ავსტრია, შვეიცარია, ინდოეთი, ტარზანია უარს ამბობენ AstraZeneca-ს ვაქცინაზე

ვერდიქტი: მეტწილად მცდარი

Facebook-მომხმარებელი შორე შანიძე AstraZeneca-ს ვაქცინასთან დაკავშირებით, მეტწილად ყალბი ინფორმაციის შემცველ პოსტს ავრცელებს. „ავსტრია, შვეიცარია, ინდოეთი, ტანზანია უარს ამბობს ასტრა ზენეკაზე!“, - ნათქვამია პოსტში.

მტკიცება 1: ავსტრია AstraZeneca-ს ვაქცინაზე უარს ამბობს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

2021 წლის 31 იანვარს, ავსტრიულ საინფორმაციო გამოცემა ORF-ზე განთავსდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კანცლერი სებასტიან კურცისა და ჯანდაცვის მინისტრ რუდოლფ ანჰობერის განცხადებით, ქვეყანას სამოქმედო გეგმა AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით მზად აქვს და ის მზადაა, რაც შეიძლება მალე დაიწყოს მოსახლეობის ვაქცინაცია. შესაბამისად, ავსტრია იმ პირველ 5 სახელმწიფოს განეკუთვნება, რომელმაც AstraZeneca-ს ვაქცინა 6 თებერვალს მიიღო. ავსტრიას, ბოლო ცნობილი სამთავრობო უწყებების მონაცემებზე დაყრდნობით, AstraZeneca-ს ვაქცინის 79 200 დოზა აქვს მობილიზებული. რაც შეეხება AstraZeneca-ს ვაქცინაციის ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ავსტრიის მთავრობის რეკომენდაციებით, AstraZeneca-თი ვაქცინაცია უნდა მოხდეს 18-დან 64 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში, ხოლო Moderna-სა და BioNTech-ის ვაქცინების გამოყენება 64 წელს გადაცილებულ და მაღალი რისკის მქონე პაციენტებში უნდა მოხდეს. ავსტრიის მთავრობის ოფიციალური განცხადებით, AstraZeneca-ს ვაქცინაციის შეზღუდვა 64 წელს ზემოთ ასაკობრივი კატეგორიისთვის იმან გამოიწვია, რომ ავსტრიის მთავრობა, ამ ასაკობრივ ჯგუფების შესახებ ვაქცინაციის ტესტირების დროს, არასაკმარის მონაცემებს ფლობდა. აღნიშნული ინფორმაციიდან გამომდინარე, მცდარია მტკიცება, რომ ავსტრია უარს ამბობს AstraZeneca-ს ვაქცინის მიღებაზე. ავსტრიაში AstraZeneca-ს ვაქცინასთან დაკავშირებული ერთადერთი შეზღუდვა 64 წელს გადაცილებულ პაციენტებზე ვრცელდება, რომლებსაც აღნიშნული ვაქცინით არ აცრიან.

აღსანიშნავია, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა, ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) განცხადების მიხედვით, უსაფრთხოა და მისი გამოყენება 18 წელს ზემოთ, ნებისმიერი ასაკის პაციენტისთვისაა რეკომენდებული.

მტკიცება 2: შვეიცარია AstraZeneca-ს ვაქცინაზე უარს ამბობს

ვერდიქტი: სიმართლე

სიმართლეს შეესაბამება ინფორმაცია, რომ შვეიცარია, ამ ეტაპზე, AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებაზე უარს აცხადებს. 2021 წლის 29 იანვარს, ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) დაამტკიცა როგორც ვაქცინის უსაფრთხოება, ისე მისი ეფექტურობა და გასცა ავტორიზაცია მისი გამოყენების შესახებ. ნებისმიერი ვაქცინის გამოყენების ან რომელიმე ქვეყანაში დაშვების საკითხი კონკრეტული ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. 2 თებერვალს, შვეიცარიის სამთავრობო უწყებების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა შვეიცარიაში არ გამოიყენონ. ოფიციალური განცხადებით, ვაქცინის დაშვება შესაძლოა, ამერიკიდან ვაქცინის დამატებითი მესამე ფაზის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, თებერვლის ბოლოს მოხდეს. შეგახსენებთ, რომ ვაქცინის მესამე ფაზის შედეგებმა, რომელიც Lancet-მა გამოაქვეყნა, ბრიტანეთიდან, ბრაზილიიდან და სამხრეთ აფრიკიდან 17 177 მოხალისის მონაცემებზე დაყრდნობით, 82%-მდე ეფექტურობა და უსაფრთხოება აჩვენა.

მტკიცება 3: ინდოეთი AstraZeneca-ს ვაქცინაზე უარს ამბობს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ყალბია განცხადება იმის შესახებ, რომ ინდოეთმა AstraZeneca-ს ვაქცინაზე უარი თქვა. Facebook-მომხმარებლის მიერ პოსტის დაწერამდე, ორი დღით ადრე, გავცრელებული ინფორმაციით, უკვე ცნობილი იყო, რომ Covax-ის პლატფორმის საშუალებით ინდოეთი AstraZeneca-ს ვაქცინის 97 164 000 დოზას 2021 წლის პირველ და მეორე მეოთხედში მიიღებს. აქვე აღსანიშნავია, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის წარმოება ინდოეთში, სერუმის ინსტიტუტში - მსოფლიოს ყველაზე დიდ ვაქცინის საწარმოში ხდება.

მტკიცება 4: ტანზანია AstraZeneca-ს ვაქცინაზე უარს ამბობს

ვერდიქტი: ფაქტებით მანიპულირება

ტანზანია კორონავირუსის პანდემიის გამკლავების მხრივ განსაკუთრებულ ქვეყანას, იქიდან გამომდინარე, წარმოადგენს, რომ 2020 წელს, პანდემიის დაწყებიდან რამდენიმე თვეში, ტანზანიის პრეზიდენტმა - ჯონ მაგუფულიმ, ქვეყანა „კოვიდისგან თავისუფალ“ (Covid-free) ქვეყნად გამოაცხადა. პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, ტანზანიაში ლოქდაუნი მიხსნა, სკოლები გაიხსნა, მასიური სპორტული ღონისძიებებისა და რელიგიური შეკრებების ჩატარება შესაძლებელი გახდა. ამასთან ერთად, პრეზიდენტმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტესტირებები და საინფორმაციო კამპანია ვირუსის შესახებ, შეაჩერა. აღნიშნული გადწყვეტილებების მიღებისას, ქვეყნის პრეზიდენტის მთავარ არგუმენტს წარმოადგენდა ის, რომ ადამიანებმა შიშში ცხოვრება უნდა შეწყვიტონ, ღმერთის იწამონ და ტრადიციული აფრიკული მედიცინის დახმარების საშუალებით ვირუსი თავიდან აიცილონ. ტანზანია შესაძლოა, წარმოადგენდეს ერთადერთ ქვეყანას, რომელმაც მსგავსი რეფორმები გაატარა. აღნიშნული მიდგომა წინააღმდეგობაში მოდის ყველა იმ რეკომენდაციასთან, რომელიც აქამდე მეცნიერებს, ეროვნულ სამედიცინო სააგენტოებსა ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას გაუკეთებია. აქედან გამომდინარე, შორე შანიძის განცხადება იმის შესახებ, რომ ტანზანია უარს ამბობს AstraZeneca-ს მიღებაზე, ფაქტებით მანიპულირებას წარმოადგენს, რადგან ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ქვეყნის მთავრობას უშუალოდ AstraZeneca-ს უსაფრთხოებაში ეპარება ეჭვი. რეალურად, ქვეყნის მთავრობა, უკვე თვეების განმავლობაში, თავისი ქმედებებით ყველა იმ მიღებულ პრაქტიკას ეწინააღმდეგება, რაც პანდემიასთან გამკლავების პროცესში რეკომენდირებული და სამეცნიერო კვლევებით გამყარებულია. აქედან გამომდინარე, ტანზანიის მთავრობა უარს ამბობს არა მხოლოდ AstraZeneca-ს, არამედ ნებისმიერ Covid-19-ის საწინააღმეგო ვაქცინის მიღებაზე და მოსახლეობას ვირუსთან გასამკლავებლად, ტრადიციული - ჯინჯერის, ლიმონისა და ნივრისგან დამზადებული აფრიკული სამკურნალო საშუალებების გამოყენებას ურჩევს. ქვეყნის მთავრობის გაცხადებული პოზიციის მიხედვით, მოსახლეობის ვაქცინაცია დღის წესრიგში საერთოდ არ დგას.

----------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები: