ავღანეთში ბოლო პერიოდის განმავლობაში განვითარებული მოვლენების პარალელურად სოციალურ სივრცეში არაერთი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება. მათ შორის, აქტიურად ვრცელდება დეზინფორმაციული ფოტომასალა გასულ საუკუნეში ავღანელი ქალების გარეგნობასა და ჩაცმულობასთან დაკავშირებით. ინფორმაცია ფოტოს შესახებ, თითქოს ის 1960 წელს ქაბულშია გადაღებული, რომელსაც „Mega TV“, „ქუთაისი ツ“ და ასევე სხვა მომხმარებლები ავრცელებენ, ყალბია და რეალობას არ შეესაბამება.

რეალურად, სოც. ქსელში გავრცელებული ფოტოს შავ-თეთრი ვერსია ამერიკელი ფოტოგრაფის, ალან გრანტის მიერ ლოს ანჯელესში, LIFE magazine-ისთვისაა გადაღებული, სავარაუდოდ, 1950-იან წლებში. მისი გაფერადება მოგვიანებით უნდა მომხდარიყო. შავ-თეთრი ფოტოების ნაკრები რამდენიმე ფოტოსგან შედგება, რომლებიც ხელმისაწვდომია Google-ის ხელოვნებისა და კულტურის სივრცეში.

ფოტოები გრანტის ნაკრებიდან: ფოტო 1, ფოტო 2.

მეორე მხრივ, მართალია, რომ გასული საუკუნის აღნიშნულ პერიოდში ავღანელი ქალები თავისუფლად, საკუთარი სურვილის და სტილის შესაბამისად, მათ შორის დასავლური სტილით, იმოსებოდნენ, თუმცა სოციალურ სივრცეში გავრცელებულ ამ ფოტოს ავღანეთთან და ავღანელი ქალების ჩაცმულობასთან საერთო არაფერი აქვს და შესაბამის რეალობას არ ასახავს.

ავღანელი ქალების თავისუფალი ჩაცმულობისა და გარეგნობის აღმბეჭდავი რეალური ფოტო კი 1972 წელს ქაბულშია გადაღებული ლორენს ბრუნ/რაფოს მიერ და ის შემდეგნაირად გამოიყურება.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.