ირაკლი ღარიბაშვილი: კორუფციის აღქმის ინდექსით ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს. პირველი არის რეგიონში, მსოფლიო მასშტაბით 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილს ვიკავებთ და ვუსწრებთ ევროკავშირის 9 ქვეყანას
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მანიპულირება.
რეზიუმე: ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებაში, „კორუფციის აღქმის ინდექსის“ მხოლოდ იმ ნაწილზე საუბრობს, რომელიც საქართველოს დადებით კონტექსტში წარმოაჩენს. ინდექსის ის ნაწილი, რომელიც საქართველოს განვითარების შეჩერებას, სახელმწიფო ხელისუფლების მიტაცებასა და მაღალი დონის კორუფციას ეხება, განცხადებაში ნახსენები საერთოდ არ არის.
ანალიზი:
2021 წლის 25 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ „კორუფციის აღქმის ინდექსით ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს. პირველი არის რეგიონში, მსოფლიო მასშტაბით 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილს ვიკავებთ და ვუსწრებთ ევროკავშირის 9 ქვეყანას“.
საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ „კორუფციის აღქმის ინდექსს“ ყოველწლიურად აქვეყნებს. ინდექსი 180 ქვეყანას მოიცავს. „კორუფციის აღქმის ინდექსი“ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების საფუძველზე მზადდება, რომელთაგან თითოეული, სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებულ მდგომარეობას აფასებს. 2020 წლის რეიტინგი 13 სხვადასხვა გამოკითხვას ემყარება. რეიტინგში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა - ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს. 2020 წლის რეიტინგში საქართველოს 56 ქულა აქვს და პოლონეთთან და სენტ ლუსიასთან ერთად 45-ე ადგილზეა. გასულ წელთან შედარებით, საქართველოს შეფასება არ შეცვლილა, ხოლო პოზიცია 1 საფეხურით გაუარესდა. ამასთან, 2020 წლის რეიტინგის მიხედვით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კვლავაც პირველ ადგილზეა [1] (იხ. ცხრილი 1).
ცხრილი 1: „კორუფციის აღქმის ინდექსის“ მიხედვით, საქართველოს შეფასება 2012-2020 წლებში.
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ყოველწლიური „კორუფციის აღქმის ინდექსის“ შედეგების პარალელურად, ორგანიზაციის ბერლინის სამდივნოს ვებსაიტზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც წლევანდელ ინდექსში საქართველოს შედეგი და მისი მიზეზებია განხილული. სტატიაში აღნიშნულია, რომ „2012 წლის შემდეგ, ინდექსში საქართველოს ქულა მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა. ქვეყანაში, რომელიც ერთ დროს რეფორმებით გამოირჩეოდა, ანტიკორუფციული ძალისხმევა თითქმის 10 წელია სტაგნაციას განიცდის“. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მიტაცება და საკვანძო ინსტიტუტებზე მომეტებული ზეგავლენა ქართული პოლიტიკური სივრცის მთავარი გამოწვევაა. მეტიც, 2020 წლის „ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასების“ თანახმად, საქართველოს პოლიტიკური სისტემისთვის ძალაუფლების კონცენტრაციის უკიდურესად მაღალი ხარისხია დამახასიათებელი. ერთი პოლიტიკური ჯგუფი ყველა საკვანძო საჯარო ინსტიტუტზე არაპროპორციულად დიდ კონტროლს ახორციელებს. ასევე, ეს დომინანტი ჯგუფი არასამთავრობო სექტორზე (მათ შორის მედიაზე და კერძო სექტორზე) ზეგავლენის მოხდენას, ხშირად ცდილობს. ყველაზე უფრო აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მთავრობის მიერ ორგანიზებული დეზინფორმაციის კამპანიების სამიზნედ კვლავაც რჩება.
ზემოხსენებულ ფაქტორებთან ერთად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აღნიშნავს, რომ ძალაუფლების კონცენტრაცია მთავრობის ანგარიშვალდებულებას აზიანებს. არაჯეროვანი პარტიული გავლენა, რომელსაც სამართალდამცავი უწყებები განიცდიან, მათ მაღალი დონის კორუფციის შესაძლო შემთხვევების გამოძიების საშუალებას ართმევს და სამართალდამცავი სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებს. 2020 წელს ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 29% ფიქრობს, რომ მაღალი დონის კორუფციის შემთხვევებს საქართველოში სათანადოდ იძიებენ, ხოლო 47%-ს საპირისპირო აზრი აქვს. მეტიც, სახელმწიფოს მიტაცების შედეგად, პარლამენტი და სასამართლო მათ საზედამხედველო ფუნქციას აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ არაჯეროვნად ასრულებენ. ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ კოვიდ-19 პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს, საპარლამენტო ზედამხედველობა განსაკუთრებით შეზღუდული იყო.
ასევე, სტატიაში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზეა ყურადღება გამახვილებული. „მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების პოლიტიკური ნების არარსებობის გამო, ეს მდგომარეობა მუდმივად უცვლელია. მმართველი პარტიის პრივილეგირებული წვდომა საჯარო რესურსებზე და მისი სავარაუდო მზადყოფნა, რომ სახელმწიფო შეკვეთები საარჩევნო კამპანიის შემოწირულებებში გაცვალოს, პოლიტიკურ კონკურენციას ძირს უთხრის და უფრო პლურალისტური მმართველობის წარმოქმნის ალბათობას ამცირებს. ამასთანავე, ამგვარი მდგომარეობა, ბოლო ორი წლის განმავლობაში, საპროტესტო აქციების მიზეზი არაერთხელ გახდა“.
ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მანიპულაცია. მართალია, ამ ეტაპზე, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, საქართველო რეგიონში პირველ ადგილს კვლავ ინარჩუნებს, თუმცა საყურადღებოა, რომ უკანასკნელ წლებში რეიტინგში საქართველოს პოზიცია მუდმივად უარესდება. ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებაში, „კორუფციის აღქმის ინდექსის“ მხოლოდ იმ ნაწილზე საუბრობს, რომელიც საქართველოს დადებით კონტექსტში წარმოაჩენს. ინდექსის ის ნაწილი, რომელიც საქართველოს განვითარების შეჩერებას, სახელმწიფო ხელისუფლების მიტაცებასა და მაღალი დონის კორუფციას ეხება, განცხადებაში ნახსენები საერთოდ არ არის.