ბიძინა ივანიშვილი: ბოლო 8 წელიწადში საქართველომ, მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით, დაბალი საშუალო შემოსავლის ჯგუფიდან მაღალი საშუალო შემოსავლის ჯგუფში გადაინაცვლა.
ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე
რეზიუმე:
მსოფლიო ბანკი ქვეყნებს, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული შემოსავლის მაჩვენებლების მიხედვით, ქვეყნებს მაღალშემოსავლიანი, დაბალშემოსავლინი და საშუალოზე მაღალი ან საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების კატეგორიებში აქცევს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2012, 2013, 2014, 2016, 2017 წლებში, საქართველო საშუალოზე დაბალშემოსავლიანი ქვეყნების ჯგუფშია შეყვანილი, ხოლო 2015, 2018 და 2019 წლებში საშუალოზე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების ჯგუფში, რადგან ამ წლებში, მთლიანი ეროვნული შემოსავლის (მეშ) მონაცემები შესაბამის კატეგორიაში ექცეოდა. თუმცა, ბოლო წლებში, მეთოდოლოგიური ცვლილებების გამო, საქართველოს მეშ-ის მონაცემები ერთ სულ მოსახლეზე ორჯერ გადაიხედა. პირველად, მოსახლეობის საყოველთაო აღწერის, ხოლო მეორედ, მთლიანი შიდა პროდუქტის სტატისტიკის ახალი მეთოდოლოგიით დაანგარიშების შედეგად. ორივე ცვლილებას, მეშ-ის მაჩვენებლების ზრდა მოჰყვა და, ტექნიკურად, ამ ცვლილებების შემდეგ, საქართველო საშუალოზე მაღალშემოსავლიანი ქვეყნის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს 2012 წლიდან. აღნიშნულის მიუხედავად, ისტორიული კლასიფიკაცია მსოფლიო ბანკს არ შეუცვლია, რაც სავარაუდოდ ორგანიზაციის პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენს. კონკრეტულ წელს, კონკრეტულ ჯგუფში არსებული ქვეყნების მიმართ ორგანიზაცია განსხვავებულ პოლიტიკას ატარებს, რაც პრაქტიკულ მიდგომაა, ხოლო ისტორიული დინამიკის განხილვისას, საჭიროა დამატებითი კონტექსტის და ინფორმაციის შემოტანა.
ანალიზი:
ბიძინა ივანიშვილის პოსტს პოლიტიკიდან წასვლის შესახებ დანართი ახლავს, სადაც შემდეგი განცხადებაა წარმოდგენილი: ბოლო 8 წელიწადში საქართველომ მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით, დაბალი საშუალო შემოსავლის ჯგუფიდან მაღალი საშუალო შემოსავლის ჯგუფში გადაინაცვლა.
მსოფლიო ბანკი მსოფლიოს ეკონომიკას ანაწილებს შემოსავლის ოთხ ჯგუფად - დაბალშემოსავლიანი, საშუალოზე დაბალშემოსავლიანი, საშუალოზე მაღალშემოსავლიანი და მაღალშემოსავლიანი ქვეყნები. კლასიფიკაცია ყოველწლიურად ახლდება და ატლასის მეთოდით [1] ერთ სულ მოსახლეზე დათვლილ მთლიანი ეროვნული შემოსავლის მაჩვენებელს ემყარება. მთლიანი ეროვნული შემოსავალი (მეშ) არის რეზიდენტების მიერ ქვეყნის ეკონომიკურ ტერიტორიაზე და დანარჩენი მსოფლიოდან დარიცხული პირველადი (ხელფასი, მოგება, შერეული შემოსავლები) და საკუთრებიდან (დივიდენდი, რენტა) წმინდა (მისაღები გასაცემის გამოკლებით) შემოსავლების ჯამი. სხვა თანაბარ პირობებში, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა, მთლიანი ეროვნული შემოსავლის ზრდას იწვევს.
მიმდინარე ზღვრები წარმოდგენილია ცხრილ 1-ში, საშუალოზე მაღალშემოსავლიან ჯგუფი მოიცავს ქვეყნებს, რომელთა ატლასის მეთოდით გათვლილი მეშ ერთ სულზე მინიმუმ 4046 დოლარს შეადგენს.
ცხრილი 1: ქვეყნების კლასიფიკაცია შემოსავლების მიხედვით
წყარო: მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგია
მსოფლიო ბანკის მონაცემების არქივში (არქივი) 2012, 2013, 2014, 2016, 2017 წლებში, საქართველო საშუალოზე დაბალშემოსავლიან ჯგუფშია შეყვანილი, ხოლო 2015, 2018 და 2019 წლებში საშუალოზე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების ჯგუფში, რადგან ამ წლებში, მეშ-ის მონაცემები შესაბამის ჯგუფებში ექცეოდა. თუმცა, აღნიშნულ პერიოდში, მეშ-ის სტატისტიკის მნიშვნელოვანი ცვლილება ორჯერ მოხდა, მეთოდოლოგიური ცვლილებების გამო. 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგად, ქვეყნის მოსახლეობის ოდენობა, ძველი აღწერის შესაბამისად დაანგარიშებულ მონაცემებთან შედარებით, 4.5 მლნ-დან 3.7 მლნ-მდე შემცირდა. ახალი აღწერით, მოსახლეობის რაოდენობის მნიშვნელოვანად შემცირების მიზეზად 2002 წლის საყოველთაო აღწერაში არსებული უზუსტობები და გარე მიგრაციული ნაკადები დასახელდა (იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია). აღნიშნულ ცვლილებას, ერთ სულზე გაანგარიშებული ეკონომიკური აგრეგატების, მათ შორის მთლიანი ეროვნული შემოსავლის ზრდაც მოყვა. აღნიშნულის შემდეგ, 2019 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალი მეთოდოლოგიის დამკვიდრების შედეგად მიღებული მთლიანი შიდა პროდუქტის ახალი მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რამაც სხვადასხვა წელს, საქართველოს მშპ-ს მაჩვენებლის დაახლოებით 2-დან 3.5 მლრდ ლარამდე ზრდა გამოიწვია.
გრაფიკ 2-ზე წარმოდგენილია ერთ სულზე მთლიანი ეროვნული შემოსავლის ატლასის მეთოდით გათვლილი სტატისტიკის ცვლილება, მეთოდოლოგიური განახლებების შედეგად. მიმდინარე, ოფიციალური სტატისტიკა გამოსახულია წითელ მრუდზე, ხოლო ეას (ეროვნულ ანგარიშთა სისტემა) 1993 სტანდარტებით შედგენილი მაჩვენებლები მოძიებულია ფაქტ-მეტრის საარქივო მონაცემებიდან, შესაბამისად, მხოლოდ საორიენტაციო ხასიათს ატარებს.
გრაფიკი 2: მთლიანი ეროვნული შემოსავლის მატება ერთ სულზე საქართველოში (აშშ დოლარი), მეთოდოლოგიური განახლებების შემდგომ [2]
წყარო: მსოფლიო ბანკი, ფაქტ-მეტრის არქივი
[1] ატლასის მეთოდი არბილებს გაცვლითი კურსის მერყეობის ფაქტორს, გაცვლითი კურსის სამ წლიანი საშუალო მაჩვენებლის გამოყენებით.
[2] UM (Upper Middle Income, საშუალოზე მაღალშემოსავლიანი ჯგუფი) დიაგრამა წარმოადგენს აღნიშნული ჯგუფის ზღვარს