დეზინფორმაცია: ავსტრალიაში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მილიონმა ადამიანმა გააპროტესტა
ვერდიქტი: მეტწილად მცდარი
სოციალურ ქსელში ვაქცინაციის საწინააღმდეგო დემონსტრაციებთან დაკავშირებით, დეზინფორმაცია ვრცელდება. ამჯერად, ორი Facebook-მომხმარებელი, რომელთა გავრცელებული ინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც ბევრჯერ შეუფასებია ყალბად, დეზინფორმაციას ავსტრალიაში გამართულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ავრეცელებს. შორე შანიძე და Nina Marji, 22 თებერვალს გამოქვეყნებულ პოსტებში აცხადებენ, რომ ავსტრალიაში „კოვიდ-ფაშიზმის“ გასაპროტესტებლად ერთი მილიონი ადამიანი გამოვიდა. Nina Marji-ის პოსტს დღემდე 897, ხოლო შორე შანიძის პოსტს 196 გაზიარება აქვს.
სინამდვილეში, ორივე პოსტის ავტორი მცდარ ინფორმაციას ავრცელებს. ავსტრალიაში ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა გამოსვლები 20 თებერვალს, რამდენიმე ქალაქში მართლაც დაიწყო, თუმცა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა ქალაქში ერთად, პროტესტანტთა საერთო რაოდენობა სულ რამდენიმე ათასს შეადგენდა. რაც შეეხება, Nina Marji-ის მიერ ნახსენებ სიდნეის დემონსტრაციებს, ავსტრალიაში მოქმედი სანდო საინფორმაციო წყარო, 9NEWS-ისა და The Guardian-ის განცხადებით, სიდნეიში კოვიდვაქცინის საწინააღმდეგო აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი იყო შეკრებილი.
გამოსვლები სხვადასხვა ქალაქში კონსპირაციული თეორიების სკანდირებით მიმდინარეობდა. მაგალითად, მელბურნის საპროტესტო აქციაზე ისმოდა მოწოდებები: „სავალდებულო კოვიდ ვაქცინაციის წინააღმდეგ“ („against mandatory Covid vaccinations“), რაც, თავის მხრივ, სიცრუეს წარმოადგენს, რადგან ავსტრალიაში ჯერ კიდევ თვეების წინ გაკეთდა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაცია ნებაყოფლობითი იქნებოდა. აღსანიშნავია სიდნეიში გამართულ აქციაზე ცნობილი მზარეული და კონსპიროლოგი - პიტ ევანსის სიტყვით გამოსვლა. ევანსი Facebook-სა და Instagram-იდან, პლატფორმების სტანდარტების დარღვევის, კერძოდ კი - Covid-19-ისა და ვაქცინაციის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების გამო, წაიშალა.
დემონსტრაციები ავსტრალიაში, 22 თებერვლიდან ვაქცინაციის პროგრამის დაწყების დაანონსებას, მოჰყვა. ამ დროისთვის, ავსტრალიის მთავრობის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინაცია ორი - Pfizer-BioNtech-ისა და Astra-Zeneca-ს ვაქცინებით მიმდინარეობს. მთავრობის გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პირველი ნაკადი ავსტრალიაში შემდეგ ჯგუფებზე ნაწილდება: საკარანტინო და სასაზღვრო ლოკაციებზე დასაქმებულები, ჯანდაცვის პერსონალი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და მოხუცებულთა სახლების ბენეფიციარები და მომუშავე პერსონალი.
-----------------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.
------------------------------------------------------------------