საქართველოში ყურძნის ფასის სუბსიდირება 2008 წლიდან იწყება, როდესაც რუსეთმა ქართულ ღვინოზე ეკონომიკური ემბარგო დააწესა. ვინაიდან იმჟამინდელი ქართული ღვინის ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთის ფედერაცია გახლდათ, ემბარგომ იმდროინდელ ქართულ მეღვინეობას უდიდესი სოციალური და ეკონომიკური ზიანი მოუტანა. ამ ზიანით გამოწვეული ნეგატიური შედეგების აღმოსაფხვრელად და იმისთვის, რომ მევენახეებისთვის საქმიანობას რენტაბელობა შეენარჩუნებინა, ყურძნის ფასის სუბსიდირება გახდა საჭირო. 2008-2012 წლამდე ყურძნის სუბსიდირების პროგრამა ძალიან მცირე მასშტაბის იყო. კერძოდ, 1 კგ რქაწითლის ჯიშის ყურძნის დასუბსიდირება საქართველოს ბიუჯეტს 0.15 ლარი უჯდებოდა, საფერავის ჯიშის - 0.25 ლარი და მუჯურეთული/ალექსანდროული კი 1 კგ -1 ლარი. ბიუჯეტიდან რთველისთვის აღნიშნულ წლებში საშუალოდ 6-7 მილიონი ლარი იხარჯებოდა.

სიტუაცია 2013 წლიდან შეიცვალა, როდესაც ხელისუფლების ცვლილების შემდგომ, მუჯურეთულ/ალექსანდროულის სუბსიდირებისთვის გამოყოფილი 1 ლარი უცვლელი დარჩა, თუმცა რქაწითელსა და საფერავის ჯიშებზე სუბსიდირება შესაბამისად 0.4 და 0.35 ლარამდე გაიზარდა. ბიუჯეტიდან ჯამურად გამოყოფილი თანხის მოცულობაც დაახლოებით 5-ჯერ გაიზარდა და 2013 წელს 32 მილიონ ლარს მიაღწია.

სუბსიდირების სტრუქტურა 2017 წლიდან რადიკალურად შეიცვალა, რაც იმას გულისხმობდა, რომ მთავრობა ყურძნის ფასის სუბსიდირებიდან გავიდა, თუმცა ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის შესაძენად სახელმწიფო საწარმოებს თანხა მაინც გამოუყო. სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფმა კომპანიებმა შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ და ს.ს „აკურა“ ბაზარზე დარჩენილი ყურძენი შეისყიდეს და მისგან ღვინის მასალა და სპირტი დაამზადეს, რომელსაც შემდგომში აუქციონის წესით საბითუმო ფასად გაყიდდნენ.

2008-2017 წლებში ყურძნის ფასის სუბსიდირებისთვის ბიუჯეტიდან ჯამში 165.8 მლნ ლარი გამოიყო. 2018-2019 წლებში მთავრობას ყურძნის ფასის სუბსიდირება აღარ განუხორციელებია, თუმცა ბაზარზე ჭარბი ყურძნის შესაძენად სახელმწიფო საწარმო „აკურას“ ორივე წელს 10-10 მილიონი ლარი გამოუყო, რაც, შეიძლება ითქვას, რთველის ირიბი სუბსიდირება იყო.

2020 წელს, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ ყურძნის ფასის სუბსიდირების გადაწყვეტილება კვლავ მიიღო. ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 40 მილიონი ლარი გამოიყო.

გრაფიკი 1: ბიუჯეტიდან რთველის სუბსიდირებისათვის გამოყოფილი თანხები 2008-2021 წლებში.

წყარო: ღვინის ეროვნული სააგენტო

ბუნებრივია, როდესაც ბიუჯეტიდან რთველის სუბსიდირებისთვის თანხები გამოიყოფა, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს რამდენად ეფექტიანია ის და თანხები რამდენად მართლზომიერად იხარჯება. 2017 წლიდან, რაც სუბსიდირების მექანიზმი შეიცვალა, მთავრობა შესყიდული ყურძნისგან ღვინის მასალას, ან სპირტს ამზადებს და შემდგომში მას აუქციონის წესით საბითუმო ფასად ყიდის. ყველაფრის უკეთ სადემონსტრაციოდ მნიშვნელოვანია, ვნახოთ 2021 წლის 18 მაისს გამოცხადებული აუქციონის შედეგები, სადაც ღვინო და სპირტი 72 ლოტად იყო წარმოდგენილი. აუქციონში კითხვის ნიშნებს აჩენს ის ფაქტი, რომ ღვინოები არათუ საბითუმო ფასად იყიდება, არამედ თვითღირებულებაზე უფრო ნაკლებად. მაგალითისთვის, 1 კგ ალექსანდროულ-მუჯურეთულის ჯიშის ყურძნების საბაზრო ფასი 2019-2020 წლებში 7 ლარი გახლდათ, ხოლო მისგან დამზადებულ 1 ლიტრ ღვინოს მთავრობა 12.43 ლარად ყიდდა, ხოლო იმავე ჯიშებისგან დამზადებულ, ოღონდ განსხვავებული ტექნოლოგიით, ხვანჭკარას კი - 13.75 ლარად. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 1 ლიტრი ღვინის დასამზადებლად 2 კგ ყურძენია საჭირო, მაშინ მოცემული აუქციონის ფასები თვითღირებულებაზე ნაკლებია.

ცხრილი1: 2021 წლის 18 მაისის აუქციონზე გამოტანილი ღვინოები.

წყარო: ბიზნეს-მედია

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ 72 აუქციონის მიუხედავად, ღვინის ძალიან მცირე ნაწილი გაიყიდა. აღნიშნულს ისიც ემატება, რომ ფასი ძალიან დაბალი იყო, ხოლო ღვინოების მცირე სახეობა იყო წარმოდგენილი, რასაც წესით, პირიქით უფრო დიდი ინტერესი უნდა გამოეწვია, რაც არ მოხდა. ასევე ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს ამ ღვინის ხარისხი, რომელიც დაუდგენელია, როგორ ფასდება და სტანდარტებთან შესაბამისობის რა პროცედურებს გადის.

საბოლოო ჯამში, ღვინის სუბსიდირება, ზემოთ აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, არაეფექტურია. წლების განმავლობაში დახარჯული სოლიდური თანხების მიუხედავად, ეფექტიანობის კუთხით, თუ 2021 წლის 18 მაისის აუქციონის შედეგებს გავითვალისწინებთ, ვითარება სავალალოა.