Facebook-ზე, ვაქცინაციასთან დაკავშირებით, მანიპულაციური სათაურის მქონე ინფორმაცია ვრცელდება
ვერდიქტი: ფაქტებით მანიპულირება
Mega TV-ის Facebook-გვერდზე, მანიპულაციური სათაურის მქონე სტატია ვრცელდება. „მართლა დაჩიპვაა, სად გაქრა ნემსი ვაქცინაციის დროს და რა უნდა იცოდეთ (+ვიდეო)”, - ფრაზა, როგორც უშუალოდ სტატიის, ასევე „Mega TV • მეგა TV“ -ის მიერ გაზიარებული პოსტის სათაურად გვხვდება. ამავე სტატიის ფოტოს, წყაროს ბმულის გარეშე, ასევე Facebook-გვერდი „ყველაფერი მედიცინაზე“, ავრცელებს.
რეალურად, უშუალოდ სტატიაში, საუბარია Facebook-მოხმარებელ „უბატონოს“ სახელით რეგისტრირებულ პიროვნების ვაქცინაციის ამსახველ ვიდეოზე. Mega TV-ის განცხადებით, ვიდეოს საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა. სწორედ, სავარაუდოდ, საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქციის საილუსტრაციოდ გვერდს მოყვანილი აქვს ვიდეოს თანადართული კომენტარები, რაც შემდგომ, ყოველგვარი მითითების გარეშე, სათაურად გამოიყენა.
უშუალოდ სტატიაში, ერთ-ერთი Facebook-მომხმარებლის მიერ, „უბატონოს“ ვიდეოს კომენტარებში მითითებული YouTube-ვიდეოს სახით, ვაქცინაციის დროს გამოყენებული ნემსის მოქმედების პრინციპი, სწორადაა ახსნილი. Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისას გამოყენებული ნემსის შესახებ გაურკვევლობა საზოგადოებაში აქამდეც არსებობდა, რასაც საერთაშორისო მედიაც გამოეხმაურა.
საბოლოო ჯამში, უშუალოდ Mega tv-ის სტატიაში გამოყენებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, თუმცა სტატიის სათაური და სათაურის იდენტური წარწერა Facebook-ის პოსტზე, მანიპულაციური ხასიათისაა, რადგან სათაური „მარ¬თლა და¬ჩიპ¬ვაა, სად გაქრა ნემსი ვაქცინაციის დროს და რა უნდა იცოდეთ (+ვიდეო)” , ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს სტატიაში აღნიშნულ ვიდეოში, ადამიანის სხეულში, ჩიპის შეყვანის ამსახველი კადრებია წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ სტატიაზე გადასვლისას მკითხველი სიმართლეს ეცნობა, სტატიის სათაურს მკითხველი შეცდომაში შეჰყავს.
რაც შეეხება Facebook-გვერდი „ყველაფერი მედიცინაზე-ს“ მიერ, ბმულის მითითების გარეშე გაზიარებულ ფოტოს, ის მკითხველისთვის კიდევ უფრო შეცდომაში შემყვანია, რადგან Mega TV-ისგან განსხვავებით, გვერდი „ყველაფერი მედიცინაზე“ მკითხველს სტატიის წაკითხვისა და დამატებითი ინფორმაციის გაცნობის საშუალებას არ აძლევს.
ვაქცინაციით ადამიანებში ჩიპის შეყვანის შესახებ მტკიცებები ანტივაქსერებს შორის ერთ-ერთ გავრცელებულ დეზინფორმაციას წარმაოდგენს (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).
როგორ მუშაობს Covid-19-ის ვაქცინაციისას გამოყენებული შპრიცი?
ვიდეოში ნაჩვენებ შპრიცს, „დასაკეცი შპრიცი“ ანუ ე.წ. უსაფრთხო შპრიცი (retractable syringe) ეწოდება. Reuters-ის ცნობით, დასაკეცი შპრიცები, უშუალოდ Pfizer-მა, რითიც, ვიდეოზე დაყრდნობით, Facebook-მომხმარებელი „უბატონო“ აიცრა, აცრების მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის უზრუნველყო. „პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ადმინისტრაციის“ (OSHA) განმარტების თანახმად, ნემსის გამოყენების შემდგომ, ნემსი კორპუსში ავტომატურად ბრუნდება, რაც ამცირებს უნებლიე ჩხვლეტით, როგორც პაციენტის, ისე მედდის კანის დაზიანების რისკებს.
დასაკეცი შპრიცის ფუნქციონირების შესახებ, იხილეთ ვიდეო.
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.
-------------------------------------------------