გიორგი გახარია: [მამუკა ხაზარაძის მიერ მიცემული ჩვენების შინაარსზე] თვითონ გამოვიდა და იქიდან [ვიცი], მისცა ინტერვიუ და თქვა ეს ყველაფერი
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი გახარიას განცხადება არის ტყუილი.
რეზიუმე: ე.წ. „მუქარის წერილზე“ პირველი საჯარო განცხადება მამუკა ხაზარაძემ 2019 წლის 4 მარტს, პარლამენტის საკომიტეტო მოსმენის მიმდინარეობისას გააკეთა და აღნიშნა, რომ პროკურატურას ამის შესახებ ინფორმაცია გაცილებით ადრე, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვისას მიაწოდა. თუმცა ხაზარაძისვე განცხადებით, ამ საკითხით არც მოსამართლე და არც პროკურატურა არ დაინტერესებულა. 2018 წლის 26 და 31 დეკემბერს მამუკა ხაზარაძე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე თიბისი ბანკის საქმის ფარგლებში დაიკითხა. შესაბამისად, 2019 წლის 4 მარტამდე, საკუთარი ჩვენების შინაარსს მამუკა ხაზარაძე საჯაროს ვერ გახდიდა, რადგან ამ თარიღამდე „მუქარის წერილის“ არსებობის შესახებ ინფორმაციაც კი არ იყო საჯაროდ გაცხადებული. მეტიც, 4 მარტის საკომიტეტო მოსმენისას ის თავად აკრიტიკებდა პროკურატურას, ჩვენებიდან მხოლოდ „17 მილიონის თემის“ გასაჯაროებისა და „მუქარის წერილის“ ნაწილის საიდუმლოდ დატოვების გამო.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 4 მარტს გაკეთებული განცხადების შემდეგ, 2019 წლის 06 მარტს, მამუკა ხაზარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე კიდევ ერთხელ დაიკითხა.
გიორგი გახარიამ, მისი თქმით, ხაზარაძის მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მიცემული ჩვენების შინაარსის ამსახველი ინფორმაცია გააჟღერა [1]. კითხვის პასუხად, თუ საიდან იცოდა ჩვენების შინაარსი, რომელიც პრემიერ-მინისტრს, წესით არ უნდა სცოდნოდა, გახარიამ განმარტა: „რომ გამოვიდა იქიდან, მოყვა ის ჩვენება რაც თქვა და იქ იყო კომენტარები და იქიდან ვიცი“. სინამდვილეში, დაკითხვიდან გამოსვლისას მამუკა ხაზარაძეს მედიასთან მსგავსი შინაარსის კომენტარი არ გაუკეთებია. ჩვენების შინაარსზე ზოგადი განმარტება გააკეთა საქმის პროკურორმაც და აღნიშნა: „მამუკა ხაზარაძემ განმარტა, რომ წერილი მას შუამავალმა მიაწოდა. ხოლო, როცა შუამავლის დასახელება ითხოვეს, პროკურორის ცნობით, გაუგებარი მიზეზით ხაზარაძემ შუამავალი არ დაასახელა“.
შესაბამისად, დაკითხვის დასრულებისას მედიასთან არც მამუკა ხაზარაძეს უხსენებია ნათესაური კავშირი, როგორც შუამავლის არ დასახელების მიზეზი და არც პროკურორს, რომელიც დაკითხვას ესწრებოდა. Google-ის საძიებო სისტემაში მსგავსი შინაარსის განცხადება, რომელიც მამუკა ხაზარაძემ მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვის შემდეგ გააკეთა და ამ ჩვენების შინაარსი მიმოიხილა, არც შემდგომი თარიღებისთვის იძებნება. „ფაქტ-მეტრმა“ შესაბამისი წყაროს მოწოდების თხოვნით პოლიტიკურ პარტიას „საქართველოსთვის“ არაერთგზის მიმართა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ამ დრომდე არ მიგვიღია.
შესაბამისად, მამუკა ხაზარაძის კითხვა ყოფილ პრემიერს, თუ საიდან იცოდა მან მოსამართლესთან საუბრის შინაარსი, პასუხგაუცემელი რჩება, ხოლო გახარიას განცხადება, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, არის ტყუილი.
ანალიზი
ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში, გიორგი გახარიამ განაცხადა: „ხაზარაძე მაგისტრატ მოსამართლესთან ადვოკატთან ერთად მივიდა და თქვა, რომ შუამავალი ჩემი ოჯახის წევრი იყოო, ახლო ნათესავიო, ამიტო, მის წინააღმდეგ ჩვენებას არ მივცემო მაშინ, როდესაც ბადრი ჯაფარიძე ასეთი საერთოდ არ არის სამართლებრივად და იურიდიულად. ამ ადამიანებმა მოიკრიბონ გამბედაობა და თქვან, რაღაც მიზეზების გამო მაშინ ცრუობდნენ, ან რაღაც მიზეზების გამო დღეს ცრუობენ“.
აღნიშნული განცხადების ეთერში გაჟღერების შემდეგ, გადაცემის წამყვანს, სავარაუდოდ, Facebook- მესენჯერში მამუკა ხაზარაძემ მისწერა და სთხოვა ყოფილი პრემიერისთვის ეკითხა, თუ საიდან იცოდა მან მოსამართლესთან გამართული საუბრის შინაარსი. ამ კითხვის პასუხად, გიორგი გახარია ამბობს (01:05:00): „შინაარსი არ ვიცი კაცო... შინაარსი არ მითქვამს. თვითონ გამოვიდა და იქიდან, მისცა ინტერვიუ და თქვა ეს ყველაფერი. მე შინაარსი კი არ ვიცი... შინაარსს არ ვყვები. რო გამოვიდა იქიდან მოყვა ის ჩვენება რაც თქვა და იქ იყო კომენტარები და იქიდან ვიცი“.
„ფაქტ-მეტრმა“ გადაწყვიტა, აღნიშნული განცხადება გადაემოწმებინა.
მამუკა ხაზარაძის თქმით, 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მან წერილი მიიღო ხელისუფლებისგან, რომელშიც მმართველი პარტია სხვადასხვა მოთხოვნას უყენებდა, მათ შორის - „ტვ პირველის“ იმედის ტრენდზე გადასვლას. ხაზარაძე ამტკიცებდა, რომ წერილი მიიღო გიორგი გახარიასგან და ეს წერილი ექსპერტიზაზე იყო გაგზავნილი ლონდონშიც, სადაც მასზე 17 თითის ანაბეჭდი აღმოაჩინეს. 2019 წლის 21 ოქტომბერს ხაზარაძემ წერილი გადასცა პროკურატურას. ხაზარაძის მტკიცებით, წერილი სწორედ მაშინდელი შს მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან მოდიოდა. „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსანი აღნიშნულ ფაქტს დღემდე უარყოფს.
2018 წლის 26 და 31 დეკემბერს პროკურატურის შუამდგომლობით მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მისცა შესაბამისი ჩვენება. საქმე იყო გრიფით საიდუმლო და ამასთან, ანაკლიის პროექტის დაზიანების თავიდან ასაცილებლად, ხაზარაძემ ითხოვა, რომ 16 იანვრამდე, დაწყებული გამოძიების შესახებ ინფორმაცია არ გასაჯაროებულიყო.
საქმე შესაძლო ფულის გათეთრებას ეხებოდა, სადაც პროკურატურის პოზიციით, ერთი მხრივ - „თიბისი ბანკი“ და მეორე მხრივ - „სამგორი-M“ და „სამგორი ტრეიდი“, მონაწილეობდნენ.
უკვე 2019 წლის 9 იანვარს პროკურატურა ასაჯაროებს, რომ 2 აგვისტოს, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება - უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე, დაიწყო. პროკურატურამ ასევე გაასაჯაროვა, რომ დაკითხა მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი. პროკურატურამ ავთანდილ წერეთლის შვილი ვახტანგ წერეთელი, რომელიც „სამგორი M“-ის და „სამგორი თრეიდის“ სოლიდური წილის მფლობელი იყო, არ დაკითხა.
ამავდროულად აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ 2019 წლის 6 მარტს მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვის შემდგომ მამუკა ხაზარაძეს თავის განცხადებაშიც არაფერი უთქვამს იმ ჩვენების შინაარსზე, რომელიც მან მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მისცა.
Google-ის საძიებო სივრცეში განცხადება, სადაც მამუკა ხაზარაძე ამბობდა, რომ მან მაგისტრატი მოსამართლის წინაშე შუამავლის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცა, რადგან ის მისი ოჯახის წევრი იყო, არ იძებნება. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული განცხადების დასაზუსტებლად და იმ წყაროს მოწოდების თხოვნით რასაც ყოფილი პრემიერი ეყრდნობოდა პარტიას „საქართველოსთვის“ რამდენჯერმე დაუკავშირდა, თუმცა დაპირების მიუხედავად, მათი მხრიდან მსგავსი ინფორმაცია არ მიგვიღია.
იქიდან გამომდინარე, რომ დასახელებული შინაარსის განცხადების მოძიება ვერც ჩვენი მხრიდან მოხერხდა და არც გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებულმა პარტიამ „საქართველოსთვის“ მოგვაწოდა, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი გახარიას განცხადება არის ტყუილი.
რედაქტორის შენიშვნა: სტატიის გამოქვეყნების შემდგომ, თუ პარტია „საქართველოსთვის“ მოგვაწვდის მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენების მიცემის შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტირებისას - მოსამართლისთვის მიცემული ჩვენების შინაარსზე [მოცემულ კონტექსტში] საუბრობს, „ფაქტ-მეტრი“ სტატიაში შესაბამის ცვლილებას შეიტანს.
[1]„ფაქტ-მეტრი“ არ შედის მსჯელობაში ხაზარაძის მიერ ნამდვილად იყო, თუ - არა მსგავსი შინაარსის ჩვენება მიცემული, ვინაიდან აღნიშნული ჩვენების შინაარსი საჯარო არ არის.