანუ რეექსპორტის გარეშე ექსპორტის დინამიკის განხილვა. 2021 წლის პირველი 8 თვის მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტი გაზრდილია 28.8%-ით, ხოლო 2019 წლის შესაბამის პერიოდთან 27.9%-ით. ექსპორტთან ფარდობის თვალსაზრისით, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე 72.7% ნიშნულზეა რაც 2017 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
გრაფიკი 3: ადგილობრივი ექსპორტის დინამიკა 2015-2021 წლის იანვარ აგვისტოში, მლნ აშშ დოლარი
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური