ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელიც 14 წლის გოგონას ეხება, კიდევ ერთი ყურადსაღები დეტალი გამოკვეთა - გარდაცვლილი გოგონას დედის კომენტარი აშკარად მიუთითებს, რომ ის თვითონაც მსხვერპლია. გოგონას დედა ჟურნალისტებთან ჰყვება, რომ ის 24 წლის ასაკში დაქვრივდა, მამამთილის მხრიდან ზეწოლას ვერ გაუძლო და იძულებული გახდა, სახლიდან წასულიყო. ქმრის ოჯახმა მცირეწლოვანი შვილების წაყვანის უფლება არ მისცა. ქალი ტრაგედიამდე თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაოდ იმყოფებოდა.

ეს ერთადერთი შემთხვევა არაა, როცა ქალის უფლებები შეზღუდულია და ის მხარდაჭერას, გაძლიერებას საჭიროებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 ნაწილში გარკვევით წერია: „სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისთვის; სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად“, სამწუხაროდ, ქალების საკმაოდ სოლიდურმა ნაწილმა საკუთარი უფლებებისა და მათი დაცვის საშუალებების შესახებ ჯერაც არაფერი იცის.

საქართველოს პარლამენტის მიერ 1994 წელს რატიფიცირებულ „ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის“ პირველივე მუხლში წერია: „დისკრიმინაცია ქალთა მიმართ“ ნიშნავს ნებისმიერ განსხვავებას, გამონაკლისობას ან შეზღუდვას სქესის ნიშნით, რომელიც ლახავს ან არარად აქცევს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, მოქალაქეობრივ ან სხვა რაიმე სფეროში მამაკაცთა და ქალთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ქალთა მიერ, მათი ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების აღიარებას, სარგებლობის განხორციელებას.“

ქალთა უფლებების დასაცავად სახელმწიფოს არაერთი დოკუმენტი და რესურსი აქვს. მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობები, რომელთა საქმიანობაც „ადგილობრივი თვითმმართველობების კოდექსით“ განისაზღვრება.

აღნიშნული კოდექსის მე-16 მუხლში გაწერილი უფლებამოსილებების ჩამონათვალი გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციას, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებას მოიცავს.

ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი აკისრია გენდერული თანასწორობის საბჭოებს, რომელთა ფორმირებაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში 2017 წლიდან დაიწყო. მათ ფუნქციას საზოგადოებაში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის, გენდერული თანასწორობის შესახებ მეტი ინფორმაციის შეტანა, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის გათვალისწინებით დაგეგმვა წარმოადგენს. თუმცა, როგორც საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშშია აღნიშნული, გენდერული საბჭოების საქმიანობა ჯერაც ფრაგმენტული და არასისტემურია, რაც პირდაპირ აისახება მოსახლეობის ცნობიერების დონეზე. სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებთან გამართული საინფორმაციო შეხვედრები ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობაში ქალთა მიმართ ძალადობის გამოვლენისა და მათ მიერ მსხვერპლის დასაცავად სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებას. სახალხო დამცველმა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გამოავლინა შემთხვევები, როცა ადგილობრივი მოსახლეობა, პოლიცია, სოციალური მუშაკი და მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი თემში მცხოვრები მოძალადის შესახებ ინფორმაციას ფლობენ, თუმცა კონკრეტული ჩარევა და მსხვერპლის დასახმარებელი ღონისძიებები არ ტარდება. პრობლემად რჩება ოჯახში ძალადობის პრევენცია და მსხვერპლთა/გადარჩენილთა მხარდამჭერი სერვისებით უზრუნველყოფა.

ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა, გაგაცნოთ, რა ძირითადი ფუნქციები აქვს გენდერული თანასწორობის საბჭოებს და ამას ბათუმის მუნიციპალიტეტის მაგალითზე განვიხილავთ.

ბათუმის გენდერული თანასწორობის საბჭო 2018 წლის 27 დეკემბერს შეიქმნა. დებულების თანახმად, საბჭო არის საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილებზე დისკრიმინაციის გამოვლენის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების მიზნით.

საბჭოს ძირითად მიზნებსა და ამოცანებს შორის არის გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ; ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირების პროცესში გენდერული ანალიზის დანერგვა; ადგილებზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველყოფა; გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის გაზრდა, პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა; მუნიციპალური პროგრამების ანალიზი და გენდერულად მგრძნობიარე საკითხების წარმოსაჩენად ან არსებული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად შესაბამისი წინადადებების შემუშავება; გენდერული თანასწორობის დარღვევის შესახებ წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის, სხვა ინფორმაციის განხილვა და, კომპეტენციის ფარგლებში, რეაგირების მოხდენა, რეკომენდაციების შემუშავება და სხვა.

იმისთვის, რომ გაგვერკვია, როგორ მუშაობს ბათუმის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭო, მის მიერ 2019-2020 წლებში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში გამოვითხოვეთ. როგორც აღმოჩნდა, საბჭომ ძირითადად დოკუმენტებზე იმუშავა, როგორიცაა დადგენილების მომზადება და დამტკიცება; საბჭოს შემადგენლობის დამტკიცება, ფუნქციების გადანაწილება, საკრებულოს ვებგვერდზე საბჭოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის განთავსება, ასევე საბჭოს სხდომების შესახებ მასალების გამოქვეყნება; ფუნქციონირებს ბათუმის გენდერული თანასწორობის საბჭოს Facebook გვერდი, რომელზეც განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაციებია ატვირთული.

მუნიციპალიტეტში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად, მერიისთვის, საკრებულოსთვის, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოებისთვის მომზადებული და წარდგენილია წინადადებები და რეკომენდაციები. ასევე შექმნილია საჯარო მოხელეთა სტატისტიკურ მონაცემთა ერთიანი ბაზა გენდერულ ჭრილში, რომელიც პერიოდულად უნდა განახლდეს.

საბჭოს მიერ მოხელეებისთვის ჩატარებულია ექვსი ტრენინგი, გენდერული მეინსტრიმინგის საკითხებზე, ასევე -ონლაინკამპანიები ძალადობის წინააღმდეგ და ქალთა უფლებების დაცვის თემების პოპულარიზაციისთვის (დანართი 1).

როგორც ფაქტ-მეტრისთვის მოწოდებული ინფორმაცია ცხადყოფს, გეგმის ნაწილი, პანდემიიდან გამომდინარე, ვერ შესრულდა. მაგალითად: საბჭოს დაგეგმილი აქვს გენდერული ბიუჯეტის დანერგვა, თუმცა ამ მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების ნაწილი, როგორც გვაცნობეს, პანდემიის გამო, 2021 წლისთვის გადაიდო. კერძოდ, ტრენინგები; ბიუჯეტის ანალიზი გენდერულ ჭრილში; პრიორიტეტებისა და პროგრამების საჭიროებების კვლევა გენდერული ასპექტების გათვალისწინებით; შეხვედრები ფოკუსჯგუფებთან, ქალთა საჭიროებების კვლევისა და ბიუჯეტში ასახვის მიზნით; გენდერული ნიშნით წარმატებული პროგრამების გამოვლენა და რეკომენდაციების შემუშავება; კულტურის, სპორტის სფეროში მოსახლეობის საჭიროებათა კვლევა; სკოლამდელ და სკოლისგარეშე დაწესებულებათა კვლევა; საჯარო სკოლების, უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლების კონტინგენტისთვის საინფორმაციო შეხვედრებისა და დისკუსიების ორგანიზება; ბათუმის მოსახლეობის დასაქმების საჭიროებათა კვლევა გენდერულ ჭრილში და სხვა.

გადაიდო ქალებსა და გოგონებზე ძალადობის ყველა ფორმის, მათ შორის, სექსუალური და გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის, ასევე - ადრეული ქორწინების პრევენციის ღონისძიებები.

საბჭოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებებიდან, პანდემიიდან გამომდინარე, ვერ განხორციელდა ჯამში ოცდათხუთმეტი ღონისძიება, რომელთა ნაწილის განხორციელება შესაძლებელი იყო ონლაინრეჟიმში. მაგალითად: საინფორმაციო სტრატეგიის დოკუმენტის მიღება, ქალთა უფლებებსა გენდერული თანასწორობის საკითხებზე სკოლის მოსწავლეების, ახალგაზრდებისა და პედაგოგების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით დაგეგმილი შეხვედრები, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული პროგრამების გენდერული ანალიზი და სხვა.

როგორც ვხედავთ, საბჭოს მიერ განხორციელებული აქტივობები საზოგადოების ფართო სპექტრს ვერ გასწვდა. ზოგიერთი მათგანის განუხორციელებლობა მართლაც პანდემიით გამოწვეულ შეზღუდვებს უკავშირდება. თუმცა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების სპეციფიკური საჭიროებების შესწავლა და სამოქმედო გეგმებში მათი ასახვა, გენდერული ბიუჯეტირების პრაქტიკულ დონეზე დანერგვა და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული მიზნობრივი პროგრამების განხორციელება ის საკითხებია, რომლებზე მუშაობის რეკომენდაციასაც საბჭოებს სახალხო დამცველი აძლევს და გენდერული სტერეოტიპების აღმოფხვრისკენ მიმართული კამპანიების განხორციელებას ურჩევს.

აღსანიშნავია, რომ გარკვეული აქტივობები საბჭომ სხვა ღონისძიებებით ჩაანაცვლა, თუმცა ეს აქტივობები გრძელვადიან შედეგსა და ოჯახების გაძლიერებაზე ორიენტირებული ვერ იქნებოდა და მხოლოდ პანდემიით გამოწვეული სოციალური პრობლემების პირობებში, ერთჯერად ხასიათს ატარებდა. კერძოდ, საბჭო საკუთარი სახსრებით, საკვებით დაეხმარა უსტატუსო მარტოხელა დედებს; ტანსაცმლითა და საკანცელარიო ნივთებით - ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა (თავშესაფრის ბენეფიციარების) შვილებს; სურსათითა და ჰიგიენური ნივთებით - ხანძრით დაზარალებულ მრავალშვილიან ოჯახებს. ასევე IRI-ის მხარდაჭერით, დახმარება გაუწია თვითდასაქმებულ ქალებს, რომლებიც ამზადებენ სხვადასხვა ნივთს და არ ჰქონდათ ონლაინგაყიდვის გამოცდილება. მათთვის ონლაინმარკეტინგისა და digital communication-ის უფასო ტრენინგი ჩატარდა. ( დანართი 2 )

ფოტო:ბათუმის გენდერული თანასწორობის საბჭო

თეგები: